Salbuair - სალბუაირი 2.5მგ/2.5მლ საინჰალაციო სუსპენზია 60 ნებულა
გამოიყენება ქრონიკული ბრონქოსპაზმის სამკურნალოდ, რომელიც არ ექვემდებარება სტანდარტულ თერაპიას და მწვავე ასთმის მძიმე მიმდინარეობის დროს.
სალბუაირი 2.5მგ საინჰალაციო ხსნარი ინჰალატორისათვის
სალბუტამოლის სულფატი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ- ჩანართს.
- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ექიმი პრეპარატს გინიშნავთ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ სხვებს. მიუხედავად დაავადების მზგავსი სიმპტომებისა პრეპარატმა შესაძლოა ავნოს მათ.
- რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აქ იგულისხმება ნებისმიერი სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტიც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
ფურცელ-ჩანართში იხილავთ
1. რა არის სალბუაირი 2.5მგ და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ სალბუაირი 2.5მგ-ის გამოყენებამდე
3. სალბუაირი 2.5მგ-ის გამოყენების წესები
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. სალბუაირი 2.5მგ-ის შენახვის პირობები
6. შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
1. რა არის სალბუაირი 2.5მგ და რისთვის გამოიყენება
ეს პრეპარატი წარმოდგენილია ამპულებში წყლიანი საინჰალაციო ხსნარის სახით, რომელიც გამოიყენება ინჰალატორის მეშვეობით. სალბუაირი 2.5მგ შეიცავს 2.5მგ სალბუტამოლს (ექვივალენტურია 3მგ სალბუტამოლის სულფატისა), რომელიც გახსნილია 2.5მლ ნატრიუმის ქლორიდის სტერილურ იზოტონურ ხსნარში.
აღნიშნული პრეპარატის აქტიური ნივთიერება, სალბუტამოლი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, ეგრეთ წოდებულ ბრონქოდილატატორებს, რომლებიც ადუნებენ ფილტვებში ჰაერის გამტარი მილის კედლების კუნთებს, რაც ხელს უწყობს ჰაერის გამტარი მილის გახსნას და სუნთქვის გაადვილებას.
იგი გამოიყენება ქრონიკული ბრონქოსპაზმის (ფილტვებში ჰაერის გამტარი მილის დახურვა) სამკურნალოდ, რომელიც არ ექვემდებარება სტანდარტულ თერაპიას და ასევე ნაჩვენებია მწვავე ასთმის მძიმე მიმდინარეობის დროს.
2. რა უნდა იცოდეთ სალბუაირი 2.5მგ-ის გამოყენებამდე
არ მიიღოთ სალბუაირი 2.5მგ:
- თუ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ხართ სალბუტამოლის ან სალბუაირი 2.5მგ-ის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
- ნაადრევი მშობიარობის დროს ან მუცლის მოშლის საფრთხის არსებობისას.
განსაკუთრებული სიფთხილით მიიღეთ სალბუაირი 2.5მგ
მკურნალობის დაწყებამდე გაესაუბრეთ ექიმს:
- თუ გაწუხებთ გულის დაავადების ნებისმიერი ფორმა, გულის რითმის დარღვევა ან სტენოკარდია.
- თუ გაქვთ ჰიპერთირეოზი.
- თუ სისხლში კალიუმის დონე მაღალია.
- თუ გაქვთ დიაბეტი.
- თუ სისხლში ლაქტატის დონე მაღალია (ლაქტატ-აციდოზი), რადგან ლაქტატის დონის ზრდამ შესაძლოა გაართულოს სუნთქვის პრობლემები.
- თუ ამავდროულად იყენებთ სალბუტამოლს და იპრატროპიუმის ბრომიდს, რადგან ამ კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალებთან დაკავშირებული დარღვევები, როგორიც არის დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
სხვა პრეპარატების გამოყენება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატებს.
ზოგიერმა პრეპარატმა შესაძლოა იმოქმედოს სალბუაირი 2.5მგ-ზე. მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ ღებულობთ რომელიმე მოცემულ პრეპარატს:
- არასელექციური ბეტა-ბლოკატორები, როგორიც არის პროპრანოლოლი.
- დეპრესიის სამკურნალო გარკვეული პრეპარატები (ე.წ. მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები და სამციკლიანი ანტიდეპრესანტები).
- ანტიქოლინერგული საშუალებების შემცველი პრეპარატები (გამოიყენება ასთმის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, პარკინსონის დაავადების და შეუკავებლობის სამკურნალოდ).
- სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აუმჯობესებენ სუნთქვას, მაგ: ტერბუტალინი.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში საჭიროა სალბუაირი 2.5მგ-ის მიღება ექიმი გულდასმით შეაფასებს მოსალოდნელ სარგებელსა და რისკებს კლინიკური ნიშნების სიმწვავის მიხედვით.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
სალბუაირი 2.5მგ-ის ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე არ არის აღწერილი.
პრეპარატის გამოყენება სპორტსმენებში
ეს პრეპარატი შეიცავს სალბუტამოლს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დადებითი შედეგი დოპინგის ტესტში (იხილეთ რეკომენდაციები პროდუქციის დახასიათების 4.4-ე ნაწილში).
3. სალბუაირი 2.5მგ-ის გამოყენების წესები
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის გამოყენება მოზრდილებში და ბავშვებში
რეკომენდირებული დოზა არის 2.5მგ დღეში დაახლოებით 4-ჯერ. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა 5მგ-მდე დღეში 4-ჯერ. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ინჰალატორის რეგულარულად გამოყენება ან მხოლოდ მძიმედ სუნთქვის ან სუნთქვის უკმარისობის დროს.
სალბუაირი 2.5მგ გამოიყენება სათანადო ინჰალატორით. ორთქლის შესუნთქვა ხდება ნიღაბის ან ბუნიკის მეშვეობით, ექიმი გაცნობებთ თუ რომელი ინჰალატორი გამოიყენოთ, იგი აგიხსნით გამოყენების წესებს.
პრეპარატის სწორად გამოყენებასთან დაკავშირებული მითითებები
პრეპარატის შესუნთქვა უნდა მოხდეს ინჰალატორის საშუალებით: დაუშვებელია მისი ინექცია ან გადაყლაპვა.
1. მწყობრში მოიყვანეთ ინჰალატორი მწარმოებლის და ექიმის მითითებების გათვალისწინებით. დარწმუნდით, რომ ინჰალატორი სუფთაა.
2. ამოიღეთ ამპულების პლასტმასის სტრიპი კოლოფიდან, გახსენით იგი და მოხსენით ერთი ამპულა დანარჩენი ამპულები დატოვეთ სტრიპზე და შეინახეთ კოლოფში.
3. გახსენით ამპულა ზედა ნაწილის დატრიალებით
4. თუ ექიმი სხვაგვარ მითითებას არ მოგცემთ პლასტმასის ამპულიდან სითხე სრულად დაცალეთ ინჰალატორის ხსნარის კონტეინერში.
5. ინჰალატორი გამოიყენეთ ექიმის მითითებების მიხედვით. გადააგდეთ ცარიელი პლასტმასის ამპულა.
6. გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ ინჰალატორი მწარმოებლის მითითებების მიხედვით.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობთ, რომ სალბუაირი 2.5მგ-ის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია.
თუ მიიღეთ სალბუაირი 2.5მგ-ის ჭარბი დოზა
თუ მიიღეთ რეკომენდირებულზე მეტი დოზა შესაძლოა აღინიშნოს გულის რითმის დარღვვები, გულისცემის აჩქარება, კანკალი, არტერიული წნევის ცვალებადობა, პულსთან დაკავშირებული დარღვევები, სტენოკარდია, პირის სიმშრალე და მხედველობის აკომოდაციის დარღვევები.
დოზის გადაჭარბების ან პრეპარატის შემთხვევით მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო ცენტრს ტელ: 91 562 04 20, მიუთითეთ პრეპარატის დასახელება და მიღებული დოზის რაოდენობა. მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს. თან იქონიეთ აღნიშნული ფურცელი-ჩანართი ან ამპულა, რათა მკურნალმა ექიმმა იცოდეს თუ რა პრეპარატი მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ სალბუაირი 2.5მგ-ის მიღება
თუ დაგავიწყდათ სალბუაირი 2.5მგ-ის მიღება განაგრძეთ მკურნალობა დადგენილი რეჟიმით ან მიიღეთ შემდეგი დოზა უფრო ადრე თუ შეგექმნათ სუნთქვის პრობლემა.
დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მზგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
მართალია სიხშირე ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა იშვიათად აღინიშნოს ტკივილი გულმკერდის არეში (გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, როგორიც არის სტენოკარდია). აცნობეთ ექიმს თუ სალბუაირი 2.5მგ-ით მკურნალობის პერიოდში გამოვლინდა მსგავსი სიმპტომები, მაგრამ არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმის მითითების გარეშე.
დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
გავრცელებული (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში)
- თავის ტკივილი
- კანკალი
- ტაქიკარდია
ნაკლებად გავრცელებული (ვლინდება 100-დან <1 პაციენტში)
- გულისცემის აჩქარება
- პირის ღრუს და ყელის გაღიზიანება
- კუნთების სპაზმები
იშვიათი (ვლინდება 1000-დან <1 პაციენტში)
- სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალიემია)
- პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილატაცია)
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000-დან <1 პაციენტში)
- ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ჰიპოტენზია და გულისწასვლა.
- ჰიპერაქტიურობა
- გულის რითმის დარღვევა, მათ შორის წინაგულთა ფიბრილცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლა (გულის რითმის დარღვევები)
- პარადოქსალური ბრონქოსპაზმი
სიხშირე უცნობია
- მიოკარდიუმის იშემია (სისხლის მიმოქცევის ნაკლებობა გულის კუნთის ნაწილში)
- ლაქტატ-აციდოზი
5. სალბუაირი 2.5მგ-ის შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. სინათლისაგან დაცვის მიზნით შეინახეთ გარე შეფუთვაში.
ამპულის გამოყენება უნდა მოხდეს გახსნისთანავე, დარჩენილი ხსნარი აღარ გამოიყენება.
პრეპარატი არ გამოიყენება ამპულაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
6. შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს სალბუაირი 2.5მგ
- აქტიური ნივთიერება არის სალბუტამოლის სულფატი. თითო ამპულა შეიცავს 2.5მგ სალბუტამოლს (ექვივალენტურია 3მგ სალბუტამოლის სულფატისა), რომელიც გახსნილია 2.5მლ ნატრიუმის ქლორიდის სტერილურ იზოტონურ ხსნარში.
- სხვა ინგრედიენტები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი და გოგირდმჟავა.
როგორია სალბუაირი 2.5მგ ვიზუალურად და რას შეიცავს შეფუთვა
სალბუაირი 2.5მგ წარმოდგენილია 10 ამპულიანი სტრიპის სახით, იგი არის უფერო ან ღია ყვითელი შეფერილობის ხსნარი ალუმინის პაკეტებში.
თითო კოლოფში მოთავსებულია 60 ამპულა.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ლაბორატორიო ალდო-უნიონ, ს.ლ. (Laboratorio ALDO-UNION, S.L.)
ბარონესა დე მალდა, 73
08950 ესპლუგეს დე ლობრეგატ
ბარსელონა (ესპანეთი)
მწარმოებელი
ლაბორატოირე უნითერ (Laboratoire Unither)
ესფეის ინდუსტრიალ ნორდ
151 რუ ანდრე დუროუჩეზ-ჩშ 28028
80084 ამიენს ცედექს 2
საფრანგეთი
Units | 60 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account