ცელებრექსი კაფს. 200მგ N20

43,79 ლ
მარაგშია
SKU
37240_2371

ჩვენება: ანთებისა და ტკივილის სიმპტომური თერაპია ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის დროს. მწვავე ტკივილის მკურნალობა. პირველადი დისმენორეის მკურნალობა .

სავაჭრო დასახელება: ცელებრექსი®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ცელეკოქსიბი

სამკურნალწამლო ფორმა: კაფსულები.

 შემადგენლობა (1 კაფსულაზე): აქტიური ნივთიერება: ცელეკოქსიბი - 100 ან 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

100 მგ და 200 მგ კაფსულები

ლაქტოზის მონოჰიდრატი 149,7 მგ/49,8 მგ, ნატრიუმის ლაურილსულფატი 8,1 მგ/8,1 მგ, პოვიდონი K30 6,8მგ/6,7მგ, ნატრიუმის კროსკარმელოზა 2,7მგ/2,7მგ, მაგნიუმის სტეარატი 2,7 მგ/2,7მგ; გარსი: ტიტანის დიოქსიდი დაახლოებით 1,7მგ, ჟელატინი დაახლოებით 58,3მგ. მელანი 100 მგ კაფსულებისთვის (ცისფერი მელანი SB-6018): შელაქი 22-27%, ეთანოლი 33-38%, იზოპროპანოლი 0,5-4%, ბუთანოლი 4-8%, პროპილენგლიკოლი 3-6%, ამიაკის ხსნარი 1-2%, ალუმინის ლაქი ცისფერი  FD&C Blue #2 ინდიგოტინის (E132) საღებავის ფუძეზე 24-28%. მელანი 200 მგ კაფსულებისთვის (ყვითელი მელანი SB-3002): შელაქი 22-27%, ეთანოლი 33-38%, იზოპროპანოლი 3-7%, ბუთანოლი 4-9%, პროპილენგლიკოლი 3-6%, ამიაკის ხსნარი 1-2%, საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) 18-22%.

აღწერილობა:

100 მგ კაფსულა: გაუმჭვირვალე თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მაგარი ჟელატინის კაფსულა ცისფერ ზოლებზე თეთრი მარკირებით: "100" - კაფსულის ერთ ნაწილზე და "7767" - მეორე ნაწილზე.

200 მგ კაფსულა: გაუმჭვირვალე თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მაგარი ჟელატინის კაფსულა ყვითელ ზოლებზე თეთრი მარკირებით: "200" - კაფსულის ერთ ნაწილზე და "7767" - მეორე ნაწილზე.

კაფსულის შემადგენლობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გრანულები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (აასს)

ათქ კოდი: M01AH01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ძირითადად ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) ინჰიბირების ხარჯზე ანთებითი პროსტაგლანდინების (Pg) წარმოქმნის ბლოკირებით, ცელეკოქსიბს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. ცოგ-2-ის ინდუქცია ხდება ანთების საპასუხოდ და იწვევს პროსტაგლანდინების, ძირითადად პროსტაგლანდინ E2-ის, სინთეზსა და დაგროვებას, ამასთანავე ხდება ანთებითი პროცესის გაძლიერება (შეშუპება და ტკივილი). თერაპიული დოზებით ადამიანისთვის გამოყენებისას ცელეკოქსიბი მნიშვნელოვნად არ აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზა 1-ს (ცოგ-1) და არ ახდენს გავლენას პროსტაგლანდინებზე, რომლებიც სინთეზირდება ცოგ-1-ის აქტივაციის შედეგად, ასევე არ ახდენს გავლენას ნორმალურ ფიზიოლოგიურ პროცესებზე, რომლებიც დაკავშირებულია ცოგ-1-თან და რომლებიც მიმდინარეობს ქსოვილებში, პირველ რიგში კი კუჭის, ნაწლავის ქსოვილებში და თრომბოციტებში.

გავლენა თირკმლის ფუნქციაზე

ცელეკოქსიბი აქვეითებს PgE2 და 6-კეტო-PgF1 (პროსტაციკლინის მეტაბოლიტი) შარდით გამოყოფას, მაგრამ არ ახდენს გავლენას შრატის თრომბოქსან B2-ზე და შარდით 11-დეჰიდრო-თრომბოქსან B2-ის, თრომბოქსანის მეტაბოლიტის (ორივე ცოგ-1-ის პროდუქტია) გამოყოფაზე. ცელეკოქსიბი არ იწვევს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (გფს) დაქვეითებას ხანდაზმულ პაციენტებსა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში, ტრანზიტორულად აქვეითებს ნატრიუმის გამოყოფას. ართრიტის მქონე ავადმყოფებში პერიფერიული შეშუპებების, არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის განვითარების სიხშირე შეიძლება შედარდეს იგივე მოვლენებს ცოგ-ის არასელექციური ინჰიბიტორების მიღების ფონზე, რომლებსაც გააჩნია მაინჰიბირებელი აქტივობა ცოგ-1-ის და ცოგ-2-ის მიმართ. ეს ეფექტი უფრო მეტად გამოხატულია პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა დიურეზულებით. მიუხედავად ამისა, არ აღინიშნებოდა არტერიული წნევის მომატების და გულის უკმარისობის განვითარების შემთხვევათა სიხშირის გაზრდა, ხოლო პერიფერიული შეშუპება იყო მსუბუქი ხარისხის და ქრებოდა დამოუკიდებლად.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

უზმოზე მიღებისას ცელეკოქსიბი კარგად შეიწოვება, აღწევს სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ. 200 მგ მიღების შემდეგ Cmax სისხლის პლაზმაში შეადგენს 705 ნგ/მლ. პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არ გამოკვლეულა. Cmax და ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ ფართობი "კონცენტრაცია-დრო" (AUC) დაახლოებით მიღებული დოზის პროპორციულია, დოზების დიაპაზონში 200 მგ-მდე 2-ჯერ დღე-ღამეში; ცელეკოქსიბის უფრო დიდი დოზების მიღებისას Cmax და AUC - ის მატების ხარისხი ნაკლებ პროპორციულია.

განაწილება

კავშირი სისხლის პლაზმის ცილებთან არ არის დამოკიდებული კონცენტრაციაზე და შეადგენს დაახლოებით 97%-ს, ცელეკოქსიბი არ უკავშირდება სისხლის ერითროციტებს. ცელეკოქსიბი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

მეტაბოლიზმი

ცელეკოქსიბი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირების, ჟანგვის და ნაწილობრივ გლუკურონირების გზით. მეტაბოლიზმი ძირითადად მიმდინარეობს ციტოქრომ P450 CYP2C9-ს მონაწილეობით (იხ. პარაგრაფი "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან"). სისხლში აღმოჩენილი მეტაბოლიტები ცოგ-1-სა და ცოგ-2-ის მიმართ ფარმაკოლოგიურად აქტიურები არ არიან. ციტოქრომი P450 CYP2C9-ის აქტივობა დაქვეითებულია გენეტიკური პოლიმორფიზმის მქონე პირებში, როგორიცაა CYP2C9*3-ით ჰომოზიგოტური პოლიმორფიზმი, რომელიც იწვევს ენზიმების ეფექტურობის შემცირებას.

გამოყოფა

ცელეკოქსიბი მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა ნაწლავიდან და თირკმელებით მეტაბოლიტების (57% და 27%, შესაბამისად) სახით, მიღებული დოზის 1%-ზე ნაკლები - უცვლელი სახით. განმეორებითი მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8-12 საათს, კლირენსი კი დაახლოებით 500 მლ/წთ. განმეორებითი მიღებისას წონასწორობის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში მიიღწევა მე-5 დღისთვის. ძირითადი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების (AUC, Cmax, ნახევარგამოყოფის პერიოდი) ვარიაბელობა შეადგენს დაახლოებით 30%-ს. განაწილების საშუალო მოცულობა წონასწორობის მდგომარეობაში დაახლოებით 500 ლიტრია/70 კგ-ზე ახალგაზრდა ჯანმრთელ მოზრდილ პაციენტებში, რაც მიუთითებს ცელეკოქსიბის ფართო განაწილებაზე ქსოვილებში.

საკვების მიღების გავლენა

ცელეკოქსიბის მიღება ცხიმიან საკვებთან ერთად ზრდის Cmax-ის მიღწევის დროს დაახლოებით 4 საათით და აძლიერებს სრულ შეწოვას დაახლოებით 20%-ით.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში აღინიშნება ცელეკოქსიბის Cmax და AUC საშუალო მნიშვნელობების ზრდა 1,5-2-ჯერ, რაც მეტწილად განპირობებულია სხეულის მასის ცვლილებით, და არა ასაკით (ხანდაზმულ პაციენტებს, როგორც წესი, აღენიშნებათ სხეულის შედარებით მცირე საშუალო მასა, ვიდრე შედარებით ახალგაზრდა ასაკის პირებს, რის გამოც, მათ აღენიშნებათ ცელეკოქსიბის უფრო მაღალი კონცენტრაციები). იმავე მიზეზით ხანდაზმულ ქალებს, ჩვეულებრივ, აღენიშნებათ სისხლის პლაზმაში პრეპარატის უფრო მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე ხანდაზმულ მამაკაცებს. ფარმაკოკინეტიკის აღნიშნული თავისებურებები, როგორც წესი, არ საჭიროებს დოზის კორექციას. ამის მიუხედავად, ხანდაზმულმა პაციენტებმა 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით მკურნალობა უნდა დაიწყონ მინიმალური რეკომენდებული დოზით.

ნეგროიდული რასის წარმომადგენლებში ცელეკოქსიბის AUC დაახლოებით 40%-ით მეტია, ვიდრე ევროპელებში. ამ ფაქტის მიზეზი და კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობის (კლასი A ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) მქონე პაციენტებში ცელეკოქსიბის პლაზმური კონცენტრაციები უმნიშვნელოდ იცვლება. ღვიძლის საშუალო სიმძიმის უკმარისობის (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) მქონე პაციენტებში ცელეკოქსიბის კონცენტრაციები შეიძლება გაიზარდოს თითქმის 2-ჯერ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ხანდაზმულ პაციენტებში გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (გფს) დაქვეითებით >65 მლ/წთ/1,73 მ2, დაკავშირებული ასაკობრივ ცვლილებებთან, და პაციენტებში, რომელთა გფს 35-60 მლ/წთ/1,73 მ2 ტოლია, ცელეკოქსიბის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. არ ვლინდება მნიშვნელოვანი კავშირი შრატის კრეატინინის (ან კრეატინინის კლირენსისა) და ცელეკოქსიბის კლირენსს შორის. ვარაუდობენ, რომ თირკმლის მძიმე უკმარისობის არსებობა არ ახდენს გავლენას ცელეკოქსიბის კლირენსზე, რადგან მისი გამოყოფის ძირითად გზას წარმოადგენს ღვიძლში არააქტიურ მეტაბოლიტებად გარდაქმნა.

გამოყენების ჩვენება

ოსტეოართროზის, რევმატოიდული ართრიტისა და მაანკილოზებელი სპონდილიტის  სიმპტომური მკურნალობა.

ტკივილის სინდრომი (ტკივილი ზურგში, ძვალ-კუნთოვანი, პოსტოპერაციული და სხვა ტკივილი).

პირველადი დისმენორეის მკურნალობა.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ცელეკოქსიბის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ.

ბრონქული ასთმის, ცხვირის და ცხვირის წიაღების მორეციდივე პოლიპოზის და აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის ცოგ-2-ის სხვა ინჰიბიტორების სრული ან არასრული შეთავსება (მათ შორის ანამნეზში).

აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი.

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის აქტიური ეროზიული-წყლულოვანი დაზიანებები, ან კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა.

ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) გამწვავების სტადიაში.

გულის ქრონიკული უკმარისობა (II-IV ფუნქციური კლასი NYHA-ს კლასიფიკაციით).

კლინიკურად დადასტურებული გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადებები და ცერებრო-ვასკულური დაავადება გამოხატულ სტადიაში.

ჰემორაგიული ინსულტი.

სუბარაქნოიდური სისხლჩაქცევა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (იხ. პარაგრაფი “გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების  დროს“).

ღვიძლის მძიმე უკმარისობა (არ არის გამოყენების გამოცდილება).

თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები), თირკმლის პროგრესირებადი დაავადებები, დადასტურებული ჰიპერკალიემია  (არ არის გამოყენების გამოცდილება).

ლაქტაზის დეფიციტი, ლაქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია.

18 წლამდე ასაკი (არ არის გამოყენების გამოცდილება).

სიფრთხილით

ცელებრექსი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, სისხლდენა ანამნეზში), Helicobacter pylori-ს ინფექცია; ანტიკოაგულანტებთან (ვარფარინთან), ანტიაგრეგანტებთან (აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი), პერორალურ გლუკოკორტიკოსტეროიდებთან (პრედნიზოლონი), დიურეზულებთან, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან (ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი), დიგოქსინთან ერთდროულად გამოყენება; სითხის შეკავება და შეშუპება; ღვიძლის ფუნქციის საშუალო ხარისხის დარღვევა (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ანამნეზში ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის პორფირია; თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ); ცირკულირებადი სისხლის მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება (მათ შორის ქირურგიული ჩარევის შემდეგ); გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“); ცერებრო-ვასკულური დაავადებები; დისლიპიდემია/ჰიპერლიპიდემია; შაქრიანი დიაბეტი; პერიფერიული არტერიების დაავადებები; CYP2C9 იზოფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენება; პაციენტებში, რომლებიც არიან სუსტი მეტაბოლიზატორები ან არსებობს ეჭვი ასეთ მდგომარეობაზე; აასს-ის ხანგრძლივი გამოყენება; მძიმე სომატური დაავადებები; ხანდაზმული ასაკის პაციენტები (მათ შორის დიურეზულების მიღების შემთხვევაში, დასუსტებული პაციენტები სხეულის დაბალი წონით); მოწევა, ტუბერკულოზი; ალკოჰოლიზმი.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს

არ არის საკმარისი მონაცემები ორსულებში ცელეკოქსიბის გამოყენების შესახებ. ორსულობის დროს პრეპარატ ცელეკოქსიბის® გამოყენების პოტენციური რისკი დადგენილი არ არის, მაგრამ არც მისი გამორიცხვა შეიძლება.

აასს-ის, მათ შორის ცელეკოქსიბის, გამოყენებისას მოქმედების მექანიზმის შესაბამისად ზოგიერთ ქალში შეიძლება განვითარდეს ცვლილებები საკვერცხეებში, რაც შეიძლება გახდეს გართულებების მიზეზი ორსულობის დროს ან ფერტილობის დარღვევის მიზეზი. ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ან უტარდებათ გამოკვლევა უშვილობასთან დაკავშირებით, უნდა იქნას განხილული აასს-ით, მათ შორის ცელეკოქსიბით, მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.

ცელეკოქსიბმა, რომელიც მიეკუთვნება პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების ჯგუფს, ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით III ტრიმესტრში, მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვების სისუსტე და არტერიული სადინრის ნაადრევი დახშობა. პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება ორსულობის ადრეულ ეტაპზე შეიძლება უარყოფითად აისახოს ორსულობის მიმდინარეობაზე.

არსებობს შეზღუდული ცნობები იმის შესახებ, რომ ცელეკოქსიბი გამოიყოფა დედის რძეში. კვლევებმა აჩვენა, რომ ცელეკოქსიბი გამოიყოფა ლაქტატში ძალიან დაბალ კონცენტრაციებში. მიუხედავად ამისა, ბავშვში ცელეკოქსიბის გვერდითი ეფექტების განვითარების პოტენციური შესაძლებლობის მხედველობაში მიღებით შეიძლება შეფასდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ცელეკოქსიბის მიღების შეწყვეტის მიზანშეწონილობა, დედისათვის პრეპარატ ცელებრექსის® მიღების აუცილებლობის გათვალისწინებით.

გამოყენების წესი და დოზები

პერორალურად, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

შესაძლო კარდიოვასკულური გართულებების რისკი შეიძლება გაიზარდოს პრეპარატ ცელებრექსის® დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად, ამიტომ პრეპარატი ინიშნება რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში პრეპარატის უმცირესი ეფექტური დოზებით. დღე-ღამის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში არის 400 მგ.

ოსტეოართროზის სიმპტომური მკურნალობა: რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მგ დღე-ღამეში 1 ან 2-ჯერადი მიღებით.

რევმატოიდული ართრიტის სიმპტომური მკურნალობა: ცელეკოქსიბის რეკომენდებული დოზა შეადგენს  100 ან 200 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში.

მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომური მკურნალობა: ცელეკოქსიბის  რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მგ დღე-ღამეში 1 ან 2-ჯერადი მიღებით. ზოგ შემთხვევაში აღნიშნულია  დღე-ღამეში 400 მგ-ის მიღების ეფექტურობა.

ტკივილის სინდრომის მკურნალობა: ცელეკოქსიბის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 400 მგ, აუცილებლობის შემთხვევაში მომდევნო, დამატებითი დოზის 200 მგ მიღებით პირველ დღეს. მომდევნო დღეებში რეკომენდებული დოზაა 200 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში აუცილებლობის მიხედვით.

პირველადი დისმენორეის მკურნალობა: ცელეკოქსიბის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 400 მგ, აუცილებლობის შემთხვევაში მომდევნო, დამატებითი დოზის 200 მგ მიღებით პირველ დღეს. მომდევნო დღეებში რეკომენდებული დოზაა 200 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში აუცილებლობის მიხედვით.

ხანდაზმული პაციენტები: ჩვეულებრივ, დოზის კორექცია საჭირო არ არის. მიუხედავად ამისა, პაციენტებმა 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით მკურნალობა უნდა დაიწყონ ყველაზე დაბალი რეკომენდებული დოზით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კლასი A ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის საშუალო ხარისხის უკმარისობის (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით)  მქონე პაციენტებში საჭიროა პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზის განახევრება. ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობის (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით)  მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არის (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება“).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის მძიმე უკმარისობით დაავადებულებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არის (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითება“, “უკუჩვენება“).

ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენება: ფლუკონაზოლისა (იზოფერმენტ CYP2C9-ის ინჰიბიტორი) და პრეპარატ ცელებრექსის® ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა პრეპარატის რეკომენდებული საწყისი  დოზის განახევრება. საჭიროა სიფრთხილის დაცვა იზოფერმენტ CYP2C9-ის სხვა ინჰიბიტორებთან ერთდროულად მიღებისას.

ცელებრექსი® სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც არიან სუსტი მეტაბოლიზატორები ან არსებობს ეჭვი ასეთ მდგომარეობაზე, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ცელეკოქსიბის მაღალი კონცენტრაციის დაგროვება. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში საჭიროა პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზის განახევრება.

 გვერდითი მოქმედება

სიხშირის შეფასების კრიტერიუმები: ძალიან ხშირად >10%; ხშირად >1% და <10%; არც ისე ხშირად >0,1% და <1%; იშვიათად >0,01% და <0,1%, ძალიან იშვიათად <0,01%.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად - პერიფერიული შეშუპება, არტერიული წნევის მომატება, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობის დამძიმება; არც ისე ხშირად - “წამოხურება“, გულისცემის შეგრძნება; იშვიათად - გულის ქრონიკული უკმარისობის გამოვლინება, არითმია, ტაქიკარდია, იშემიური ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება; არც ისე ხშირად -  კბილების დაავადებები (პოსტექსტრაქციული ალვეოლიტი); იშვიათად - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, წყლულები საყლაპავში; ძალიან იშვიათად - ნაწლავის პერფორაცია, პანკრეატიტი.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავბრუსხვევა, უძილობა; არც ისე ხშირად - მოუსვენრობა, კუნთების ტონუსის მომატება, ძილიანობა; იშვიათად - ცნობიერების არევა (ფსიქოზი).

თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ: ხშირად - საშარდე გზების ინფექცია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ხშირად - ბრონქიტი, ხველა, სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები; არც ისე ხშირად - ფარინგიტი, რინიტი.

კანის საფარის მხრივ: ხშირად -  კანის ქავილი (მათ შორის გენერალიზებული), გამონაყარი; არც ისე ხშირად - ჭინჭრის ციება, ეკქიმოზი; იშვიათად - ალოპეცია.

სისხლის მხრივ: არც ისე ხშირად - ანემია, ეკქიმოზი; იშვიათად - თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება; ძალიან იშვიათად - ბულოზური გამონაყარი (ბულოზური დერმატიტი).

მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: არც ისე ხშირად - ხმაური ყურებში, არამკვეთრი მხედველობა.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: არც ისე ხშირად - “ღვიძლის“ ფერმენტების აქტივობის მომატება (მათ შორის, ალანინამინოტრანსფერაზის და ასპარტატამინოტრანსფერაზის).

სისხლის მხრივ: არც ისე ხშირად - ანემია; იშვიათად - თრომბოციტოპენია.

ზოგადი: არც ისე ხშირად - ჰიპერმგრძნობელობა, გრიპის მსგავსი სინდრომი, შემთხვევითი ტრავმები, სახის შეშუპება.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლენილია პოსტმარკეტინგული კვლევის დროს:

მიუხედავად იმისა, რომ ეს რეაქციები გამოვლინდა პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს, ისინი დაყოფილია სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად >10%; ხშირად >1% და <10%; არც ისე ხშირად >0,1% და <1%; იშვიათად >0,01% და <0,1%, ძალიან იშვიათად <0,01%, სიხშირე უცნობია - არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია.

იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ანაფილაქსიური რეაქციები.

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰალუცინაციები; ძალიან იშვიათად - სისხლჩაქცევა თავის ტვინში, ასეპტიკური მენინგიტი, გემოს შეგრძნებების დაკარგვა, ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: არც ისე ხშირად - კონიუნქტივიტი.

სისხლძარღვების მხრივ: ძალიან იშვიათად - ვასკულიტი.

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად - ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, პნევმონიტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად - კუჭ-ნაწლავური სისხლდენა.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰეპატიტი; ძალიან იშვიათად - ღვიძლის უკმარისობა, ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“, ქვე-პარაგრაფი “გავლენა ღვიძლის ფუნქციაზე“), ქოლესტაზი, ქოლესტაზური ჰეპატიტი, სიყვითლე.

კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: იშვიათად - ფოტომგრძნობელობის რეაქციები; ძალიან იშვიათად - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალფორმიანი ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული გამონაყარი ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან ერთად (DRESS ან ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი, ექსფოლიაციური დერმატიტი.

თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ: იშვიათად - თირკმლის მწვავე უკმარისობა (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“, ქვე-პარაგრაფი “გავლენა თირკმლის ფუნქციაზე“), ჰიპონატრიემია; ძალიან იშვიათად - ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, მინიმალური ცვლილებების დაავადება.

რეპროდუქციული სისტემის მხრივ: იშვიათად - მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

სიხშირებ უცნობია - ქალებში ფერტილობის დაქვეითება (იხ. პარაგრაფი “გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში“).

სისტემური დარღვევები: არც ისე ხშირად - ტკივილი გულ-მკერდის არეში.

ქალები, რომლებიც გეგმავდნენ ორსულობას, გაირიცხნენ კვლევიდან, ამიტომ ისინი არ იყვნენ აღრიცხული რეაქციის სიხშირის დათვლისას.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების გარეშე გამოყენებულ იქნა ერთჯერადი დოზები 1200 მგ-მდე და მრავალჯერადად 1200 მგ-მდე დღე-ღამეში 2-ჯერ მიღებით.

დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება. სავარაუდოდ დიალიზი არ არის ეფექტური მეთოდი პრეპარატის სისხლიდან გამოსაყვანად მისი სისხლის პლაზმის ცილასთან მაღალი ხარისხის კავშირის გამო.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ცელეკოქსიბის ერთდროულად გამოყენებამ  იზოფერმენტ CYP2D9-ის ინჰიბიტორებთან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მატება. ასეთ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ცელეკოქსიბის დოზის შემცირება.

ცელეკოქსიბის ერთდროულად გამოყენებამ იზოფერმენტ CYP2C9-ის ინჰიბიტორებთან, როგორიცაა რიფამპიცინი, კარბამაზეპინი და ბარბიტურატები,  შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაქვეითება. ასეთ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ცელეკოქსიბის დოზის გაზრდა.

ფარმაკოკინეტიკის კლინიკურმა კვლევებმა და in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მართალია ცელეკოქსიბი არ არის იზოფერმენტ CYP2D6-ის სუბსტრატი, მაგრამ აინჰიბირებს მის აქტივობას. ამიტომ არსებობს ალბათობა in vivo სამკურნალწამლო ურთიერთქმედებისა პრეპარატებთან, რომლების მეტაბოლიზმიც დაკავშირებულია იზოფერმენტ CYP2D6 -თან.

ვარფარინი და სხვა ანტიკოაგულანტები: ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია პროთრომბინის დროის გაზრდა.

ფლუკონაზოლი, კეტოკონაზოლი: ერთხელ დღე-ღამეში 200 მგ ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნება სისხლის პლაზმაში ცელეკოქსიბის კონცენტრაციის 2-ჯერ გაზრდა. ასეთი ეფექტი დაკავშირებულია ფლუკონაზოლის მიერ ცელეკოქსიბის მეტაბოლიზმის დათრგუნვასთან იზოფერმენტ CYP2C9-ით. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფლუკონაზოლს (იზოფერმენტ CYP2C9-ის ინჰიბიტორს), ენიშნებათ  ცელეკოქსიბის  რეკომენდებული დოზის ნახევარი (იხ. პარაგრაფი “გამოყენების წესი და დოზები“). კეტოკონაზოლი (იზოფერმენტ CYP3A4-ის ინჰიბიტორი) არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ცელეკოქსიბის მეტაბოლიზმზე.

დექსტრომეტორფანი და მეტოპროლოლი: დადგენილია, რომ დღე-ღამეში 200 მგ დოზით ცელეკოქსიბის ერთდროულად გამოყენება იწვევდა დექსტრომეტორფანისა და მეტოპროლოლის (იზოფერმენტ CYP2D6-ის სუბსტრატები) კონცენტრაციების მატებას 2,6 და 1,5-ჯერ, შესაბამისად. კონცენტრაციების ასეთი მატება დაკავშირებულია იზოფერმენტ CYP2D6-ის სუბსტრატების მეტაბოლიზმის ინჰიბირებასთან ცელეკოქსიბის მიერ თავად იზოფერმენტ CYP2D6-ის აქტივობის ინჰინირების მეშვეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით ცელეკოქსიბით თერაპიის დაწყების პერიოდში საჭიროა იზოფერმენტ CYP2D6-ის სუბსტრატების დოზის შემცირება, ცელეკოქსიბით მკურნალობის დასრულების შემდეგ კი - ამ პრეპარატების დოზის გაზრდა.

მეტოტრექსატი: არ აღინიშნებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ცელეკოქსიბსა და მეტოტრექსატს შორის.

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, მათ შორის ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები / ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები (ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერები), დიურეზულები და ბეტა-ადრენობლოკერები: პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება დააქვეითოს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების ან/და  ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერების, დიურეზულების და ბეტა-ადრენობლოკერების ეფექტი. ეს ურთიერთქმედება მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ცელეკოქსიბის მიღებისას აგფ ინჰიბიტორებთან ან/და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერებთან, დიურეზულებთან და ბეტა-ადრენობლოკერებთან ერთად.

ხანდაზმულ პაციენტებში, გაუწყლოების მქონე პაციენტებში (მათ შორის, დიურეზულებით მკურნალობის შემთხვევაში) ან თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში აასს-ის, მათ შორის ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორების, აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ-II ანტაგონისტების და დიურეზულების ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის გაუარესება, თირკმლის შესაძლო მწვავე უკმარისობის ჩათლით. ჩვეულებრივ, ეს ეფექტები შექცევადია. აღნიშნულთან დაკავშირებით საჭიროა სიფრთხილის დაცვა ამ პრეპარატების ერთდროულად მიღებისას. ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია თავდაპირველად რეჰიდრატაციის ჩატარება, შემდეგ კი პრეპარატ ცელებრექსით® მკურნალობის დაწყება. გარდა ამისა, საჭიროა განიხილოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგის ჩატარების შესაძლებლობა  თერაპიის დასაწყისში და პერიოდულად პრეპარატების კომბინირებული გამოყენების დროს.

ციკლოსპორინი: იმის გათვალისწინებით, რომ აასს გავლენას ახდენს პროსტაგლანდინების თირკმლისმიერ სინთეზზე, მათ შეუძლია გაზარდოს ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკი ციკლოსპორინებთან ერთდროულად გამოყენებისას.

დიურეზული საშუალებები: ადრე ცნობილ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს ზოგიერთ პაციენტში შეუძლია დააქვეითოს ფუროსემიდის და თიაზიდების ნატრიურეზული ეფექტი პროსტაგლანდინების თირკმლისმიერი სინთეზის დაქვეითების ხარჯზე, ეს უნდა იქნას გათვალისწინებული  ცელეკოქსიბის დანიშვნისას.

პერორალური კონტრაცეპტივები: კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა კონტრაცეპტული კომბინაციის (1მგ ნორეტისტერონი/35 მკგ ეთინილესტრადიოლი) ფარმაკოკინეტიკაზე არ აღნიშნულა.

ლითიუმი: ლითიუმისა და ცელეკოქსიბის ერთდროულად მიღებისას აღინიშნა სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მატება დაახლოებით 17%-ით. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ლითიუმით, უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ცელეკოქსიბის მიღებისას და მოხსნისას.

სხვა აასს: თავი შეიკავეთ ცელეკოქსიბისა და სხვა აასს-ის (რომლებიც არ შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას) ერთდროულად გამოყენებისგან.   

ლიზინოპრილის კვლევის შედეგები: 28 დღიან კვლევაში 1-ლი და მე-2 ხარისხის არტერიული წნევის მქონე პაციენტების მონაწილეობით, რომლებიც ამასთან დაკავშირებით ღებულობდნენ ლიზინოპრილს, იყო დადგენილი, რომ დღე-ღამეში ორჯერ 200 მგ დოზით ცელეკოქსიბის ერთდროულად მიღება არ იწვევდა საშუალო სისტოლური ან დიასტოლური წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან  ზრდას (დადგენილია არტერიული წნევის 24 საათიანი მონიტორინგის შედეგებით), პლაცებოსთან შედარებით. იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ცელეკოქსიბს დოზით 200 მგ დღე-ღამეში ორჯერ,  48%-ს არ აღენიშნებოდა პასუხი ლიზინოპრილით თერაპიაზე (პასუხის კრიტერიუმად მიღებულ იქნა დიასტოლური წნევის მაჩვენებლები 90 მმ ვწყ.სვ. მეტი ან დიასტოლური წნევის აწევა 10%-ით საწყის მაჩვენებელთან შედარებით), პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (ამ ჯგუფში პასუხი არ აღენიშნებოდა პაციენტების 27%-ს).

სხვა პრეპარატები: არ აღინიშნებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ცელეკოქსიბსა და ანტაციდებს (ალუმინის, მაგნიუმის შემცველი პრეპარატები), ომეპრაზოლს, გლიბენკლამიდს, ფენიტოინს ან ტოლბუტამიდს შორის.

ცელეკოქსიბი არ მოქმედებს დაბალი დოზებით მიღებული აცეტილსალიცილის მჟავის ანტიაგრეგანტულ მოქმედებაზე. ცელეკოქსიბს აქვს სუსტი მოქმედება  თრომბოციტების ფუნქციაზე, ამიტომ იგი არ შეიძლება განიხილოს, როგორც აცეტილსალიცილის მჟავას შემცვლელი, რომელიც ინიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

ჯანმრთელ მოხალისეებში აასს  არ ახდენს გავლენას დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკაზე. მიუხედავად ამისა, დიგოქსინისა და ინდომეტაცინის და იბუპროფენის ერთდროულად მიღებისას პაციენტს აღენიშნებოდა სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის მატება. ეს უნდა იქნას მიღებული მხედველობაში სხვა პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას, რომლებიც იწვევს სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის მატებას. არ არის ინფორმაცია ცელეკოქსიბის და დიგოქსინის ურთიერთქმედების შესახებ. გულ- სისხლძარღვთა სისტემაზე ცელეკოქსიბის სხვა ეფექტების გათვალისწინებით, მისი ერთროულად მიღება დიგოქსინთან საჭიროა სიფრთხილით. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია გვერდითი რეაქციების საგულდაგულო კონტროლი.

ცელეკოქსიბი უპირატესად მეტაბოლიზდება ღვიძლში იზოფერმენტ CYP2C9-ით. ბარბიტურატები წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2C9-ის ინდუქტორებს, ამიტომ ცელეკოქსიბთან მათი ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს  სისხლის პლაზმაში ცელეკოქსიბის კონცენტრაციის დაქვეითება.

განსაკუთრებული მითითება

ცელებრექსს®, სიცხის დამწევი მოქმედების გათვალისწინებით, შეუძლია დააქვეითოს ისეთი სიმპტომის დიაგნოსტური მნიშვნელობა, როგორიცაა ცხელება, და გავლენა იქონიოს ინფექციის დიაგნოზირებაზე.

გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

როგორც ყველა კოქსიბს, ცელეკოქსიბს შეუძლია გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სერიოზული გართულებების რისკი, როგორიცაა თრომბების წარმოქმნა, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი ლეტალური შედეგით. აღნიშნული რეაქციების გამოვლენის რისკი შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის დოზასთან, მიღების ხანგრძლივობასთან ერთად, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების და ამ დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში. აღნიშნული რეაქციების რისკის შესამცირებლად ცელებრექსი® ინიშნება უმცირესი ეფექტური დოზით და მაქსიმალურად ხანმოკლე დროის განმავლობაში (მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად). მკურნალმა ექიმმა და პაციენტმა უნდა მიიღონ მხედველობაში ასეთი გართულებების გამოვლენის ალბათობა ადრე ცნობილი კარდიოვასკულური სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაშიც კი. პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ნეგატიური ზემოქმედების ნიშნებისა და სიმპტომების და მათი გამოვლენის შემთხვევაში მისაღები ზომების  შესახებ.

აასს-ის (ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორები) გამოყენებისას პაციენტებში აორტო-კორონარული შუნტირების შემდეგ ტკივილის სინდრომის სამკურნალოდ პირველ 10-14 დღეში შესაძლებელია მიოკარდიუმის ინფარქტის და თავის ტვინში სისხლჩაქცევის დარღვევების სიხშირის გაზრდა.

თრომბოციტების ფუნქციაზე ცელეკოქსიბის სუსტ მოქმედებასთან დაკავშირებით მისი გამოყენება არ შეიძლება აცეტილსალიცილის მჟავის შემცვლელის სახით თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე არ შეიძლება ანტიაგრეგანტული თერაპიის მოხსნა (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა) თრომბოემბოლური გართულებების განვითარების რისკის მქონე პაციენტებში.

როგორც ყველა აასს,  ცელეკოქსიბსაც, შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, რაც შეიძლება გახდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების მიზეზი. ყველა აასს, მათ შორის ცელეკოქსიბი, სიფრთხილით გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. არტერიული წნევის კონტროლი უნდა განხორციელდს ცელეკოქსიბით მკურნალობის დასაწყისში, ასევე მკურნალობის დროს.

გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე

ავადმყოფებს, რომლებიც იღებდნენ ცელეკოქსიბს, უკიდურესად იშვიათად აღენიშნებოდათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პერფორაციის, წყლულების განვითარების და სისხლდენის შემთხვევები. აასს-ით მკურნალობის ფონზე ამ გართულებების განვითარების რისკი უფრო მაღალია ხანდაზმულ ადამიანებში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პირებში, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას, და ავადმყოფებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი დაავადებები, როგორიცაა წყლული, სისხლდენა, ანთებითი პროცესები გამწვავების სტადიაში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების სხვა რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს ერთდროულად გამოყენება პერორალურ გლუკოკორტიკოსტეროიდებთან და ანტიკოაგულანტებთან ერთად, აასს-ით ხანგრძლივი თერაპია, მოწევა, ალკოჰოლის მიღება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ განვითარებული სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ სპონტანური ცნობების უმრავლესობა ეხებოდა ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებს.

პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენება

პერორალურ ანტიკოაგულანტებთან აასს-ის ერთდროული გამოყენებისას იზრდება სისხლდენების რისკი. ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. პერორალურ ანტიკოაგულანტებს მიეკუთვნება ვარფარინი, კუმარინის რიგის ანტიკოაგულანტები და ახალი პერორალური ანტიკოაგულანტები (მაგალითად, აპიქსაბანი, დაბიგატრანი და რივაროქსაბანი). დაფიქსირებული იყო სერიოზული სისხლდენის შემთხვევები (მათგან ზოგი იყო ფატალური) პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ თანმხლებ მკურნალობას ვარფარინით ან ანალოგიური საშუალებებით. იმდენად, რამდენადაც ცნობილია პროთრომბინის დროის ზრდის შესახებ (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (სნშ)), პრეპარატ ცელებრექსით® მკურნალობის დაწყების შემდეგ ან მისი დოზის შეცვლის შემთხვევაში, პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ თანმხლებ მკურნალობას ვარფარინით ან კუმარინის რიგის ანტიკოაგულანტებით,  უნდა გაკონტროლდეს ანტიკოაგულანტური აქტივობა ან/და სნშ.

სითხის შეკავება და შეშუპებები

როგორც პროსტაგლანდინების სინთეზის დამამუხრუჭებელი სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, რიგ პაციენტებს, რომლებიც იღებენ ცელებრექსს®, შეიძლება აღენიშნოთ სითხის შეკავება და შეშუპებები, ამიტომ საჭიროა სიფრთხილის დაცვა მოცემული პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა იწვევს სითხის შეკავებას ან  შეიძლება გაუარესდეს სითხის შეკავების გამო. პაციენტები გულის უკმარისობით ანამნეზში ან არტერიული ჰიპერტენზიით უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ.

გავლენა თირკმლის ფუნქციაზე

აასს, მათ შორის ცელეკოქსიბსაც, შეუძლია მოახდინოს ტოქსიკური მოქმედება თირკმლის ფუნქციაზე. დადგენილია, რომ ცელეკოქსიბს არ აქვს უფრო მეტი ტოქსიკურობა სხვა აასს-თან შედარებით. ცელებრექსი® სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, გულის უკმარისობით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით და ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის საგულდაგულო კონტროლი (იხ. პარაგრაფი “გამოყენების წესი და დოზები“).

პრეპარატ ცელებრექსით® მკურნალობის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა დეჰიდრატაცის მქონე პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია თავდაპირველად რეჰიდრატაციის ჩატარება, შემდეგ კი პრეპარატ ცელებრექსით® თერაპიის დაწყება.

გავლენა ღვიძლის ფუნქციაზე

ცელებრექსის® გამოყენება არ შეიძლება მძიმე ხარისხის ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით). საჭიროა ცელებრექსის® სიფრთხილით გამოყენება ღვიძლის საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის და პრეპარატის საწყისი რეკომენდებული დოზის განახევრება (იხ. პარაგრაფი “გამოყენების წესი და დოზები“).

ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნებოდა მძიმე რეაქციები ღვიძლის მხრივ, ფულმინანტური ჰეპატიტის (ზოგჯერ ლეტალური შედეგით), ღვიძლის ნეკროზის, ღვიძლის უკმარისობის (ზოგჯერ ლეტალური შედეგით ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის აუცილებლობით) ჩათვლით. ამ რეაქციების უმრავლესობა განვითარდა ცელეკოქსიბის მიღების დაწყებიდან 1 თვეში.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომებით ან/და ნიშნებით, ან პაციენტები, რომლებსაც გამოუვლინდათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ლაბორატორიული მეთოდებით, უნდა იმყოფებოდნენ საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ, პრეპარატ ცელებრექსით® მკურნალობისას ღვიძლის მხრივ უფრო მძიმე რეაქციების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

ანაფილაქსიური რეაქციები

პრეპარატ ცელებრექსის® მიღებისას რეგისტრირებულია ანაფილაქსიური რეაქციების შემთხვევები (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება“).

სერიოზული რეაქციები კანის საფარის მხრივ

ცელეკოქსიბის მიღებისას ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა სერიოზული რეაქციები კანის საფარის მხრივ, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ზოგიერთი მათგანი ფატალური შედეგით. ასეთი რეაქციების განვითარების რისკი უფრო მაღალია მკურნალობის დასაწყისში, აღნიშნული შემთხვევების უმრავლესობა ვლინდებოდა თერაპიის პირველ თვეში. შეწყვიტეთ პრეპარატ ცელებრექსის® მიღება კანზე გამონაყარის, ლორწოვან გარსებზე ცვლილებების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.

თერაპია გლუკოკორტიკოსტეროიდებით

ცელებრექსი® ვერ შეცვლის გლუკოკორტიკოსტეროიდებს და არ გამოიყენება გლუკოკორტიკოსტეროიდული უკმარისობის თერაპიის სახით.

იზოფერმენტ CYP2D6-ის ფუნქციის დათრგუნვა

დადგენილია, რომ ცელეკოქსიბი წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2D6-ის ზომიერ ინჰიბიტორს. ცელეკოქსიბის თერაპიის დაწყებამდე საჭიროა იმ პრეპარატების დოზის შემცირება, რომლებიც მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2D6-ით, ცელეკოქსიბით მკურნალობის დასრულების შემდეგ კი საჭიროა ამ პრეპარატების დოზის გაზრდა (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ცელეკოქსიბის ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე შესწავლილი არ არის. მაგრამ ფარმაკოდინამიკური თვისებებისა და უსაფრთხოების ზოგადი პროფილის გათვალისწინებით ნაკლებად სავარაუდოა ცელებრექსის® ასეთი ზემოქმედება.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართის და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებისას, რომლებიც საჭიროებს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, რადგან პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს აღნიშნულ უნარზე.

გამოშვების ფორმა

100 მგ და 200 მგ კაფსულები, 10 კაფსულა პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში (კონტურული უჯრედიანი შეფუთვა), 1, 2, 3, 4, 5 ან 10 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ ადგილზე 15-30˚C ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 ვარგისობის ვადა

3 წელი. პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

“რ-ფარმ გერმანია გმბჰ“, გერმანია

ჰენრიხ მაკ შტრას, 35, 89257, ილლერტისენ, გერმანია

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

“ფაიზერ ეიჩ. სი. პი. კორპორეიშნ“, 235, აღმოსავლეთი 42-ის ქუჩა 235, 10017 ნიუ-იორკი, აშშ.

მეტი ინფორაცია
Units 20
Form სპრეი
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy