ANAPRILIN - ანაპრილინი 0.04გ 50 ტაბლეტი

1,55 ლ
მარაგშია
SKU
110_121

ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია, დაძაბვის სტენოკარდია, სინუსური ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, შიშის სინდრომი.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:  პროპრანოლოლი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, შემოუგარსავი ტაბლეტები, ნაზოლითა და ჭდით;   
შემადგენლობა:
            
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
პროპრანოლოლის ჰიდროქლორიდს – 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასელექციური ß-ადრენობლოკატორი. ათქ-კოდი: C07AA05.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პროპრანოლოლი წარმოადგენს არასელექციურ ß-ადრენობლოკატორს, რომელიც ხასიათდება ანტიჰიპერტენზიული, ანტიანგინალური და ანტიარითმიული მოქმედებით. ß-ადრენორეცეპტორების ბლოკადის გამო ამცირებს კატექოლამინების ზეგავლენით ატფ-იდან ც-ამფ-ის წარმოქმნას, რის შედეგადაც ქვეითდება უჯრედში კალციუმის იონების შესვლა. პროპრანოლოლს გააჩნია უარყოფითი ქრონო-, დრომო-, ბათმო- და ინოტროპული მოქმედება (ამცირებს გულისცემის სიხშირეს, აქვეითებს გამტარებლობას, აგზნებადობას და მიოკარდიუმის შეკუმშვის უნარს). ß-ადრენობლოკატორების მიღებისას პირველი 24 სთ-ის განმავლობაში სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა იზრდება (α-ადრენორეცეპტორების აქტივობის რეციპროკული გაზრდისა და ჩონჩხის კუნთების სისხლძარღვთა ß2-ადრენორეცეპტორების სტიმულაციის შეწყვეტის გამო), 1-3 დღის შემდეგ უბრუნდება თავდაპირველ დონეს, პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას კი ქვეითდება.
ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია გულის წუთმოცულობის, პერიფერიულ სისხლძარღვთა სიმპათიკური სტიმულაციის, რენინ-ანგიოტენზინის სისტემის აქტივობის შემცირებით (პაციენტებში რენინის ჰიპერსეკრეციით), აორტის რკალის ბარორეცეპტორების მგრძნობელობის დაქვეითებით და ცნს-ზე ზეგავლენით. ჰიპოტენზიური ეფექტი სტაბილურდება მკურნალობის კურსის დაწყებიდან მე-2 კვირის ბოლოს.
ანტიანგინალური მოქმედება განპირობებულია ჟანგბადზე მიოკარდიუმის მოთხოვნილების დაქვეითებით (უარყოფითი ქრონოტროპული და ინოტროპული ეფექტის გამო). გულისცემის სიხშირის შემცირება იწვევს დიასტოლის გახანგრძლივებას და მიოკარდიუმის პერფუზიის გაუმჯობესებას. მარცხენა პარკუჭში საბოლოო დიასტოლური წნევის გაზრდისა და პარკუჭების კუნთოვანი ბოჭკოების გაჭიმვის გამო შესაძლოა გაიზარდოს ჟანგბადზე მოთხოვნილება, განსაკუთრებით გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ანტიარითმიული ეფექტი განპირობებულია არითმოგენული ფაქტორების აღმოფხვრით (ტაქიკარდია, სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობის მომატება, ც-ამფ-ის მომატებული კონცენტრაცია, არტერიული ჰიპერტენზია), სინუსური და ექტოპიური რიტმის წამყვანების სპონტანური აგზნების სიჩქარისა და AV გამტარებლობის შემცირებით. იმპულსთა გატარების დაქვეითება აღინიშნება უპირატესად ანტეგრადული და მცირე ხარისხით რეტროგრადული მიმართულებით AV კვანძისა და დამატებითი გზების გავლით. პროპრანოლოლი მიეკუთვნება ანტიარითმიული საშუალებების II კლასს. სისხლძარღვოვანი გენეზის თავის ტკივილის განვითარების თავიდან აცილებას განაპირობებს ცერებრული არტერიების გაფართოების შემცირება სისხლძარღვთა ß-ადრენორეცეპტორების ბლოკადის გამო, კატექოლამინებით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციისა და ლიპოლიზის დათრგუნვა, თრომბოციტების ადჰეზიურობის დაქვეითება, ადრენალინის გამოთავისუფლებისას სისხლის შემადედებელი ფაქტორების აქტივაციის თავიდან აცილება, ქსოვილების მიერ ჟანგბადის ათვისების სტიმულაცია და რენინის სეკრეციის შემცირება.
ტრემორის შემცირება პროპრანოლოლის მიღების ფონზე განპირობებულია უპირატესად პერიფერიული ß2-ადრენორეცეპტორების ბლოკადით.
იგი ზრდის საშვილოსნოს შეკუმშვის უნარს (სპონტანურსა და მიომეტრიუმის მასტიმულირებელი  საშუალებებით გამოწვეულს), ბრონქების ტონუსს. მაღალ დოზებში იწვევს სედაციურ ეფექტს.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ აბსორბირდება მიღებული დოზის 90%, მაგრამ ბიოშეღწევადობა დაბალია ”პირველი გავლისას” ღვიძლში მეტაბოლიზმის გამო. Cmax  სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-1.5 სთ-ში, პროპრანოლოლის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 93%-ს. T1/2  შეადგენს 3-5 სთ-ს. გამოიყოფა თირკმლებით უპირატესად მეტაბოლიტების სახით, უცვლელი სახით - 1%-ზე ნაკლები.
ჩვენება:
-    არტერიული ჰიპერტენზია;
-    დაძაბვის სტენოკარდია;
-    არასტაბილური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდიის გამოკლებით);
-    სინუსური ტაქიკარდია (მათ შორის ჰიპერთირეოზის დროს);
-    პარკუჭზედა ტაქიკარდია;
-    მოციმციმე ტაქიარითმია;
-    პარკუჭზედა და პარკუჭთა ექსტრასისტოლია;
-    მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკა (სისტოლური არტერიული წნევა მეტია 100   მმ.ვწ.სვ-ზე);
-    ესენციური ტრემორი;
-    ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (აჟიტირება და კანკალი);
-    შაკიკი (შეტევათა პროფილაქტიკა);
-    დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი და თირეოტოქსიკური კრიზების მკურნალობისას სიმპტომური თერაპია;
-    ფეოქრომოციტომა (მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში);
-    სიმპათო-ადრენალური კრიზები დიენცეფალური სინდრომის ფონზე.
მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები მიიღება პერორალურად, საკვების მიღებამდე, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს: მიიღება 40 მგ 2-ჯერ დღეში. არასაკმარისად გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტის დროს სადღეღამისო დოზა იზრდება 120 მგ-მდე (40 მგ 3-ჯერ დღეში) ან 160 მგ-მდე (80 მგ 2-ჯერ დღეში). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 320 მგ-ს.
სტენოკარდიის, გულის რითმის დარღვევის დროს: საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 60 მგ-ს (20 მგ 3-ჯერ დღეში), შემდეგ სადღეღამისო დოზას ზრდიან 80-120 მგ-მდე, რომელიც ნაწილდება 2-3 მიღებაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 240 მგ-ს.
შაკიკის პროფილაქტიკისა და ესენციური ტრემორის დროს: პრეპარატს ნიშნავენ საწყისი დოზით 120 მგ (40 მგ 3-ჯერ დღეში), აუცილებლობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 160-მგ-მდე დღეში.
მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკის დროს: ანაპრილინით მკურნალობა იწყება გადატანილი ინფარქტიდან მე-5 და 21-ე დღეებს შორის შუალედში, ინიშნება დოზით 120 მგ (40 მგ 3-ჯერ დღეში), 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 80 მგ 2-ჯერ დღეში, აუცილებლობის შემთხვევაში 180-240 მგ 2-3 მიღებაზე.
ჰიპერთირეოზის დროს (სიმპტომური თერაპია) ანაპრილინი ინიშნება 40 მგ 3-4-ჯერ დღეში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს საჭიროა პირველადი დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღებათა შორის ინტერვალის გაზრდა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.
გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობა, სისუსტე, თავბრუ, თავის ტკივილი; ძილიანობა ან უძილობა, კოშმარული სიზმრები, დეპრესია, შფოთვა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, ტრემორი, ნევროზული მდგომარეობა;
გრძნობათა ორგანოების მხრივ: ცრემლის სეკრეციის შემცირება (თვალის სიმშრალე და ტკივილი);
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სინუსური ბრადიკარდია; AV ბლოკადა, არითმიები, გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარება (გაღრმავება), არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ანგიოსპაზმის გამოვლინებები (პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ქვედა კიდურების გაცივება, რეინოს სინდრომი), ტკივილი მკერდის არეში;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი ეპიგასტრალურ არეში, შეკრულობა ან დიარეა, ღვიძლის ფუნქციათა დარღვევა (მუქი შარდი, სკლერების ან კანის სიყვითლე, ქოლესტაზი), გემოვნების შეცვლა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება;
სასუნთქი სისტემის მხრივ: ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი;
ენდოკრინული სისტემის მხრივ: სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილება (ჰიპო- ან ჰიპერგლიკემია);
სისხლის სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია (უჩვეულო სისხლდენები ან სისხლჩაქცევები), ლეიკოპენია;
კანის მხრივ: ოფლიანობის გაძლიერება, ფსორიაზის მსგავსი კანის რეაქციები, ფსორიაზის სიმპტომების გაძლიერება;
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება;
სხვა: ტკივილი ზურგის არეში, ართრალგია, პოტენციის დაქვეითება, მოხსნის სინდრომი (სტენოკარდიის შეტევათა გაძლიერება, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტერიული წნევის მომატება).
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:

II ან III ხარისხის AV-ბლოკადა, სინოატრიული ბლოკადა, სინუსური ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლებია 90 მმ.ვწ.სვ), არაკონტროლირებადი გულის ქრონიკული უკმარისობა II ან III სტადიაში, გულის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლებია 100 მმ.ვწ.სვ), კარდიოგენური შოკი, ფილტვების შეშუპება, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, პრინცმეტალის სტენოკარდია, კარდიომეგალია (გულის უკმარისობის ნიშნების გარეშე), ვაზომოტორული რინიტი, პერიფერიული სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებები (გართულებული განგრენით, ხანგამოშვებითი კოჭლობით ან ტკივილით მოსვენების მდგომარეობაში), შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური აციდოზი (მათ შორის დიაბეტური კეტოაციდოზი), ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმისკენ მიდრეკილება, ანამნეზში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ფეოქრომოციტომა (α-ადრენობლოკატორებთან ერთდროული გამოყენების გარეშე), სპასტიური კოლიტი, ანტიფსიქოზურ და ანქსიოლიზურ საშუალებებთან ერთდროული მიღება (ქლორპრომაზინი, ტრიოქსაზინი და სხვ), მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღება, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
იმუნოთერაპიისათვის გამოყენებადი ალერგენები, ან კანის სინჯებისათვის განკუთვნილი ალერგენების ექსტრაქტები ზრდიან მძიმე სისტემური ალერგიული რეაქციების ან ანაფილაქსიის განვითარების რისკს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პროპრანოლოლით.
იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული სამკურნალო საშუალებების ი/ვ შეყვანისას იზრდება ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკი.
ფენიტოინი ი/ვ შეყვანისას, ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებები ზრდიან კარდიოდეპრესიულ მოქმედებას და არტერიული წნევის დაქვეითების ალბათობას. პროპრანოლოლი ცვლის ინსულინისა და ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების ეფექტურობას, ნიღბავს განვითარებადი ჰიპოგლიკემიის სიმპტომებს (ტაქიკარდია, მომატებული არტერიული წნევა). ამცირებს ლიდოკაინისა და ქსანტინების (დიფილინის გარდა) კლირენსს და ზრდის პლაზმაში მათ კონცენტრაციას, განსაკუთრებით თამბაქოს მომხმარებელ პაციენტებში თეოფილინის მომატებული კლირენსით. ჰიპოტენზიურ ეფექტს ამცირებს აასს (Na+ შეკავების და თირკმლებით პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკადის გამო), გლუკოკორტიკოსტეროიდები და ესტროგენები (Na+ შეკავების გამო).
საგულე გლიკოზიდები, მეთილდოფა, რეზერპინი და გუანფაცინი, კალციუმის ნელი არხების მაბლოკირებელი საშუალებები (ვერაპამილი, დილთიაზემი), ამიოდარონი და სხვ. ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები ზრდიან ბრადიკარდიის, AV ბლოკადის, გულის გაჩერების და გულის უკმარისობის განვითარებისა და გაღრმავების რისკს. ნიფედიპინთან კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება. დიურეზულმა, სიმპათოლიზურმა საშუალებებმა, კლონიდინმა, ჰიდრალაზინმა და სხვა ჰიპოტენზიურმა სამკურნალო საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიონ არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება.
ახანგრძლივებს არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების მოქმედებას და კუმარინების ანტიკოაგულაციურ ეფექტს. ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური) სამკურნალო საშუალებები, ეთანოლი, სედაციური და საძილე სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ ცნს-ის დათრგუნვას.
მაო-ს ინჰიბიტორებისა და ანაპრილინის მიღებათა შორის დროის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 14 დღე. არაჰიდრირებული ჭვავის რქის ალკალოიდები ზრდიან პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის განვითარების რისკს. ზრდის თირეოსტატიკური და უტერომატონიზებელი სამკურნალო საშუალებების მოქმედებას, აქვეითებს ანტიჰისტამინური პრეპარატების მოქმედებას. ფენოთიაზინის წარმოებულებთან ერთდროული დანიშვნა ზრდის პლაზმაში ორივე პრეპარატის კონცენტრაციას. სულფასალაზინი და ციმეტიდინი ზრდის პლაზმაში პროპრანოლოლის კონცენტრაციას (ანელებს მეტაბოლიზმს), რიფამპიცინი ამცირებს პროპრანოლოლის T1/2.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ბრადიკარდია, თავბრუ ან გულის წასვლა, არტერიული წნევის დაქვეითება, არითმიები, სუნთქვის გაძნელება, ფრჩხილების ან ხელისგულების ციანოზი, კრუნჩხვები.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირი (პერორალურად); AV-გამტარებლობის დარღვევის შემთხვევაში – ი/ვ შეჰყავთ 1-2 მგ ატროპინი, ეპინეფრინი, დაბალი ეფექტურობის შემთხვევაში იყენებენ დროებით კარდიოსტიმულატორს; პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის დროს -ლიდოკაინი (IA კლასის პრეპარატები არ გამოიყენება); არტერიული ჰიპოტენზიის დროს (ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს წოლით მდებარეობაში, თავის მდებარეობით სხეულის დონეზე დაბლა), თუ არ აღინიშნება ფილტვების შეშუპების ნიშნები ი/ვ შეჰყავთ პლაზმის შემცვლელი ხსნარები, ეფექტის არარსებობის შემთხვევაში – ეპინეფრინი, დოფამინი, დობუტამინი; კრუნჩხვების არსებობისას – ი/ვ დიაზეპამი; ბრონქოსპაზმის დროს – ინჰალაციური ან პარენტერული ბეტა-ადრენოსტიმულატორები.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს ანაპრილინის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიმდინარეობდეს დეტალური დაკვირვება ნაყოფის მდგომარეობაზე, რადგან ანაპრილინის მიღებამ ორსულობის პერიოდში შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხება, ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია. მშობიარობამდე 48-74 სთ-ით ადრე ანაპრილინით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ანაპრილინით მკურნალობა უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები:
ანაპრილინის დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია გულისცემის სიხშირის, არტერიული წნევის და ეკგ-ს სისტემატიური კონტროლი. ხანდაზმულ პაციენტებს საჭიროა ჩაუტარდეთ თირკმლის ფუნქციათა კონტროლი (4-5 თვეში ერთხელ). ხანდაზმულ პაციენტებში მზარდი ბრადიკარდიის (50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში), არტერიული ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლებია 100 მმ.ვწ.სვ), AV-ბლოკადის, ბრონქოსპაზმის, პარკუჭთა არითმიის, ღვიძლის ან/და თირკმლების ფუნქციათა მძიმე დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია დოზის შემცირება ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღების შედეგად განვითარდა დეპრესია საჭიროა თერაპიის შეწყვეტა. პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა გაითვალისწინონ, რომ ანაპრილინით მკურნალობის ფონზე შესაძლოა განვითარდეს ცრემლის პროდუქციის შემცირება. გულის უკმარისობის (საწყისი სტადია)  მქონე პაციენტებმა პრეპარატის დანიშვნამდე აუცილებელია მიიღონ საგულე გლიკოზიდები ან/და დიურეზული საშუალებები. გულის იშემიური დაავადებებისა და არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მკურნალობის კურსი უნდა იყოს ხანგრძლივი, ანაპრილინის მიღება შესაძლებელია რამოდენიმე წლის განმავლობაში. მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, პრეპარატის უეცარმა მოხსნამ შესაძლოა გააძლიეროს მიოკარდიუმის იშემია, სტენოკარდიული ტკივილი, გააუარესოს ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობა. ანაპრილინის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით, 2 კვირის (ან მეტი) განმავლობაში, დოზის თანდათანობითი შემცირებით (25%-ით ყოველ 3-4 დღეში). ანაპრილინის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს, საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე, რადგანაც საკვების მიღებათა შორის ხანგრძლივი შუალედის არსებობისას შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია. აღსანიშნავია, რომ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ტაქიკარდია ან ტრემორი შესაძლოა შენიღბული იქნას ანაპრილინის მიღების გამო. პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ, რომ ანაპრილინით მკურნალობის პერიოდში განვითარებული ჰიპოგლიკემიის სიმპტომს წარმოადგენს გაძლიერებული ოფლის გამოყოფა. თირეოტოქსიკოზის დროს ანაპრილინმა შესაძლოა შენიღბოს ჰიპერთირეოზის გარკვეული კლინიკური ნიშნები (მაგ. ტაქიკარდია). თირეოტოქსიკოზით დაავადებულ პირებში პრეპარატის უეცარი მოხსნა ზრდის სიმპტომატიკის გაძლიერების რისკს. კლონიდინთან ერთდროული მიღებისას მისი მიღება უნდა შეწყდეს ანაპრილინის მოხსნიდან რამოდენიმე დღის შემდეგ. პრეპარატებმა, რომლებიც აქვეითებენ კატექოლამინების დონეს (მაგ. რეზერპინი) შესაძლოა გააძლიერონ ანაპრილინის მოქმედება, ამიტომ პაციენტები, რომლებიც იღებენ აღნიშნულ პრეპარატებს, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰიპოტენზიისა და ბრადიკარდიის განვითარების საშიშროების გამო. ანაპრილინით მკურნალობის ფონზე არ ხორციელდება ვერაპამილისა და დილთიაზემის ი/ვ შეყვანა. ქლოროფორმით ან ეთერით ზოგადი ნარკოზის ჩატარებამდე რამოდენიმე დღით ადრე უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. სისხლში ან შარდში კატექოლამინების, ნორმეტანეფრინის ან ანტინუკლეარული ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრამდე უნდა შეწყდეს ანაპრილინით მკურნალობა. მწეველ პაციენტებში ანაპრილინით მკურნალობის ეფექტურობა დაბალია. ანაპრილინით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება რეკომენდებული არ არის (შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება). ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე ანაპრილინით მკურნალობის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება ავტოტრანსპორტის მართვისა და იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).

მეტი ინფორაცია
Units 50
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy