Corvitol - კორვიტოლი(მეტოპრ) 50მგ 50 ტაბლეტი

5,51 ლ
მარაგშია
SKU
3494_46

ჩვენება: მაღალი არტერიული წნევა, კორონარული არტერიების დაავადებები, გულის მუშაობის დარღვევები, შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობა

კორვიტოლი® 50-ის აღწერა და გამოყენება
კორვიტოლი® 50 შეიცავს მოქმედ ნივთიერებას მეტოპროლოლს, ე.წ. ბეტა-ბლოკერს.

პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის გამოყენების ჩვენება:
- მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია)

- კორონარული არტერიების დაავადებები (გულის კორონარული დაავადება)

- გულის მუშაობის დარღვევები, რომლებიც ზოგადად ცნობილია სახელწოდებით ~ჰიპერკინეტიკური კარდიალური სინდრომი~

- გულის რიტმის დარღვევა გულის შეკუმშვის სიხშირის გაზრდით (ტაქიკარდიული არითმია)

- მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი ხანგრძლივი პროფილაქტიკური მკურნალობა (მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა);

- შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობა (შაკიკის პროფილაქტიკა).

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის მიღების წინ
პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის გამოყენება არ შეიძლება თუ გაქვთ:

- ალერგია მოქმედი ნივთიერების - მეტოპროლოლის ან სხვა ბეტა-ბლოკერების, ასევე მოცემული სამკურნალო საშუალების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (რომლებიც მითითებულია პარაგრაფში 6).

- გულის უკმარისობა

- შოკი

- გამტარებლობის დარღვევები (მეორე ან მესამე ხარისხის AV-ბლოკადა ან სინოატრიალური ბლოკადა)

- გულის სინოატრიალური კვანძის განსაზღვრული დარღვევა (სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი)

- ძალიან ნელი პულსი მკურნალობის დაწყების წინ (ბრადიკარდია; წუთში 50-ზე ნაკლები)

- არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება (ჰიპოტენზია; სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ ვწ. სვ. ნაკლები)

- სისხლის მომატებული მჟავიანობა (აციდოზი)

- მიდრეკილება ბრონქული სპაზმის მიმართ (ბრონქული ჰიპერრეაქტიულობა, მაგალითად, ასთმის დროს)

- სისხლძარღვების მძიმე დაავადებები

- გარკვეული ტიპის ანტიდეპრესანტების მიღება (მაო-A ინჰიბიტორები).

პრეპარატ კორვიტოლი® 50-ით მკურნალობის კურსის ჩატარებისას არ შეიძლება გარკვეული სამკურნალო საშუალებების, რომლებიც გამოიყენება გულის მუშაობის დარღვევების დროს (ვერაპამილისა და დილთიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები) ან სხვა ანტიარითმული საშუალებების (როგორიცაა, დიზოპირამიდი) (ინტენსიური თერაპიის შემთხვევების გამოკლებით) ინტრავენურად შეყვანა.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ მკურნალ ექიმს:

- თუ გაქვთ გულის გამტარებლობის მსუბუქი ხარისხის დარღვევა (პირველი ხარისხის AV-ბლოკადა)

- თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი სისხლში შაქრის შემცველობის ძლიერი მერყეობით

- ხანგრძლივი შიმშილობის ან მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში

- თუ აღმოგაჩნდათ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, სახელწოდებით ~ფეოქრომოციტომა~

- თუ გაქვთ დარღვეული ღვიძლის ფუნქცია (იხ. ასევე პარაგრაფი 3 ~კორვიტოლი® 50-ის მიღების წესი~).

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს აღენიშნებოდათ კანის ქრონიკული დაავადების – ფსორიაზის შემთხვევები. ამ შემთხვევაში მოცემული პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის მიერ პრეპარატის სარგებელისა და რისკის საგულდაგულო შეფასების შემდეგ. ცალკეულ შემთხვევებში ბეტა-ბლოკერებმა (როგორიცაა კორვიტოლი® 50) შესაძლოა გამოიწვიოს ფსორიაზის გამოვლინების პროვოცირება, ამ დაავადების სიმპტომების გაუარესება ან კანზე ფსორიაზის მსგავსი გამონაყარის გამოვლენა (იხ პარაგრაფი 4 ~შესაძლო გვერდითი მოქმედება~).

თქვენი მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას კორვიტოლი® 50-ით მკურნალობის შესაძლებლობის შესახებ, თუ ანამნეზში გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქციები ან იღებთ თერაპიას ალერგიული რეაქციების შემცირების ან მოხსნის მიზნით (ჰიპომასენსიბილიზებელი თერაპია). მოცემულ პრეპარატს შეუძლია მგრძნობელობის გაზრდა ალერგიის გამომწვევი ნივთიერებების მიმართ და ზოგადი მწვავე ალერგიული რეაქციების სიმძიმის ხარისხის გაძლიერება (ანაფილაქსიური რეაქციები).

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ გაწუხებთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები. კორვიტოლი® 50-ს შეუძლია შენიღბოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომების მომატება (თირეოტოქსიკოზი).

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის განსაკუთრებით საჭიროა სისხლში შაქრის დონის რეგულარული შემოწმება. კორვიტოლი® 50-ს შეუძლია შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი დონის მანიშნებელი სიმპტომები, განსაკუთრებით, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება და ხელის თითების კანკალი.

თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატ კორვიტოლი® 50-ით მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ თირკმელების ფუნქციის მუდმივი დაკვირვების პირობებში. ამიტომ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა.

კონტაქტური ლინზების ტარების დროს ყურადღება მიაქციეთ საცრემლე სითხის გამოყოფის დაქვეითების შესაძლებლობის შესახებ კორვიტოლი® 50-ის გამოყენებისას.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

გავლენა დოპინგის ტესტზე და პრეპარატის არასათანადო გამოყენება დოპინგის სახით

პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დოპინგის ტესტის დადებითი შედეგის პროვოცირება.

დოპინგის სახით პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის არასათანადო გამოყენების შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია; ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება შეიძლება საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის.

პრეპარატ კორვიტოლი® 50-ისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ახლო წარსულში იღებდით/იყენებდით ან შეიძლება მიგეღოთ/გამოგეყენებინათ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

აღნიშნული მოთხოვნა უკავშირდება იმას, რომ კორვიტოლმა® შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატ კორვიტოლის® მოქმედებაზე.

არ შეიძლება პრეპარატ კორვიტოლი® 50-თან ერთად გარკვეული ტიპის ანტიდეპრესანტების მიღება, რომლებსაც ეწოდება მონოამინოქსიდაზის-A (MAO-A) ინჰიბიტორები.

აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

- მაღალი არტერიული წნევის დამაქვეითებელი ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება

- ნებისმიერი ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალება, რომლებიც ძირითადად გამოიყენება გულისა და სისხლძარღვების დაავადებების სამკურნალოდ:

- ნიფედიპინის, ვერაპამილის ან დილთიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები

- რეზერპინი, ალფა-მეტიდოპა, გუანფაცინი და კლონიდინი

- დიზოპირამიდი, ქინიდინი ან პროპაფენონი, ასევე გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო სხვა პრეპარატები

- სამკურნალო საშუალებები სახელწოდებით ~საგულე გლიკოზიდები~

- ნიტროგლიცერინი

- შარდმდენი საშუალებები (დიურეზულები)

- სამკურნალო საშუალებები სახელწოდებით ~ვაზოდილატატორები~

- გარკვეული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების თერაპიისთვის:

- მაგალითად, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, ბუპროპიონი, თიორიდაზინი

- ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ფენოთიაზინები

- გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ

- MAO-B ინჰიბიტორები

- გარკვეული პეპარატები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ

- ანტიჰისტამინური პრეპარატები, როგორიცაა დიფენჰიდრამინი

- პრეპარატები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ანთებითი და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ

- დექსამეტაზონი

- პრეპარატები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება რევმატიული დაავადებების თერაპიისთვის

- ინდომეტაცინი

- გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ

- მაგალითად, ტერბინაფინი

- გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ვირუსული დაავადებების თერაპიისთვის

- მაგალითად, რიტონავირი

- გარკვეული პრეპარატები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ

- მაგალითად, ჰიდროქსიქლოროქინი ან ქინინი

- პრეპარატები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ტუბერკულოზისა და კეთრის სამკურნალოდ

- რიფამპიცინი

- გარკვეული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება კუჭის წვენის მჟავიანობის დასაწევად

- მაგალითად, ციმეტიდინი

- ინსულინი ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის მომატებული დონის დასაქვეითებლად.

ამ პრეპარატების მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ან გახანგრძლივდეს. აგრეთვე შეიძლება აღინიშნოს სისხლში შაქრის დაქვეითება. კორვიტოლი® 50 ნიღბავს ან ამცირებს სისხლში შაქრის დაბალი დონის მანიშნებელ სიმპტომებს, განსაკუთრებით გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდას და თითების კანკალს. ამიტომ, საჭიროა სისხლში შაქრის დონის რეგულარული ტესტების ჩატარება.

- სიმპათომიმეტიკები (რომლებიც, გარდა სხვა შემთხვევებისა, გამოიყენება მძიმე ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ)

- მაგალითად, ნორეპინეფრინი (ნორადრენალინი) ან ეპინეფრინი (ადრენალინი)

- სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ ან ზოგადი ანესთეზიის დროს

- ბარბიტურატები

- გარკვეული ადგილობრივი ანესთეტიკები

- ლიდოკაინი

კლონიდინის მიღების მკვეთრად შეწყვეტისას, კორვიტოლი® 50-თან ერთდროულად მიღების შემთხვევაში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს არტერიული წნევის გამოხატულ მომატებას. ამიტომ კლონიდინის მოხსნა უნდა განხორციელდეს მხოლოდ პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის მიღების დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში კლონიდინის მოხსნა საჭიროა თანდათანობით.

ზოგადი ანესთეზია

იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ზოგადი ანესთეზია ან/და კუნთების გარკვეული რელაქსანტების (მაგალითად, სუქსამეტონი, ტუბოკურარინი) გამოყენება, აუცილებლად აცნობეთ ექიმ-ანესთეზიოლოგს თუ მანამდე არ შეწყვიტეთ პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის მიღება.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

ორსულობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში, ასევე ორსულობის დადგენის ან დაგეგმვისას მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა:

ორსულობის დროს კორვიტოლი® 50 მიიღება მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებელისა და რისკის საგულდაგულო შეფასების შემდეგ, რადგან ამ მომენტისათვის ორსეულებში მისი გამოყენების დოკუმენტურად დადასტურებული საკმარისი კვლევა არ არსებობს.

პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის მოქმედი ნივთიერება (მეტოპროლოლი) აღწევს პლაცენტაში და აქვეითებს პლაცენტარულ სისხლის მიმოქცევას, რომელმაც შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს ნაყოფზე.

აუცილებელია კორვიტოლი® 50-ის მიღების შეწყვეტა მშობიარობის სავარუდო თარიღამდე 48-72 საათით ადრე. თუ ეს შეუძლებელია, აუცილებელია ახალშობილის მდგომარეობის საგულდაგულო კონტროლი დაბადებიდან 48-72 საათის განმავლობაში.

ძუძუთი კვების პერიოდი

პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის მოქმედი ნივთიერება (მეტოპროლოლი) აღწევს დედის რძეში. დედის რძეში მოქმედი ნივთიერების შემცველობის დაბალ დონეზე შენარჩუნების მიზნით, ჩვილის კვება ამ პრეპარატის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში არ შეიძლება. თერაპიული დოზების გამოყენების შემთხვევაში არასასურველი გვერდითი მოვლენა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მაინც საჭიროა ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილის მდგომარეობის კონტროლი პრეპარატზე შესაძლო რეაქციების გამოვლენის მიზნით.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სხვადასხვა ინდივიდუალური რეაქციის (როგორიცაა დაღლილობა და თავბრუსხვევა, იხ. პარაგრაფი 4 “შესაძლო გვერდითი მოქმედება”) გათვალისწინებით, რეაგირების სიჩქარე შეიძლება იმდენად შეიცვალოს, რომ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მართვის, მექანიზმებთან მუშაობის ან არამდგრადი წონასწორობის პირობებში მუშაობის უნარი. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდის ან პრეპარატის შეცვლის შემთხვევაში, ასევე ალკოჰოლთან ერთდროულად მიღებისას.

პრეპარატი კორვიტოლი® 50 შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის აუტანლობის შესახებ, აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

კორვიტოლი® 50-ის მიღების წესი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. ნებისმიერ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება

დოზის შერჩევა ხდება მკურნალი ექიმის მიერ, ძირითადად, თერაპიის წარმატებულობის შესაბამისად. ამ დოზის შეცვლა არ შეიძლება ექიმის მითითების გარეშე.

რეკომენდებული დოზა:

მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია):

პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღე-ღამეში ან პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის 1-2 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 50-100 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს დღე-ღამეში).

აუცილებლობის შემთხვევაში დღე-ღამის დოზის გაზრდა შეიძლება პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის 2 ტაბლეტამდე ორჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს დღე-ღამეში).

კორონარული არტერიების დაავადებები (გულის კორონარული დაავადება):

პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღე-ღამეში ან პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის 1-2 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 50-100 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს დღე-ღამეში).

აუცილებლობის შემთხვევაში დღე-ღამის დოზის გაზრდა შეიძლება პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის 2 ტაბლეტამდე ორჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს დღე-ღამეში) არტერიული წნევის კონტროლით.

გულის მუშაობის დარღვევები, რომლებიც ზოგადად ცნობილია სახელწოდებით ~ჰიპერკინეტიკური კარდიალური სინდრომი~:

პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღე-ღამეში ან პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის 1-2 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 50-100 მგ მეტოპროლოლიის ტარტრატს დღე-ღამეში).

აუცილებლობის შემთხვევაში დღე-ღამის დოზის გაზრდა შეიძლება პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის 2 ტაბლეტამდე ორჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს დღე-ღამეში) არტერიული წნევის კონტროლით.

გულის რიტმის დარღვევები გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატებით (ტაქიარითმია):

პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის 2 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 100-200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს დღე-ღამეში).

მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი ხანგრძლივი პროფილაქტიკური მკურნალობა (მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა):

ა) საწყისი მკურნალობა

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს მკურნალობას იწყებენ მეტოპროლოლის ინტრავენური შეყვანით. თუ პაციენტი 15 მგ საერთო დოზის ინტრავენურად შეყვანას კარგად იტანს, ბოლო ინტრავენური ინექციიდან 15 წუთის შემდეგ პაციენტს ეძლევა პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის 1 ტაბლეტი (შეესაბამება 50 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს). მომდევნო 48 საათის განმავლობაში პაციენტს ენიშნება თითო ტაბლეტი ყოველ 6 საათში.

პაციენტებში პრეპარატის საერთო დოზის, რომელიც შეადგენს 15 მგ-ს ინტრავენურად, აუტანლობის შემთხვევაში, ინიშნება 1/2 ტაბლეტი (შეესაბამება 25 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს).

ბ) შემანარჩუნებელი დოზა

საწყისი თერაპიის ჩატარების შემდეგ ინიშნება პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის 2 ტაბლეტი ორჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს).

გულის შეკუმშვის სიხშირის ან/და არტერიული წნევის დაცემის, ასევე სხვა გართულებების შემთხვევაში, რომლებიც საჭიროებს ჩარევას, კორვიტოლი® 50-ის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობა (შაკიკის პროფილაქტიკა):

პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის 2 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 100-200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს დღე-ღამეში).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებისას ორგანიზმიდან პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის გამოყოფა ხანგრძლივდება, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში კორვიტოლი® 50-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მიღების წესი:
ტაბლეტები მიიღება მთლიანად ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით (ჭიქა წყალი).

ერთჯერადი მიღების დროს ტაბლეტები მიიღება დილით.

დღე-ღამეში ორჯერადი მიღების დროს ტაბლეტები მიიღება დილით და საღამოს.

ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.

ტაბლეტების გაყოფა:

დაიჭირეთ ტაბლეტი ორივე ხელის საჩვენებელი და ცერი თითებით გამყოფი ხაზით ზემოთ და გადატეხეთ ორ ნაწილად გამყოფ ხაზზე ცერი თითის დაჭერით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის საჭიროზე მეტი დოზა

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ზომების შესახებ!

დოზის გადაჭარბების ხარისხის მიხედვით შესაძლებელია არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება, გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება გულის გაჩერებამდე, გულის უკმარისობა და მდგომარეობა სახელწოდებით ~კარდიოგენური შოკი~, სუნთქვის გაძნელება, სასუნთქი გზების მუსკულატურის სპაზმი (ბრონქოსპაზმი), ღებინება, ცნობიერების დარღვევა, და ზოგჯერ – ეპილეფსიური შეტევა (გენერალიზებული კრუნჩხვა).

დოზის გადაჭარბების ან გულის შეკუმშვათა სიხშირის ან/და არტერიული წნევის კრიტიკული დაქვეითების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატ კორვიტოლი® 50-ით მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ კორვიტოლი® 50-ის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის მიღების შეწყვეტა

პრეპარატის მიღების შეწყვეტა ან დოზირების შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

პრეპარატის უეცარმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომატიკის განმეორება. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს არასაკმარისი სისხლის მიწოდება გულის კუნთისთვის სტენოკარდიის დროს მდგომარეობის კვლავ გაუარესებით, მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე არტერიული წნევის ისევ მომატება.

მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც სხვა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.

გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება ზოგჯერ (შეიძლება აღინიშნოს 100 პაციენტიდან 1-ში)

- სიცივის შეგრძნება კიდურებში

- თავბრუსხვევა

- ცნობიერების არევა

- თავის ტკივილი

- მგრძნობელობის დაკარგვა (პარესთეზია)

- სიზმრების სიხშირის მომატება

- დროებითი დარღვევები კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, დიარეა)

- კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გაწითლება, ქავილი, გავრცელებული გამონაყარი კანზე (ეგზანთემა), კანზე გამონაყარი მზის სხივების ზემოქმედებით (ფოტომგრძნობელობა)

- მომატებული ოფლდენა

- დაღლილობა

- დეპრესია

- კოშმარული სიზმრები

- ძილის დარღვევა

- ჰალუცინაციები

გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 1000 პაციენტიდან 1-ში)

- არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაცემა

- გულის წასვლა

- გახშირებული გულისცემა

- გულის შეკუმშვათა სიხშირის მნიშვნელოვანი დაქვეითება (ბრადიკარდია)

- გამტარებლობის დარღვევა

- გულის უკმარისობა სითხის ანომალიური დაგროვებით (პერიფერიული შეშუპება)

- ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს

- კონიუნქტივიტი ან ცრემლდენის შემცირება (საყურადღებოა კონტაქტური ლინზების ტარების დროს)

- პირის სიმშრალე

- კუნთების სისუსტე ან კრუნჩხვა

- ამ მომენტამდე ფარულად მიმდინარე დიაბეტის გამოვლენა ან უკვე გამოვლენილი დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება

 

გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება ძალიან იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 10000 პაციენტიდან 1-ში)

- სისხლში ღვიძლის გარკვეული ფერმენტების (ასატ, ალატ) დონის მომატება

- სხეულის წონის მომატება

- მდგომარეობის გაუარესება სტენოკარდიის დროს

- სახსრების დაავადებები (ართროპათია) ერთი ან მეტი სახსარის დაზიანებით

- თრომბოციტების (თრომბოციტოპენია) ან ლეიკოციტების (ლეიკოციტოპენია) დონის დაქვეითება

- მხედველობის დარღვევა

- სმენის დაქვეითება ან ხმაური ყურებში (ტინიტუსი)

- მდგომარეობის გაუარესება თირკმელების მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში

- თმის ცვენა

- ფსორიაზი, ამ დაავადების სიმპტომების გაუარესება ან ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი კანზე (იხ. ასევე პარაგრაფი 2 ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~)

- ალერგიული სურდო (ალერგიული რინიტი)

- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

- ლიბიდოსა და ერექციის დარღვევა

- სასქესო ასოს ქსოვილების შესამჩნევი შესქელება (პეირონის დაავადება)

- პიროვნების შეცვლა (მაგალითად, გუნება-განწყობის ცვალებადობა, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა)

გვერდითი მოქმედების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)

- ცხიმების ცვლის დარღვევა (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის დონის დაქვეითება, ტრიგლიცერიდების დონის მომატება)

- სიმპტომატიკის გაუარესება სისხლძარღვების დაავადებების დროს, ხელის თითების არტერიების სპაზმების ჩათვლით (რეინოს სინდრომი)

- სუნთქვის დარღვევები ბრონქოსპაზმის განვითარების მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებში. აღნიშნული განსაკუთრებით მოსალოდნელია სასუნთქი გზების შევიწროებასთან დაკავშირებული დარღვევების დროს (სასუნთქი გზების ობსტრუქციული დარღვევები).

- სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითება ხანგრძლივი მკაცრი შიმშილობის ან მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

შეტყობინება გვერდითი მოქმედებების გამოვლენის შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოქმედებას – მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

კორვიტოლი® 50-ის შენახვის წესი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

მეტი ინფორაცია
Units 50
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy