Levocetirizine Normon - ლევოცეტირიზინი ნორმონი 5მგ 20 ტაბლეტი
ჩვენება: ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ქრონიკული ციება
1. რას წარმოადგენს და მისი გამოყენება
ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი ლევოცეტირიზინი ნორმონის აქტიური ნივთიერებაა. ლევოცეტირიზინი ნორმონი წარმოადგენს ანტიალერგიულ მედიკამენტს.
ის გამოიყენება დაავადების ნიშნების (სიმპტომების) სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია:
- ალერგიულ რინიტთან (მათ შორის პერსისტიულ ალერგიულ რინიტთან);
- ქრონიკულ ჭინჭრის ციებასთან (იდიოპათიურ ქრონიკულ ურტიკარიასთან).
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლევოცეტირიზინი ნორმონის მიღებამდე
დაუშვებელია ლევოცეტირიზინი ნორმონის მიღება:
• თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის ან ლევოცეტირიზინი ნორმონის შემადგნელობაში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. „რას შეიცავს ლევოცეტირიზინი ნორმონი 5 მგ“);
• თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის მძიმე დაზიანება (თირკმლის მძიმე უკმარისობა კრეატინინის კლირენსით ნაკლები ვიდრე 10 მლ/წთ).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ლევოცეტირიზინი ნორმონის მიღებისას
- ლევოცეტირიზინი ნორმონი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამჟამად ხელმისაწვდომი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ იძლევა დოზის მისადაგების საშუალებას.
სხვა მედიკამენტები და ლევოცეტირიზინი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
ლევოცეტირიზინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
სიფრთხილეა საჭირო თუ ლევოცეტირიზინი ნორმონის მიღება ხდება ალკოჰოლთან ერთად.
მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ალკოჰოლთან ან სხვა ცენტრალურად მოქმედ საშუალებებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ეფექტები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თუმცა რაცემიკულმა ცეტირიზინმა არ მოახდინა ალკოჰოლის ეფექტის გაძლიერება.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის ფეხმძიმობის, ფეხმძიმობის დაგეგმვის ან ძუძუთი კვების შესახებ.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
ზოგიერთ პაციენტს ლევოცეტირიზინი ნორმონის მიღების შედეგად შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა, დაღლილობა და უკიდურესი დაღლილობა. თუ პაციენტი აპირებს ავტომობილის მართვას, პოტენციურად სახიფათო მოქმედებების შესრულებას ან მექანიზმების მართვას, რეკომენდებულია პაციეტმა დაიცადოს და დააკვირდეს, თუ როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი. თუმცა, სპეციალურმა ტესტებმა არ გამოავლინა ფსიქიკური აქტივობის, რეაქციის უნარის ან მართვის უნარის რაიმე დაზიანება ჯანმრთელ პირებში ლევოცეტირიზინის რეკომენდებული დოზებით მიღების შემდეგ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლევოცეტირიზინი ნორმონის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.
3. ლევოცეტირიზინი ნორმონის მიღების წესი
ლევოცეტირიზინი ნორმონის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისა და 6 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის არის ერთი ტაბლეტი დღეში.
თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში ინიშნება უფრო დაბალი დოზა თირკმლის დაავადების სიმძიმის მიხედვით.
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის დაზიანება, უნდა მიიღონ ჩვეულებრივი დოზა.
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ როგორც ღვიძლის, ისე თირკმლის ფუნქციის დაზიანება, უნდა მიიღონ უფრო დაბალი დოზა თირკმლის დაავადების სიმძიმის მიხედვით, და ბავშვებში დოზა შერჩეულ უნდა იქნას სხეულის წონის მიხედვით. დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ლევოცეტირიზინი ნორმონი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად და მისი მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.
ლევოცეტირიზინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდენობით დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა მოზრდილებში. ბავშვებში თავიდან შეიძლება აღინიშნოს აგზნება და მოუსვენრობა, რომლესაც მოსდევს ძილიანობა.
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 915 620 420.
ლევოცეტირიზინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
ლევოცეტირიზინი ნორმონის მიღების დავიწყებისას ან ექიმის მიერ დანიშნულზე უფრო დაბალი დოზის მიღებისას, დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.
ლევოცეტირიზინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
ლევოცეტირიზინი ნორმონით მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტას არ აქვს უარყოფითი ეფექტები, კერძოდ, დაავადების სიმპტომები პროგრესულად ისევ შეიძლება განვითარდეს იმ სიმძიმით, რომელიც არ იქნება უფრო მძიმე, ვიდრე ლევოცეტირიზინი ნორმონით მკურნალობის დაწყებისას.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ლევოცეტირიზინი ნორმონმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქვემოთ ჩამოთვლილია განვითარების სიხშირის მიხედვით და ორგანოების და/ან სისტემების მიხედვით.
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 10-დან არაუმცირეს 1 ნამკურნალებ პაციენტში);
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 100-დან არაუმცირეს 1 ნამკურნალებ პაციენტში, მაგრამ 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 1000-დან არაუმცირეს 1 ნამკურნალებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 10.000-დან არაუმცირეს 1 ნამკურნალებ პაციენტში, მაგრამ 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ პაციენტში);
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).
ფსიქიკური დარღვევები: სიხშირე უცნობია: აგრესიული ან აჟიტირებული ქცევა
ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი: ძილიანობა; სიხშირე უცნობია: გულყრები.
თვალის დარღვევები: სიხშირე უცნობია: მხედველობის დარღვევები, ოკულოგირაცია (თვალების უკონტროლო, წრიული მოძრაობა).
გულის დარღვევები: სიხშირე უცნობია: გულის თრთოლვა.
სუნთქვითი, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები: სიხშირე უცნობია: ქოშინი.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები: ხშირი: პირის სიმშრალე; არახშირი: მუცლის ტკივილი; სიხშირე უცნობია: გულისრევა.
ჰეპატობილიარული დარღვევები: სიხშირე უცნობია: ჰეპატიტი.
კანის ან კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: სიხშირე უცნობია: შეშუპება, ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება (კანის შეშუპება, სიწითლე და ქავილი).
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: სიხშირე უცნობია: კუნთების სისუსტე.
ზოგადი დარღვევები: ხშირი: თავის ტკივილი და დაღლილობა. არახშირი: უკიდურესი დაღლილობა.
დამატებითი ანალიზები: სიხშირე უცნობია: წონის მომატება, ღვიძლის ფუნქციის ცვლილება.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის პირველი ნიშნებისთანავე უნდა შეწყდეს ლევოცეტირიზინი ნორმონის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: პირის, ენის, სახის და/ან ყელის შეშუპებას, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას ჭინჭრის ციებასთან ერთად (ანგიონევროზული შეშუპება), არტერიული წნევის უეცარ დაცემას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი ან შოკი, რაც შეიძლება ლეტალური აღმოჩნდეს.
თუ განვითარდება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში ან რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს მძიმე ხასიათს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
5. ლევოცეტირიზინი ნორმონის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომების გატარება ემსახურება გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ლევოცეტირიზინი ნორმონი 5 მგ
- აქტიური ნივთიერებაა ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, დაბალი ჩანაცვლების ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), ტალკი და მაკროგოლი 6000.
Units | 20 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account