Folic Acid - ფოლიუმის მჟავა 5მგ 40ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 7,27 ლ რეგულარული ფასი 7,65 ლ
მარაგშია
SKU
29329_640

ჩვენება: ფოლიუმის მჟავის დეფიციტთან დაკავშირებული ანემიების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: ფოლიუმის მჟავა;

1 ტაბლეტი შეიცავს ფოლიუმის მჟავას 5 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზის მონოჰიდრატი, სტეარინის მჟავა.

სამკურნალწამლო ფორმა. ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მრგვალი ფორმის ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით და გამყოფი ზოლით, ყვითლიდან მუქ ყვითელ ფერამდე. დასაშვებია შეღებვის არაერთგვაროვნება და უმნიშვნელო ჩანართები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ფოლიუმის მჟავა და მისი წარმოებულები. ფოლიუმის მჟავა. 

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

სამკურნალწამლო საშუალების მიღების შემდეგ ფოლიუმის მჟავა აღდგება ტეტრაჰიდროფოლატის მჟავამდე, რომელიც ასრულებს მეტაბოლიზმის სხვადასხვა პროცესებში მონაწილე კოფერმენტის ფუნქციას. იგი აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისთვის და ნორმობლასტების წარმოქმნისთვის. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების (მათ შორის, მეთიონინის, სერინის, გლიცინის და ჰისტიდინის), ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში, მონაწილეობს ქოლინის ცვლაში. ასრულებს დამცავ ფუნქციას ტერატოგენური ფაქტორების ზეგავლენის მიმართ. გარდა ამისა, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებასა და ფუნქციონირებას.

ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპერმატოზოიდების მომწიფების პროცესში, და მისი გამოყენება შესაძლებელია მამაკაცთა უნაყოფობის სამკურნალოდ.

ფოლიუმის მჟავის დეფიციტის დროს ვითარდება სისხლწარმოქმნის მეგალობლასტური ტიპი, ორსულ ქალებში ეს იწვევს ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარებას (ნერვული მილაკის დეფექტები, ჰიდროცეფალია და ა.შ.). ფოლიუმის მჟავის დეფიციტის უმნიშვნელოვანესი შედეგია დაზიანებული ქსოვილების აღდგენის უნარის შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა.

ფოლიუმის მჟავა კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, უმეტესწილად თორმეტგოჯა და წვრილი ნაწლავიდან. იგი თანაბრად ნაწილდება ყველა ქსოვილში, შერჩევითად კონცენტრირდება ზურგის ტვინის სითხეში. სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის ყველაზე მაღალი დონე მიიღწევა 30-დან 60 წუთამდე დროის პერიოდში პერორალური გამოყენების შემდეგ.

პლაზმასა და ღვიძლში მეტაბოლიზდება 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატი, აქტიური ნივთიერება, რომელიც უკავშირდება გლუტამინის მჟავას და წარმოქმნის კოფერმენტს. ღვიძლში ნარჩუნდება ფოლიუმის მჟავის საერთო მარაგის დაახლოებით 50%. დაახლოებით 70% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. გამოიყოფა შარდით გლომერულური ფილტრაციის მეშვეობით. 5 მგ დოზის მიღების შემდეგ ფოლიუმის მჟავა გამოიყოფა შარდთან ერთად 5 საათის შემდეგ.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

ფოლიუმის მჟავის დეფიციტთან დაკავშირებული ანემიების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის:

- მაკროციტული ანემია;

- ანემია და ლეიკოპენია, რომლებიც გამოწვეულია სამკურნალწამლო საშუალებებით და მაიონიზირებელი რადიაციით;

- მეგალობლასტური ანემია, რეზექციის შემდგომი ანემია;

- ანემიები ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი), მალაბსორბციის სინდრომი (გლუტეინის ენტეროპათია ან ცელიაკია), სპრუ.

ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარების პროფილაქტიკისთვის: ნერვული ღეროს დეფექტების პროფილაქტიკისთვის (ჰიდროცეფალია, ტვინის თიაქარი, „მგლის ხახა“, „კურდღლის ტუჩი“) რისკის ჯგუფის ქალებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ.

ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, რომელიც დაკავშირებულია არაბალანსირებულ ან არადამაკმაყოფილებელ კვებასთან.

მამაკაცთა უნაყოფობის სამკურნალოდ დაქვეითებული სპერმატოგენეზის შედეგად (ოლიგოსპერმია).

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა ფოლიუმის მჟავას ან სამკურნალწამლო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, ავთვისებიანი ანემიები, არანამკურნალევი კობალამინის დეფიციტი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედებების სხვა სახეობები.

ფოლიუმის მჟავამ შეიძლება შეამციროს ფენობარბიტალის, ფენიტოინის და პრიმიდონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და ამგვარად ზრდის ეპილეფსიური გულყრების ალბათობას. ქლორამფენიკოლი და კოტრიმოქსაზოლი ზეგავლენას ახდენს ფოლატის მეტაბოლიზმზე. სულფასალაზინი ამცირებს ფოლიუმის მჟავის შთანთქმის დონეს. ფოლიუმის მჟავა ზეგავლენას ახდენს მეტოტრექსატის ტოქსიკურ და თერაპიულ მოქმედებაზე. ანტიბაქტერიული პრეპარატები, პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, ეთანოლი, სულფასალაზინი, ციკლოსერინი, გლუტეთიმიდი და მეტოტრექსატი ზეგავლენას ახდენს ფოლატის მეტაბოლიზმზე. ეთანოლი და აცეტილსალიცილის მჟავა ზრდის ფოლიუმის მჟავის ელიმინაციას. ფოლიუმის მჟავა ზრდის ფენიტოინის მეტაბოლიზმს. ქოლესტირამინის და ფოლიუმის მჟავის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია შეწოვის დაქვეითება ან შევცლა. ამიტომ სამკურნალწამლო საშუალება უნდა მიიღოთ ქოლესტირამინის მიღებამდე 1 საათით ადრე ან მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ. ფოლიუმს მჟავის ათვისება მცირდება ანალგეტიკებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ანტაციდებთან, ქლორამფენიკოლთან, ნეომიცინთან, პოლიმიქსინებთან, ანტიბიოტიკებთან, სულფანილამიდებთან, ციტოსტატიკებთან ერთდროული გამოყენებისას.

ფოლატები ზრდიან ლითიუმის ეფექტურობას. აზოტის ოქსიდმა შეიძლება გამოიწვიოს ფოლიუმის მჟავის მწვავე დეფიციტი. მოერიდეთ ფლუოროურაცილთან ერთდროულ კომბინაციას.  ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ანტაციდური პრეპარატები ამცირებენ ფოლიუმის მჟავის შთანთქმას, ამიტომ პაციენტებს უნდა ურჩიოთ ანტაციდების მიღება 2 საათის შემდეგ ფოლიუმის მჟავის გამოყენების შემდეგ. ფოლიუმის მჟავამ შეიძლება შეამციროს თუთიის შეწოვა ნაწლავებში. ფოლიუმის მჟავის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა სამკურნალწამლო საშუალებებმა, როგორიც არის პერორალური კონტრაცეპტივები, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები, ალკოჰოლი, ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტები, როგორიც არის პირიმეტამინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი, სულფანილამიდები.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია მინერალურ მჟავებთან, ტუტე ნივთიერებებთან, აღმდგენებთან ერთად, რადგანაც ხდება ფოლიუმის მჟავის ინაქტივაცია.

გამოყენების თავისებურებები.

სამკურნალწამლო საშუალება ენიშნება სიფრთხილით პაციენტებს დაუდგენელი ეტიოლოგიის ანემიებით, რადგანაც ფოლიუმის მჟავამ შესაძლოა დააბრკოლოს ავთვისებიანი ანემიის დიაგნოსტიკა დაავადების ჰემატოლოგიური გამოვლინებების შემსუბუქების მეშვეობით, ამასთან ხელს უწყობს ნევროლოგიური გართულებების პროგრესირებას. პერნიციოზური ანემიის შემთხვევაში პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ციანოკობალამინთან კომბინაციაში, რადგანაც ფოლიუმის მჟავა, ასტიმულირებს რა ჰემოპოეზს, თავიდან არ იცილებს ნევროლოგიური გართულებების განვითარებას (ფუნიკულარული მიელოზი და სხვ.); სპრუს შემთხვევაში - ასკორბინის მჟავასთან, ციანოკობალამინთან კომბინაციაში, ჰემოთერაპიის ჩატარებით.

ფოლიუმის მჟავის ხანგრძლივი მიღება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, რეკომენდებული არ არის სისხლში ციანოკობალამინის კონცენტრაციის დაქვეითების რისკის გამო.

ფოლიუმის მჟავით მკურნალობისას აუცილებელია სისხლის მდგომარეობის სისტემატური კონტროლი.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ხანგრძლივი თერაპიის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ტესტი კობალამინის შეწოვის გამოსავლენად.

პრეპარატი გლუკოზას შეიცავს, ამიტომ თუ პაციენტს დაუდგინდა ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მან უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, სანამ მიიღებდეს ამ სამკურნალწამლო საშუალებას.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ეს სამკურნალწამლო საშუალება არ არის განკუთვნილი ჯანმრთელი ორსული ქალებისთვის. პრეპარატი ინიშნება ფოლიუმის მჟავის დეფიციტის მქონე ორსულებში და რისკის ჯგუფის ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარების პროფილაქტიკისთვის: ნერვული ღეროს დეფექტები (ჰიდროცეფალია, ტვინის თიაქარი, „მგლის ხახა“, „კურდღლის ტუჩი“).

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული დოზებით. ფოლიუმის მჟავა აღწევს დედის რძეში.

ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, ან ფოლიუმის მჟავის მეტაბოლიზმის დარღვევა უკავშირდება თანდაყოლილი დეფექტების და ნერვული მილის ზოგიერთი დეფექტის წარმოქმნას. ჩარევა ფოლიუმის მჟავის მეტაბილიზმში ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ზოგიერთი სამკურნალწამლო საშუალების მოქმედების შედეგად, მაგალითად, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები, ორსულობის ადრეულ ვადებზე, თანდაყოლილ ანომალიებს იწვევს. ვიტამინის ან მისი მეტაბოლიტების არარსებობა ასევე ზეგავლენას ახდენს თვითნებური აბორტის წარმოსობაზე და საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხებაზე.

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმებით მართვის დროს.

სათანადო გამოყენებისას ფოლიუმის მჟავა არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოყენების წესი და დოზები.

სამკურნალო მიზნით პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მოზრდილებისთვის 2*-5 მგ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 5 მგ (1 ტაბლეტი). მკურნალობის კურსი 20-30 დღეს შეადგენს. რეკომენდებულია 2-3 კურსის ჩატარება 1-თვიანი ინტერვალით. სამკურნალწამლო საშუალების გამოყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კომბინირებული უნდა იყოს B12 ვიტამინის (ციანოკობალამინის) მიღებასთან.

რისკის ჯგუფის ქალებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ და ორსულ ქალებში ფოლიუმის მჟავის დეფიციტით, ნაყოფის ნერვული ღეროს თანდაყოლილი დეფექტების განვითარების პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ 5 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ, ყოველდღიურად 4 კვირის განმავლობაში ორსულობის დადგომამდე და განაგრძეთ გამოყენება ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში.

ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკისთვის, რომელიც დაკავშირებულია არაბალანსირებულ ან არადამაკმაყოფილებულ კვებასთან - 2*-5 მგ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი - 20-30 დღე.

1 თვის შემდეგ მკურნალობის კურსი უნდა განმეორდეს.

მეგალობლასტური ანემიის დროს უნდა დაინიშნოს ფოლიუმის მჟავას 5 მგ (1 ტაბლეტი) დღე-ღამეში 4 თვის განმავლობაში (პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებული დოზა შეადგენს 2* მგ დღე-ღამეში).

პაციენტებში სპრუს დაავადებით, მაკროციტული ანემიით, მალაბსორბციით, ნაწლავების ანთებითი დაავადებებით რეკომენდებულია 5-15 მგ მიღება (1-3 ტაბლეტი) დღე-ღამეში.

ცელიაკიის დროს რეკომენდებულია 5-15 მგ-ის მიღება დღე-ღამეში.

მამაკაცთა უნაყოფობის სამკურნალოდ დაქვეითებული სპერმატოგენეზის შედეგად (ოლიგოსპერმია) რეკომენდებულია 5 მგ (1 ტაბლეტი) დანიშვნა დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად.

* ფოლიუმის მჟავა გამოიყენეთ შესაბამისი დოზირებით.

ბავშვები.

არ გამოიყენოთ ბავშვებში.

ჭარბი დოზირება.

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ იყო რეგისტრირებული. ძალიან დიდი დოზებით გამოყენებამ არ უნდა მოუტანოს ზიანი პაციენტს.

ფოლიუმის მჟავას ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს B12 ვიტამინის დეფიციტის შენიღბვა.

რეკომენდირებული დოზების ხანგრძლივმა და მნიშვნელოვანმა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ფოლაცინის კრისტალების სახიფათო დაგროვება, რაც იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას და გვერდითი ეფექტების გაძლიერებას.

მკურნალობა: სამკურნალწამლო საშუალების მოხსნა, სიმპტომური თერაპია.

გვერდითი რეაქციები.

სამკურნალწამლო საშუალება კარგად გადაიტანება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, სიმწრის შეგრძნება.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ერითემა, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ქოშინი ბრონქოსპაზმის შედეგად, არტერიალური ჰიპოტონია, ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის შოკი.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ციება, ღამის ძილის დარღვევა, კრუნჩხვები.

საშარდე სისტემის მხრივ: ეპითელური უჯრედების ჰიპერტროფია თირკმელების მილაკებში და მათი ფუნქციების დარღვევა.

ვარგისიანობის ვადა.

3 წელი.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 20 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ბლისტერი კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მეტი ინფორაცია
Units 40
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy