Sitagliptin Grindeks - სიტაგლიპტინ გრინდექსი 100მგ 28 ტაბლეტი

48,17 ლ
მარაგშია
SKU
83510_375

ჩვენება:Sitagliptin Grindeks შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სიტაგლიპტინს, იგი მიეკუთვნება DPP-4 ინჰიბიტორების (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4 ინჰიბიტორები) მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ამცირებენ შაქრის დონეს სისხლში შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2 დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში.

 

 შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის

  Sitagliptin Grindeks 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

sitagliptin ამ წამლის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ფურცელი, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

-        შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.

-        ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

-        მოცემული წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ სხვა პირებს. წამალს შეუძლია ავნოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.

-        ნებისმიერი გვერდითი ეფექტების გამოჩენის შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისიერ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. იხილეთ პარაგრაფი 4.

რა არის ამ ფურცელში

1.      რა არის Sitagliptin Grindeks და რისთვის გამოიყენება იგი

2.      რა უნდა იცოდეთ Sitagliptin Grindeks -ის მიღებამდე

3.      როგორ უნდა მიიღოთ Sitagliptin Grindeks

4.      შესაძლო გვერდითი მოვლენები

5.      როგორ უნდა შეინახოთ Sitagliptin Grindeks

6.      შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1.     რა არის Sitagliptin Grindeks და რისთვის გამოიყენება იგი

Sitagliptin Grindeks შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სიტაგლიპტინს, იგი მიეკუთვნება DPP-4 ინჰიბიტორების (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4 ინჰიბიტორები) მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ამცირებენ შაქრის დონეს სისხლში შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2 დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში.

ეს წამალი ხელს უწყობს საჭმლის მიღების შემდეგ გამომუშავებული ინსულინის დონის  გაზრდას და ამცირებს ორგანიზმში წარმოქმნილი შაქრის რაოდენობას.

თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეს წამალი, რათა დაგეხმაროთ სისხლში შაქრის დონის შემცირებაში, რაც ძალიან მაღალია თქვენი დიაბეტი ტიპი 2-ის გამო. ამ მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიაში ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში (ინსულინი, მეტფორმინი, სულფონილურეა ან გლიტაზონი), რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს, რომელსაც შესაძლოა უკვე ღებულობთ დიაბეტის გამო კვების და ვარჯიშის გეგმასთან ერთად.  

რა არის დიაბეტი ტიპი 2?

დიაბეტი ტიპი 2 არის მდგომარეობა, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, ხოლო ინსულინი, რომელსაც გამოიმუშავებს თქვენი ორგანიზმი, არ მოქმედებს ისე კარგად, როგორც საჭიროა. თქვენს  ორგანიზმს ასევე შეუძლია ჭარბი რაოდენობის შაქრის გამომუშავება. როდესაც ეს ხდება, შაქარი (გლუკოზა) გროვდება სისხლში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმლის დაავადება, სიბრმავე და ამპუტაცია.

2.  რა უნდა იცოდეთ Sitagliptin Grindeks მიღებამდე

არ მიიღოთ Sitagliptin Grindeks

-             თუ გაქვთ ალერგია სიტაგლიპტინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი პარაგრაფში 6).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პანკრეასის ანთების (პანკრეატიტი) შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში რომლებიც ღებულობდნენ Sitagliptin Grindeks (იხილეთ პარაგრაფი 4).

თუ გამოგივლინდათ ბუშტუკები კანზე, ეს შეიძლება იყოს მდგომარეობა სახელწოდებით ბულოზური პემფიგოიდი. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ Sitagliptin Grindeks მიღების შეწყვეტა.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან გქონდათ:

-             პანკრეასის დაავადება (როგორიცაა პანკრეატიტი)

-             ნაღვლის ბუშტში კენჭები, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან ტრიგლიცერიდების ძალიან მაღალი დონე (სიმსუქნის ფორმა) სისხლში. ამ სამედიცინო მდგომარეობებს შეუძლიათ გაზარდონ პანკრეატიტის განვითარების შანსი (იხილეთ პარაგრაფი 4).

-             დიაბეტი ტიპი  1

-             დიაბეტური კეტოაციდოზი (გართულებული დიაბეტი სისხლში შაქრის მაღალი შემცველობით, წონის სწრაფი კლებით, გულისრევით ან ღებინებით)

-             თირკმელთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემები აწმყოში ან წარსულში

-             ალერგიული რეაქცია Sitagliptin Grindeks მიმართ (იხილეთ პარაგრაფი 4)

მოცემული მედიკამენტი არ გამოიწვევს სისხლში შაქრის დაბალ დონეს, ვინაიდან იგი არ  მოქმედებს, როდესაც სისხლში შაქრის დონე დაბალი გაქვთ. თუმცა, ამ მედიკამენტის სულფონილურეასთან ან ინსულინთან კომბინაციაში გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია) სისხლში. თქვენს ექიმს შეუძლია შეგიმციროთ სულფონილურეას ან ინსულინის წამლის დოზა.

ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა და ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ ეს მედიკამენტი. იგი არ არის ეფექტური 10-დან 17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. უცნობია, არის თუ არა ეს მედიკამენტი უსაფრთხო და ეფექტური 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.

სხვა მედიკამენტები და Sitagliptin Grindeks

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ რაიმე სხვა მედიკამენტი.

კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ დიგოქსინს (წამალი, რომელიც გამოიყენება არარეგულარული გულისცემის და გულთან დაკავშირებული სხვა პრობლემების სამკურნალოდ). Sitagliptin Grindeks-თან ერთად მიღებისას საჭიროა სისხლში დიგოქსინის დონის შემოწმება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი ორსულობის დროს.

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ეს მედიკამენტი დედის რძეში. თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი, თუ ხართ მეძუძური დედა ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.

მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

ამ მედიკამენტს არ გააჩნია არავითარი ზემოქმედება ტარების და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, მოხსენებული იყო თავბრუსხვევის და ძილიანობის შემთხვევების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ თქვენს მანქანა-დანადგარების ტარების ან გამოყენების უნარზე.

ამ მედიკამენტის სულფონილურეასთან ან ინსულინთან კომბინაციაში მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, რამაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს თქვენს უნარზე ატაროთ ავტომობილი და იმუშაოთ მანქანა-დანადგარებთან ან იმუშაოთ უსაფრთხოთ საყრდენის გარეშე.

Sitagliptin Grindeks შეიცავს ნატრიუმს

მოცემული პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაზე,  შეიძლება ითქვას, რომ იგი არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

3. როგორ უნდა მიიღოთ Sitagliptin Grindeks

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული.

ჩვეულებრივი რეკომენდირებული დოზაა

-             ერთი 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი

-             დღეში ერთხელ

-             პერორალურად

თუ გაქვთ პრობლემები თირკმელებთან, ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზები  (როგორიცაა 25 მგ ან 50 მგ).

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს მედიკამენტი საკვებთან და სასმელთან ერთად ან მათ გარეშე. Sitagliptin Grindeks 50 მგ და 100 მგ აპკით შემოგარსულ ტაბლეტებს აქვთ გამყოფი ხაზი ერთ მხარეს. ეს ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გატეხვის გამარტივებისთვის იოლად გადაყლაპვის მიზნით, და არა თანაბარ დოზებად გაყოფისთვის.

თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ მხოლოდ ეს წამალი, ან მასთან ერთად სხვა გარკვეული წამლებიც, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს.

დიეტას და ვარჯიშს შეუძლია დაეხმაროს თქვენს ორგანიზმს უკეთ გამოიყენოს შაქარი სისხლში. მნიშვნელოვანია დაიცვათ დიეტა და ჩაიტაროთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდირებული ვარჯიში Sitagliptin Grindeks მიღების დროს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი Sitagliptin Grindeks

ამ წამლის დანიშნულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

თუ დაგავიწყდათ Sitagliptin Grindeks მიღება  

თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ იგი, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ არ გაგახსენდებათ შემდეგი დოზის დრომდე, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და დაუბრუნდით რეგულარულ გრაფიკს. არ მიიღოთ ამ წამლის ორმაგი დოზა.

თუ შეწყვეტთ Sitagliptin Grindeks მიღებას

განაგრძეთ ამ წამლის მიღება მანამ,  სანამ დაგინიშნათ ექიმმა, ისე რომ შეგეძლოთ სისხლში შაქრის დონის კონტროლის გაგრძელება. არ უნდა შეწყვიტოთ ამ წამლის მიღება ექიმთან გასაუბრების გარეშე.

ამ მედიკამენტის შესახებ ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4.  შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.

შეწყვიტეთ Sitagliptin Grindeks მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ ნებისმიერ შემდეგ სერიოზულ გვერდით მოვლენას:

·        ძლიერი და მუდმივი ტკივილი მუცლის არეში (კუჭთან), რომელიც გადაეცემა  ზურგში, გულისრევით ან ღებინებით ან მათ გარეშე, რადგან ეს შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების (პანკრეატიტი) ნიშნები.

თუ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია (სიხშირე არ არის ცნობილი), მათ შორის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ბუშტუკები კანზე/ აქერცლილი კანი და სახის, ტუჩების, ენის და ყელის შესიება, რასაც შეუძლია გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, შეწყვიტეთ ამ წამლის მიღება და დაუყოვნებლივ გამოუძახეთ ექიმს. თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ წამალი ალერგიული რეაქციის სამკურნალოდ და სხვა წამალი დიაბეტისთვის.

ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის მეტფორმინთან დამატების შემდეგ:

ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ში): სისხლში დაბალი შაქარი, გულისრევა, აირების დაგროვება, ღებინება

არახშირად (შეიძლება გამოვლინდეს 100 ადამიანიდან 1-ში): მუცლის ტკივილი,  დიარეა,  შეკრულობა, ძილიანობა

ზოგმა პაციენტმა იგრძნო სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი მუცლის არეში სიტაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინაციის დაწყებისას (სიხშირე ხშირად).

ზოგ პაციენტს განუვითარდა  შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის სულფონილურეასთან და მეტფორმინთან კომბინაციაში მიღებისას:

ძალიან ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ში): სისხლში დაბალი შაქარი

ხშირად: შეკრულობა

ზოგ პაციენტს განუვითარდა  შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის და პიოგლიტაზონის მიღებისას:

ხშირად: აირების დაგროვება, ხელების ან ფეხების შეშუპება

ზოგ პაციენტს განუვითარდა  შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის პიოგლიტაზონთან და მეტფორმინთან კომბინაციაში მიღებისას:

ხშირად: ხელების ან ფეხების შეშუპება

ზოგ პაციენტს განუვითარდა  შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე):

ხშირად: გრიპი

არახშირად: პირის სიმშრალე

ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები მხოლოდ სიტაგლიპტინის მიღებისას კლინიკური კვლევებში ან პოსტრეგისტრაციული მიღებისას ცალკე და/ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა წამლებთან ერთად:

ხშირად: შაქრის დაბალი დონე სისხლში, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, დაცობილი ან სველი ცხვირი და ყელის ტკივილი,  ოსტეოართრიტი, მხარის ან ფეხის ტკივილი

არახშირად: თავბრუსხვევა,  შეკრულობა, ქავილი

იშვიათი: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

სიხშირე უცნობია: პრობლემები თირკმელებთან (ზოგჯერ საჭიროებს დიალიზს), ღებინება, ტკივილი სახსრებში, ტკივილი კუნთებში, ტკივილი ზურგის არეში, ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება, ბულოზური პემფიგოიდი (კანის ბუშტუკების ტიპი)

მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

5.  როგორ უნდა შეინახოთ Sitagliptin Grindeks

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 30 °C-ზე დაბლა.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე ‘EXP’-ს შემდეგ.

ვარგისობის ვადა ნიშნავს თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ ნებისმიერი წამალი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან გამდინარე წყლებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.

6.  შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს Sitagliptin Grindeks

-             აქტიური ნივთიერება არის სიტაგლიპტინი. თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს სიტაგლიპტინის ჰიდროქლორიდის მონოჰოდრატს, რომელიც არის 25 მგ, 50 მგ ან 100 მგ სიტაგლიპტინის ექვივალენტი.

-             სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), კალციუმის ჰიდროგენის ფოსფატი (E341), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), ნატრიუმის სტეარილის ფუმარატი (E485), მაგნიუმის სტეარატი (E572).

აპკით შემოგარსული ტაბლეტი:

 100 მგ ტაბლეტები: მაკროგოლის პოლი(ვინილის სპირტი) გრაფტ კოპოლიმერი (E1209)

ტალკი (E553b)

ტიტანის დიოქსიდი (E171)

გლიცეროლის მონოკაპრილოკარპატი  (ტიპი 1) (E471)

პოლი (ვინილის სპირტი) (E1203)

რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)

როგორ გამოიყურება Sitagliptin Grindeks და შეფუთვის შიგთავსი

Sitagliptin Grindeks 100 მგ არის ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი  აპკით შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეზე აქვს ნიშანი “100” და გასატეხი ხაზი მეორე მხარეს. ტაბლეტის ზომაა დაახლოებით 10.0 მმ დიამეტრი.

Sitagliptin Grindeks 25 მგ, 50 მგ და 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერებში 28, 56 ან 98 რაოდენობით.

ბაზარზე შეიძლება არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.

 

 

მეტი ინფორაცია
Units 28
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy