Medulac-WM - მედულაკ-WM 667მგ/მლ სიროფი 250მლ
ჩვენებები: ყაბზობა: მსხვილი ნაწლავის დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის რეგულაცია; განავლის დარბილება სამედიცინო მიზნით; ნაწლავური დისბაქტერიოზი; ლპობითი დისპეპსიის სინდრომი
მედულაკ-WM
MEDULAC-WM
სავაჭრო დასახელება
მედულაკ-WM, MEDULAC-WM
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ლაქტულოზა, Lactulose
წამლის ფორმა
შიგნით მისაღები სიროფი.
აღწერილობა: უფერო ან მოყავისფრო-მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ბლანტი სითხე.
შემადგენლობა
სიროფის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ლაქტულოზა 667 მგ.
პრეპარატის ათქ კოდი A06AD11
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საფაღარათო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლაქტულოზა წარმოადგენს ლაქტოზის სინთეზურ წარმოებულს. იგი არ იშლება კუჭსა და წვრილ ნაწლავში შესაბამისი ფერმენტების არარსებობის გამო, პრაქტიკულად არ შეიწოვება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ასტიმულირებს პერისტალტიკას, აუმჯობესებს ფოსფატებისა და კალციუმის მარილების შეწოვას, ზრდის ამიაკის დიფუზიას სისხლიდან კუჭ-ნაწლავში და ხელს უწყობს მის გამოყოფას ორგანიზმიდან.
ნაწლავური ფლორის ზემოქმედების შედეგად, ლაქტულოზა მსხვილ ნაწლავში იშლება დაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავებად - ძირითადად რძემჟავად, ნაწილობრივ ჭიანჭველმჟავად და ძმარმჟავად. ამ დროს მსხვილი ნაწლავის სანათურში მატულობს ოსმოსური წნევა და მცირდება pH, იზრდება განავლის მოცულობა, რაც ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და ახდენს განავლის კონსისტენციის ნორმალიზაციას. ეს ხელს უწყობს ყაბზობის აღმოფხვრას, ნაწლავების დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის აღდგენას.
ამონიუმის შეკავშირებული იონების გამოყოფა ხორციელდება საფაღარათო ეფექტის განვითარებისას. საფაღარათო ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ. გარდა ამისა, განავალთან ერთად ლაქტულოზა გამოდევნის ნაღვლის მჟავებს, რის შედეგადაც მცირდება სისხლსა და ნაღველში ქოლესტერინის შემცველობა. გააჩნია მსხვილ ნაწლავში სალმონელების ზრდის დათრგუნვის უნარი. არ ამცირებს ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას. არ იწვევს შეჩვევას.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ან ღვიძლისმიერი კომა/პრეკომის დროს პრეპარატის ეფექტს მიაწერენ აციდოფილური ბაქტერიების (მაგალითად, ლაქტობაქტერიები) რაოდენობის ზრდის ხარჯზე პროტეოლიზური ბაქტერიების დათრგუნვას; მსხვილი ნაწლავის შიგთავსის მჟავიანობის მატების ხარჯზე ამიაკის იონურ ფორმაში გადასვლას; ოსმოსური ეფექტისა და pH-ის შემცირების ხარჯზე ნაწლავების დაცლას; ასევე, აზოტშემცველი ტოქსიკური ნივთიერებების შემცირებას იმ ბაქტერიების სტიმულაციის გზით, რომლებიც ახდენენ ამიაკის უტილიზაციას ბაქტერიული ცილის სინთეზისათვის.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია დაბალია. არ შეიწოვება, აღწევს მსხვილ ნაწლავამდე, სადაც იშლება ნაწლავური ფლორის ზემოქმედების შედეგად. 45-70 მლ-მდე დოზების შემთხვევაში მთლიანად მეტაბოლიზდება; უფრო მაღალი დოზირებისას ნაწილობრივ გამოიყოფა შეუცვლელი სახით.
გამოყენების ჩვენებები
- ყაბზობა: მსხვილი ნაწლავის დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის რეგულაცია;
- განავლის დარბილება სამედიცინო მიზნით (ჰემოროიდული კვანძები, ოპერაცია მსხვილ ნაწლავზე და ანალურ მიდამოზე, პოსტოპერაციული პერიოდი);
- ნაწლავური დისბაქტერიოზი;
- ლპობითი დისპეფსიის სინდრომი (ადრეული ასაკის ბავშვებში მწვავე კვებისმიერი მოწამვლის შედეგად);
- სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტი, სალმონელამტარებლობა;
- ღვიძლისმიერი პრეკომა და კომა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ჰიპერამონიემია.
გამოყენების წესი და დოზირება
მედულაკ-WM მიიღება შიგნით. მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზებს ექიმი ადგენს.
სიროფის დოზირებისათვის გამოიყენება საზომი ჭიქა, რომელიც გრადუირებულია 5 მლ, 10 მლ და 15 მლ-ზე.
ყაბზობის მკურნალობისას:
პრეპარატი მიიღება დღეში 1-ჯერ დილით ჭამის დროს. კლინიკური ეფექტი ვლინდება 1-2 დღის შემდეგ. დოზას ზრდიან იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენებიდან 2 დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
მოზრდილებში:
საწყისი დოზა - 15-45 მლ, შემანარჩუნებელი _ 10-25 მლ.
ბავშვებში:
3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 5 მლ, შემანარჩუნებელი - 5 მლ.
3-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 5-10 მლ, შემანარჩუნებელი - 5-10 მლ.
7-14 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 15 მლ, შემანარჩუნებელი - 10 მლ.
როგორც წესი, დოზა შეიძლება შემცირდეს გამოყენებიდან 2 დღის შემდეგ, პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.
პრეპარატის გამოყენება განავლის დარბილების მიზნით:
ინიშნება იგივე დოზით, როგორც ყაბზობის დროს.
ნაწლავური დისბაქტერიოზის მკურნალობისას (სადღეღამისო დოზები):
მოზრდილებში: 10 მლ;
ბავშვებში:
7 წლიდან და ზემოთ - 10 მლ;
4-7 წელი - 5 მლ;
1-3 წელი - 3 მლ;
1 წლამდე – 1,5-3 მლ.
სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტის დროს: პირველი 10-12 დღის განმავლობაში 15 მლ 3-ჯერ დღეში.
ერთ კვირიანი შუალედის შემდეგ იგივე დოზით 5-ჯერ დღეში.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, ღვიძლისმიერი პრეკომისა და კომის დროს: დასაწყისში 30-50 მლ 3-4-ჯერ დღეში. შემდეგ გადადიან ინდივიდუალურად შერჩეულ შემანარჩუნებელ დოზაზე 2-3-ჯერ დღეში იმ გათვლით, რომ რბილი განავლის (pH მაჩვენებლით 5,0-5,5 საზღვრებში) სიხშირე არ აღემატებოდეს დღე-ღამეში 2-3-ს.
მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვე და მეტი.
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის შიგნით მიღება შეუძლებელია, იგი ინიშნება ოყნის სახით: პრეპარატის 300 მლ იხსნება 700 მლ წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში.
უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- გალაქტოზემია;
- ლაქტოზას, გალაქტოზას ან ფრუქტოზას აუტანლობა;
- ნაწლავთა გაუვალობა.
გვერდითი მოქმედება
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება.
ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ცვლის მოშლა.
განსაკუთრებული მითითებები
დოზა, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ყაბზობის დროს, არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის. ასეთ ავადმყოფებში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, პრეკომა/კომის მკურნალობისას.
დიარეის განვითარების შემთხვევაში მკურნალობას წყვეტენ. მეტეორიზმის (ჩვეულებრივ მეტეორიზმი ქრება თავისთავად მკურნალობიდან 2-3 დღის შემდეგ) თავიდან აცილების მიზნით გასტროკარდიალური სინდრომისას დოზის გაზრდა უნდა მოხდეს თანდათანობით.
მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას (6 თვეზე მეტი) საჭიროა სისხლის შრატში ელექტროლიტების დონის რეგულარული კონტროლი. 2 დღის განმავლობაში თერაპიული ეფექტის არარსებობის ან მკურნალობის შემდეგ ყაბზობის განახლების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრეპარატით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღება მიზანშეწონილი არ არის.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მედულაკი-WM არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
მედულაკ- WM -ის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არის უსაფრთხო.
გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მედულაკ-WM-ის და ნაწლავში ხსნადი pH-დამოკიდებული გამოთავისუფლების მქონე პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას გასათვალისწინებელია, რომ ლაქტულოზა ამცირებს კუჭ-ნაწლავის შიგთავსის pH-ს და ცვლის ამ პრეპარატების გამოთავისუფლებას.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: შესაძლოა - დიარეა, ტკივილი მუცლის არეში.
მკურნალობა: პრეპარატის დოზის შემცირება ან მოხსნა.
გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები სიროფის 250 მლ ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში პლასტმასის თავსახურით.
1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან ერთად გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება შუქისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
გაყინვა დაუშვებელია.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account