Tiregis - ტირეგისი 80მგ 28 ტაბლეტი
ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია, ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
სამკურნალო საშუალების დასახელება
ტირეგისი®, 80მგ გარსით დაფარული ტაბლეტები
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ტირეგისი®, 80მგ გარსით დაფარული ტაბლეტები:
ყოველი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ტელმისარტანს.
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: 434,70 მგ ლაქტოზა (ლაქტოზის მონოჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერების სრული ჩამონათვალი მოცემულია 6.1. პარაგრაფში.
წამლის ფორმა
ტირეგისი®, 80მგ გარსით დაფარული ტაბლეტები: გარსით დაფარული ყვითელი, ოვალური ტაბლეტები. ტაბლეტის ერთ მხარეს გრავირებულია ციფრი „80“ და მეორე მხარეს - სტილიზებული ასო „T”.
კლინიკური თვისებები
4.1. თერაპიული ჩვენება
არტერიული ჰიპერტენზია
ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს პაციენტებში, რომელთაც აქვთ:
ათეროთრომბოზით გამოწვეული კლინიკურად გამოხატული დაავადებები (ანამნეზში: გულის იშემიური დაავადება, ინსულტი ან პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზი) ან
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 და სამიზნე-ორგანოების დადასტურებული დაზიანება.
4.2. დოზირება და მიღების წესი
დოზირების რეჟიმი
ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა:
ჩვეულებრივი ეფექტური დოზა შეადგენს 40 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. ზოგიერთ პაციენტში დადებითი ეფექტი ვლინდება 20 მგ დღე-ღამური დოზის მიღების დროსაც. თუ არტერიული ჰიპერტენზიის სამიზნე მნიშვნელი არ მიიღწევა, მაშინ ტელმისარტანის დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე: 80 მგ დღე-ღამეში ერთხელ. ასევე, შესაძლებელია ტელმისარტანის გამოყენება ისეთი თიაზიდური ჯგუფის დიურეზულ საშუალებებთან ერთად, როგირიცაა, ჰიდროქლორთიაზიდი, რომელმაც ტელმისარტანთან კომბინაციაში მიღებისას, გამოავლინა ადიტიური ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. დოზის მომატების აუცილებლობის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ჩვეულებრივ, მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან ოთხი-რვა კვირის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 5.1).
გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკა:
რეკომენდებული დოზა შეადგენს 80მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. უცნობია ამცირებს თუ არა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ტელმისარტანის 80მგ-ზე დაბალი დოზები.
გულ-სისხლძარღვთა დაავადების შემცირების მიზნით, ტელმისარტანით მკურნალობის დასაწყისში, რეკომენდებულია არტერიული წნევის საგულდაგულო მონიტორინგი. შესაძლოა, საჭირო გახდეს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების დოზის კორექცია.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები:
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმელების ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერი დარღვევა, არ ესაჭიროებათ დოზის კორექცია. თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში პრეპარატის მიღების გამოცდილება არასაკმარისია. ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზა - 20მგ (იხ. პარაგრაფი 4.4).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პრეპარატი ტირეგისი® უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.3). პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერი დარღვევა, დოზირება არ უნდა აჭარბებდეს 40მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში (იხ. პარაგრაფი 4.4).
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში საჭირო არ არის დოზირების კორექცია.
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები
18 წლამდე ასაკის ბავშვებში ტელმისარტანის გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე არ მოიპოვება მონაცემები. ბავშვებში ტელმისარტანის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მონაცემები მოცემულია 5.1 და 5.2 პარაგრაფებში, თუმცა, ბავშვებში ამ პრეპარატის დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ მოიპოვება.
მიღების წესი
გარსით დაფარული ტელმისარტანის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად დღეში ერთხელ, როგორც ჭამამდე, ასევე, ჭამის შემდეგ; გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება წყლის დაყოლებით.
უსაფრთხოების ზომები სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე ან მიღებამდე
ტელმისარტანი ინახება ჰერმეტულად დახურულ ბლისტერებში, ვინაიდან გარსით დაფარული ტაბლეტები არის ჰიგროსკოპული. გარსით დაფარული ტაბლეტების ამოღება ბლისტერიდან უნდა მოხდეს უშუალოდ მიღების წინ.
4.3. უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი დამხამრე ნივთიერების მიმართ (იხ. 6.1 პარაგრაფი);
ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრი (იხ. 4.4 და 4.6 პარაგრაფები);
სანაღვლე გზების ობსტრუქციული დაავადებები;
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან კომბინაცია, პაციენტებში რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ზომიერი ან მწვავე უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <60 მლ/წთ/1.73მ2) (იხ. 4.2, 4.4, 4.5 და 5.1 პარაგრაფები).
განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
ორსულობა:
ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობის დაწყება. თუ აუცილებელია თერაპიის გაგრძელება ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით, მაშინ პაციენტები, რომლებიც დაორსულებას აპირებენ, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ სამკურნალო საშუალებებზე, რომელსაც ორსულობის დროს აქვს დადგენილი უსაფრთხოების პროფილი. ორსულობის დადასტურებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ალტერნატიული ანტიჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენება (იხ. პარაგრაფი 4.3 და 4.6).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
ტელმისარტანის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ქოლესტაზი, სანაღვლე გზების ობსტრუქციული დაავადებები ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაზიანება (იხ. პარაგრაფი 4.3), ვინაიდან ტელმისარტანი ძირითადად გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაღვლის საშუალებით. მოსალოდნელია, რომ ასეთ პაციენტებს ექნებათ ტელმისარტანის შემცირებული ღვიძლისმეირი კლირენსი. ტელმისარტანი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერი დარღვევა.
ვაზორენალური არტერიული ჰიპერტენზია:
პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი ფუნქციონირებადი თირკმლის არტერიის სტენოზი და მკურნალობენ ისეთი სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე, მომატებულია გამოხატული არტერიული ჰიპერტენზიისა და თორკმელების უკმარისობის რისკი.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა და თირკმელების ტრანსპლანტაცია:
ტელმისარტანის მიღებისას იმ პაციენტების შრატში, რომელთაც აქვთ თირკმელების ფუნქცია დაქვეითებული, რეკომენდებულია კალიუმის და კრეატინინის დონის პერიოდული მონიტორინგი. ტელმისარტანის დანიშვნის გამოცდილება პაციენტებში, რომელთაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს თირკმელების ტრანსპლანტაცია, არასაკმარისია.
ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება:
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ცირკულირებადი სისხლის მოცულობის ან ნატრიუმის შემცველობის (რაც გამოწვეულია დიურეზული საშუალებების აქტიური გამოყენებით, საკვებში მარილის შეზღუდილი გამოყენებით, დიარეით ან ღებინებით) შემცირება, შეიძლება განვითარდეს კლინიკურად გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, განსაკუთრებით ტელმისარტანის პირველი დოზის მიღების შემდეგ. ტელმისარტანის მიღების დაწყებამდე უნდა მოწესრიგდეს ასეთი მდგომარეობა და აღდგეს ცირკულირებადი სისხლის მოცულობა და/ან ნატრიუმის შემცველობა.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემების (რაას) ორმაგი ბლოკადა:
არსებობს მონაცემები, რომ ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების (აგფ) ინჰიბიტორების, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორების (არბ) ან ალისკირენის ერთდროული მიღება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალემიის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითრების) რისკს. ამგვარად, რაას-ის ორმაგი ბლოკადა, აგფ ინჰიბიტორების, არბ-ის და ალისკირენის ერთდროული მიღებით, არ არის რეკომენდებული (იხ. პარაგრაფები 4.5 და 5.1).
თუ რაას-ის ორმაგი ბლოკადა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, იგი უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და არტერიული წნევის ხშირი კონტროლით.
აგფ ინფიბიტორების და არბ კლასის პრეპარატების კომბინირება აკრძალულია დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
სხვა მდგომარეობები რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემების სტიმულაცით:
ზოგიერთ პაციენტში სისხლძარღვების ტონუსი და თირკმელების ფუნქცია ძირითადად დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემების აქტიურობაზე (მაგ. პაციენტები მძიმე შეგუბებითი გულის უკმარისობით ან თირკმელების დაავადებით, მათ შორის თირკმლის არტერიის სტენოზით). ასეთ პაციენტებში, მოცემულ სისტემაზე მოქმედი ისეთი სამკურნალო საშუალებებით მკურნალობა, როგორიცაა ტელმისარტანი, ასოცირდება მწვავე არტერიულ ჰიპოტენზიასთან, ჰიპერაზოტემიასთან, ოლიგურიასთან და (იშვიათ შემთხვევებში) თირკმლების მწვავე უკმარისობასთან (იხ. პარაგრაფი 4.8).
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი:
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მქონე პაციენტები, ჩვეულებრივ, არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო პრეპარატებზე, რომლებიც მოქმედებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირებით. ამიტომ ასეთ პაციენტებში ტელმისარტანის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
აორტული და მიტრალური სარქველის სტენოზი, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია:
როგორც სხვა სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატების (ვაზოდილატატორების) შემთხვევაში, ამ პრეპატატის მიღების დროსაც, საჭიროა, განსკუთრებული სიფრთხილე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აორტული ან მიტრალური სარქველის სტენოზი ან ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ინსულინს ან ანტიდიაბეტურ პრეპარატებს:
ასეთ პაციენტებში, ტელმისარტანის მიღების ფონზე, შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია. ამგვარად, ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია გლუკოზის დონის კონტროლი სისხლში. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო გახდეს ინსულინის ან ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის ცვლილება.
ჰიპერკალემია:
ისეთი პრეპარატების მიღებამ, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალემია.
ხანდაზმულებში, თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად გადიან მკურნალობას სხვა ისეთი პრეპარატებით, რომელთაც შეუძლიათ კალიუმის დონის მომატება, ასევე ინტერკურენტული დაავადებების მქონე პაციენტებში, ჰიპერკალემიამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
სანამ განვიხილავთ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე მოქმედ პრეპარატებთან კომბინაციას, უნდა შეფასდეს სარგებელი-რისკის თანაფარდობა. ჰიპერკალემიის რისკის ძირითადი გასათვალისწინებელი ფაქტორებია:
შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ხანდაზმული ასაკი (>70 წელი);
კომბინაცია ერთ ან რამდენიმე სხვა პრეპარატთან, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე და/ან კალიუმის შემცველ პრეპარატებთან. ჰიპერკალემიის გამომწვევ პრეპარატებს (პრეპარატების კლასს) განეკუთვნება მარილის შემცვლელები, კალიუმის შემცველები, კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზული საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექტიური ინჰიბიტორები), ჰეპარინი, იმუნოდეპრესიული საშუალებები (ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი) და ტრიმეტოპრიმი;
თანმხლები მდგომარეობა, კერძოდ, გაუწყლოება, გულის ფუნქციის მწვავე დეკომპენსაცია, მეტაბოლური აციდოზი, თირკმელების ფუნქციის გაუარესება, თირკმელების მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესება (მაგ. ინფექციური დაავადებები), უჯრედების ლიზისი (დაშლა) (მაგ. კიდურების მწვავე იშემია, რაბდომიოლიზი, ფართო დაზიანებები).
რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტთათვის რეკომენდებულია კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი შრატში (იხ. პარაგრაფი 4.5).
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს
ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული დარღვევები (გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია).
ეთნიკური განსხვავებები:
ტელმისარტანი და ანგიოტენზინ II რეცეპტორების სხვა ანტაგონისტები, ასევე, ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების (აგფ) ინჰიბიტორები, როგორც ჩანს, ნაკლებად ეფექტურები არიან არტერიული წნევის შემცირებისას ნეგროიდული რასის წარმომადგენლებში სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შედარებით. შესაძლებელია ეს გამოწვეული იყოს, იმით რომ შავკანიანი პაციენტების პოპულაციაში, რომელთაც აწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია, უფრო მეტადაა გავრცელებული რენინის დაბალი დონე.
სხვა გაფრთხილებები:
როგორც ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიური პრეპარატის მიღების შემთხვევაში, არტერიული წნევის მეტისმეტმა დაქვეითებამ პაციენტებში, რომელთაც აქვთ იშემიური კარდიომიოპათია ან სხვა იშემიური დაავადებები, შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
დიგოქსინი
ტელმისარტანის დიგოქსინთან ერთად მიღებისას აღინიშნა დიგოქსინის მაქსიმალური და ნარჩენი კონცენტრაციის ზრდა, საშუალოდ 49% და 20%-ით შესაბამისად. მკურნალობის დაწყებისას, დოზის შერჩევის დროს და ტელმისარტანის მიღების შეწყვეტის შემდეგ, რეკომენდებულია დიგოქსინის დონის მონიტორინგი, მისი თერაპიული დოზის ინტერვალის შენარჩუნების მიზნით.
ტელმისარტანმა, ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალემია (იხ. პარაგრაფი 4.4). რისკი შეიძლება იყოს უფრო მაღალი, სხვა პრეპარატებთან კომბინაციის დროს, რომლებმაც, ასევე შეიძლება გამოიწვიონ ჰიპერკალემია: მარილის შემცვლელები, კალიუმის შემცველები, კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზული საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექტიური ინჰიბიტორები), ჰეპარინი, იმუნოდეპრესიული საშუალებები (ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი) და ტრიმეტოპრიმი.
ჰიპერკალემიის განვითარების სიხშირე დამოკიდებულია ურთიერთდაკავშირებულ რისკ-ფაქტორებზე. რისკი იზრდება ზემოხსენებული პრეპარატების კომბინაციისას, და ის განსაკუთრებით მაღალია კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებებთან და მარილის შემცვლელებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ კალიუმს. აგფ ინჰიბიტორებთან ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაცია წარმოადგენს ნაკლებ რისკს (უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვის პირობებში).
არ არის რეკომენდებული ერთად მიღება:
კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზული საშუალებები ან კალიუმის შემცველი პრეპარატები:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, როგორიცაა ტელმისარტანი, ამცირებენ კალიუმის დაკარგვას, რომელიც გამოწვეულია დიურეზული საშუალებების მოქმედებით. კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებებს, მაგ. სპირონოლაქტონს, ეპლერენონს, ტრიამტერენს ან ამილორიდს, კალიუმის შემცველ კვების დანამატებს ან მარილის შემცვლელებს შეუძლიათ მნიშვენლოვნად გაზარდონ კალიუმის დონე შრატში. თუ ნაჩვენებია მოცემული საშუალებების ერთდროული მიღება (დადასტურებული ჰიპოკალემიის დროს), მაშინ მათი გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და ხშირად უნდა გაიზომოს კალიუმის დონე შრატში.
ლითიუმის შემცველი პრეპარატები
ლითიუმის შემცველი პრეპარატების და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების, აგრეთვე ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების, მათ შორის ტელმისარტანის ერთად დანიშვნისას გამოვლინდა შრატში ლითიუმის კონცენტრაციის და ტოქსიკური მოქმედების შექცევადი მატება. თუ აუცილებელია პრეპარტების ასეთი კომბინაციის მიღება, მაშინ რეკომენდებულია შრატში ლითიუმის კონცენტრაციის საგულდაგულო მონიტორინგი.
აუცილებელია სიფრთხილე ერთად მიღებისას:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები:
აასს-ს (ანუ აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზით, ცოგ-2-ის ინჰიბიტორები და არსელექტიური აასს) შეუძლია შეამციროს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. ზოგიერთ პაციენტში, რომელთაც აქვთ გაუარესებული თირკმელების ფუნქცია (ანუ გაუწყლობა, ხანდაზმულ პაციენტებში), ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების და ციკლოოქსიგენაზის (ცოგ) მაინჰიბირებელი საშუალებების კომბინირებულმა მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება, მათ შორის თირკმელების მწვავე უკმარისობის განვითარება, რომელიც ჩვეულებრივ არის შექცვადი. ამიტომ აღნიშნული პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხის ადეკვატური რაოდენობა; ასევე, რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი - თერაპიის დაწყების შემდეგ და შემდგომში პერიოდულად.
ერთერთ კვლევაში ტელმისარტანის და რამიპრილის ერთად მიღებამ გაზარდა რამიპრილის და რამიპრილატის AUC0-24 (ფართობი მრუდის ქვეშ “კონცენტრაცია პლაზმაში–დრო” 0-24 საათის განმავლობაში) და Cmax (მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში) 2,5-ჯერ. აღნიშნული აღმოჩენის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
თიაზიდური და მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები:
ისეთი დიურეზული საშუალებების მაღალი დოზებით ჩატარებულმა მკურნალობამ, როგირიცაა ფუროსემიდი (მარყუჟოვანი დიურეზული საშუალება) და ჰიდროქლორთიაზიდი (თიაზიდური დიურეზული საშუალება), შეიძლება გამოიწვიოს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება, ამიტომ ტელმისარტანით თერაპიის დასაწყისში არსებობს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.
აუცილებელია შესაძლო ურთიერთქმედების გათვალისწინება:
სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები:
სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდორულად მიღებამ, შეიძლება გააძლიეროს ტელმისარტანის მოქმედება არტერიული წნევის შემცირებისას.
კლინიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორებთან, არბ-თან ან ალისკირენთან კომბინირებული მიღებისას, უფრო მეტად ზრდის ისეთი გვერდითი მოვლენების სიხშირეს, როგორიცაა: ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის თირკმლის მწვავე უკამრისობის განვითარება), ვიდრე რაას-ის ბლოკატორების მიღება მონოთერაპიის სახით (იხ. პარაგრაფები 4.3, 4.4 და 5.1).
მოსალოდნელია რომ, შემდეგი პრეპარატები, თავიანთი ფარმაკოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, გააძლიერებენ ყველა ანტიჰიპერტენზიული საშუალების ჰიპოტენზიურ მოქმედებას, მათ შორის ტელმისარტანისას: ბაკლოფენი, ამიფოსტინი. გარდა ამისა, ალკოჰოლს, ბარბიტურატებს, საძილე საშუალებებს ან ანტიდეპრესიულ საშუალებებს შეუძლიათ გააძლიერონ ორთოსტატიული ჰიპოტენზია.
კორტიკოსტეროიდები (სისტემური მიღება):
ჰიპოტენზიური მოქმედების შემცირება.
4.6 რეპროდუქციული ფუნქცია (ფერტილობა), ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობა:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფი 4.4). ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.4). |
ორსულ ქალებში ტელმისარტანის გამოყენების შესახებ ადეკვატური მონაცემები არ მოიპოვება. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობის არსებობა (იხ. პარაგრაფი 5.3).
ეპიდემიოლოგიური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებენ ტერატოგენული მოქმედების რისკზე ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინფიბიტორებით მკურნალობისას; თუმცა არ არის გამორიცხული ასეთი რისკის უმნიშვნელო გაზრდა. მიუხედავად იმისა რომ, არ მოიპოვება კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების მიღების რისკთან დაკავშირებით, პრეპარატების მოცემული კლასისთვის შეიძლება არსებობდეს ერთნაირი რისკები. თუ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, ქალები, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ჰიპოტენზიურ პრეპარატზე, რომლის უსაფრთხოების პროფილიც კარგად არის შესწავლილი ორსულებში. ორსულობის დადასტურებისთანავე, დაუყოვნებლივ, უნდა შეწყდეს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია.
ცნობილია რომ, ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით თერაპია იწვევს ფეტოტოქსიკურობას (თირკმელების ფუნქციის გაუარესება, წყლის ნაკლებობა, თავის ქალის ოსიფიკაციის შეფერხება) და ახდენს ტოქსიკურ ზემოქმედებას ახალშობილებზე (თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია) (იხ. პარაგრაფი 5.3). თუ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით ზემოქმედება ხდებოდა მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია ნაყოფის თავის ქალის და თირკმლის ფუნქციის ურტრაბგერითი შეფასება.
აუცილებელია იმ ახალშობილების საგულდაგულო კონტროლი, რომელთა დედები ორსულობის დროს ღებულობდნენ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს, ვინაიდან ასეთ ბავშვებში, შესაძლოა განვითარდეს არტერიული ჰიპოტენზია (იხ. პარაგრაფი 4.3 და 4.4).
ლაქტაციის პერიოდი
ვინაიდან არ მოიპოვება ინფორმაცია ტელმისარტანის გამოყენების შესახებ ლაქტაციის პერიოდში, ამიტომ ტირეგისის® მიღება არ არის რეკომენდებული ამ პერიოდში. რეკომედებულია ალტერნატიული ტიპის მკურნალობის გამოყენება, რომელსაც აქვს უკეთ დადგენილი უსაფრთხოების პროფილი, განსაკუთრებით ახალშობილებთან და დღენაკლულ ბავშვებთან მიმართებაში.
რეპროდუქციული ფუნქცია
კლინიკამდელ კვლევებში არ გამოვლენილა ტელმისარტანის ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე (ორივე სქესის წარმომადგენლებში).
4.7 გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ჰიპოტენზიური თერაპიის დროს, მათ შორის ტირეგისით® მკურნალობის დროს, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ თავბრუსხვევის და ძილიანობის გამოვლენის შესაძლებლობა.
4.8 გვერდითი მოვლენები
ა. უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
სერიოზული გვერდითი წამლისმიერი რეაქციები მოიცავს ანაფილაქსიურ რეაქციებს და კვინკეს შეშუპებას, რომლებიც ვითარდება იშვიათად (≥1/10,000 - <1/1,000), ასევე თირკმელების მწვავე უკმარისობას.
პლაცებო-კონტროლირებად კველებში მონაწილე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არტერიულ ჰიპერტენზიას, ტელმისარტანის მიღების დროს (41,4%) საერთო გვერდითი მოვლენების სიხშირე, ჩვეულებრივ ედრებოდა პლაცებოს მიღებას (43,9%). გვერდითი მოვლენების სიხშირე არ იყო დამოკიდებული მიღებულ დოზაზე, სქესზე, ასაკსა ან პაციენტის ეთნიკურ კუთვნილებაზე.
ტელმისარტანის უსაფრთხოების პროფილი პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ მკურნალობას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესამცირებლად, ემთხვეოდა არტერიული ჰიპერტენზის მქონე პაციენტებისგან მიღებულ პროფილს.
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები შეგროვდა კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში მონაწილე პაციენტებიდან, რომლებიც მკურნალობდნენ არტერიულ ჰიპერტენზიას, ასევე პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომი მიღებიდან მიღებული შეტყობინებებიდან. ეს ჩამონათვალი, ასევე ითვალისწინებს სერიოზულ გვერდით მოვლენებს და რეაქციებს, რომელიც იწვევს მიღების შეწყვეტას, სამი ხანგრძლივი კლინიკური კვლევებიდან, რომელიც მოიცავდა 21 642 პაციენტს, რომლებიც იღებდნენ ტელმისარტანს ექვსი წლის განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემცირების მიზნით.
ბ. გვერდითი მოვლენების შეჯამება ცხრილის სახით
სიხშირის მიხედვით გვერდითი მოვლენები განისაზღვრა შემდეგ ჯგუფებად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥ 1/100-დან - < 1/10-მდე); არც ისე ხშირი (≥ 1/1000-დან - < 1/100-მდე) იშვიათი (≥1/10000-დან - <1/1000-მდე) ძალიან იშვიათი (< 1/10000) და
უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).
სიხშირის მიხედვით გვერდითი მოვლენები ყოველ ჯგუფში წარმოდგენილია სერიოზულობის კლებადობის მიხედვით.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
არც ისე ხშირი: |
საშარდე გზების ინფექციები, მათ შორის ცისტიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ფარინგიტი და სინუსიტი |
იშვიათი: |
სეფსისი, მათ შორის ლეტალური შედეგით1 |
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
არც ისე ხშირი: |
ანემია |
იშვიათი: |
ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია |
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი: |
ანაფილაქსიური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა |
ნივთიერებათა ცვლის და კვებითი დარღვევები
არც ისე ხშირი: |
ჰიპერკალემია |
იშვიათი: |
ჰიპოგლიკემია (შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში) |
ფსიქიკის დარღვევები
არც ისე ხშირი: |
უძილობა, დეპრესია |
იშვიათი: |
შფოთვითი მდგომარეობა |
ნერვული სისტემის დარღვევები
არც ისე ხშირი: |
გულის წასვლა |
იშვიათი: |
ძილიანობა |
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
იშვიათი: |
მხედველობის დარღვევა |
დარღვევები სმენის ორგანოების და წონასწორობის მხრივ
არც ისე ხშირი: |
სისტემური თავბრუსხევა (ვერტიგო) |
დარღვევები გულის მხრივ
არც ისე ხშირი: |
ბრადიკარდია |
იშვიათი: |
ტაქიკარდია |
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
იშვიათი: |
არტერიული ჰიპოტენზია2, ორთოსტატიული ჰიპოტენზია |
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ
არც ისე ხშირი: |
ქოშინი, ხველა |
ძალიან იშვიათი: |
ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები3 |
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
არც ისე ხშირი: |
ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, დისპეპსია, მეტეორიზმი, ღებინება |
იშვიათი: |
პირის სიმშრალე, დისკომფორტი მუცლის არეში, გემოვნების დარღვევა |
დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ
იშვიათი: |
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა/ღვიძლის დაავადება4 |
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
არც ისე ხშირი: |
კანის ქავილი, მომატებული ოფლიანობა, კანისმიერი გამონაყარი |
იშვიათი: |
ანგიონევროზული შეშუპება (შესაძლო ლეტალური შედეგით), ეგზემა, ერითემა, ჭინჭრის ციება, წამლისმიერი გამონაყარი, ტოქსიკური კანისმიერი გამონაყარი |
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
არც ისე ხშირი: |
ტკივილი ზურგის არეში (მაგ. იშიასი), კუნთების სპაზმი, მიალგია |
იშვიათი: |
ართრალგია, ტკივილი კიდურებში, ტკივილი მყესების არეში (ტენდინიტის სიმპტომები) |
დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ
არც ისე ხშირი: |
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა |
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
არც ისე ხშირი: |
ტკივილი გულ-მკერდის არეში, ასთენია (სისუსტე) |
იშვიათი: |
გრიპის მსგავსი დაავადებები |
ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგებზე
არც ისე ხშირი: |
კრეატინინის მომატება შრატში |
იშვიათი: |
ჰემოგლობინის შემცირება, შარდმჟავას მომატებული დონე, ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება, კრეატინფოსფოკინაზას მომატება |
სქოლიოები 1,2,3,4: იხ. 4.8 ქვეპარაგრაფში „ცალკეული გვერდითი მოვლენების აღწერა“:
ცალკეული გვერდითი მოვლენების აღწერა:
1 სეფსისი
PRoFESS კვლევაში აღნიშნავდნენ სეფსისის სიხშირის მომატებას ტელმისარტანის ჯგუფში, პლაცებოსთან შედარებით. ეს შეიძლება იყოს შემთხვევითი გამოვლენა ან მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია ამჟამად უცნობ მექანიზმთან (იხ. პარაგრაფი 5.1).
2 არტერიული ჰიპოტენზია
ეს წამლისმიერი გვერდითი მოვლენა ხშირად ვლინდებოდა იმ პაციენტებში, რომელთაც უკვე ჰქონდათ მიღწეული არტერიული წნევის კონტროლისთვის და რომლებიც ღებულობდნენ ტელმისარტანს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესამცირებლად, სტანდარტულ მკუნრალობასთან დამატებით.
3 ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები
რეგისტრაციის შედგომ პერიოდში მიღებულია შეტყობინებები ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების შესახებ, რომელიც დროის თვალსაზრისით უკავშირდება ტელმისარტანით მკურნალობას. თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ ყოფილა.
4 ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევების შესახებ შეტყობინებების უმრავლესობა მიღებულია რეგისტრაციის შემდგომი მიღების შემდეგ იაპონელ პაციენტებში, რომლებშიც უფრო მეტია აღნიშნული გვერდითი მოვლენის სიხშირე.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ძალიან მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების შესაძლო სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, რაც იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებლის/რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ ქვემოთ მოცემულ კონტაქტზე და ასევე, ინფორმაციის შეგროვების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
4.9 დოზის გადაჭარბება
ადამიანში დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არის შეზღუდული.
სიმპტომები:
ტელმისარტანის დოზის გადაჭარბების ყველაზე აშკარა გამოვლენა იყო არტერიული ჰიპოტენიზია და ტაქიკარდია; ასევე, მიღებულია შეტყობინებები ბრადიკარდიის, თავბრუსხვევის, შრატში კრეატინინის მომატების და თირკმელების მწვავე უკმარისობის გამოვლენის შესახებ.
მკურნალობა
ტელმისარტანი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს. აუცილებელია პაციენტზე საგულდაგულო დაკვირვება, სიმპტომური და მხარდამჭერი მკურნალობა. პაციენტის ქცევა დამოკიდებულია მიღებიდან გასულ დროზე და სიმპტომების სიმძიმეზე. რეკომენდებულია ისეთი ზომების მიღება, როგორიცაა ღებინების გამოწვევა და/ან კუჭის ამორეცხვა. დოზის გადაჭარბების მკურნალობისას, შეიძლება სასარგებლო იყოს აქტივირებული ნახშირის მიღება. რეკომენდებულია კრეატინინის და ელექტროლიტების დონის მონიტორინგი შრატში. არტერიული ჰიპოტენზიის დროს, პაციენტი უნდა დააწვინოთ ზურგზე და სწრაფად შეუყვანოთ მარილხსნარები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1 ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები
ათქ კოდი: C09CA07
მოქმედების მექანიზმი:
ტელმისარტანი არის პერორალური სპეციფიური ანგიოტენზინ (AT) II რეცეპტორის ანტაგონისტი (AT1 ტიპის). ტელმისარტანი გამოდევნის ანგიოტენზინ II-ს AT1 რეცეპტორის დაკავშირების ადგილიდან, რომელიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინის ცნობილ მოქმედების მექანიზმზე და ავლენს ძალიან მაღალ აფინობას მოცემული ადგილისადმი. ტელმისარტანი არ ავლენს ნაწილობრივ აგონისტურ აქტივობას AT1 რეცეპტორზე. ტელმისარტანი შერჩევით და ხანგრძლივად უკავშირდება AT1 რეცეპტორებს. ტელმისარტანი არ ავლენს აფინობას სხვა რეცეპტორებისადმი, მათ შორის AT2-ის და სხვა ნაკლებად გამოხატული AT რეცეპტორებისადმი. ამ რეცეპტორების ფუნქციური როლი უცნობია, ისევე როგორც მათი შესაძლო ჰიპერსტიმულაცია ანგიოტენზინ II-ით, რომელთა დონეც იზრდება ტელმისარტანით. ტელმისარტანი ამცირებს ალდოსტერონის დონეს პლაზმაში. ტელმისარტანი არ თრგუნავს რენინის აქტივობას ადამიანის პლაზმაში და არ ბლოკავს იონურ არხებს. ტელმისარტანი არ აინჰიბირებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტს (კინინაზა II), ასევე დაშლილ ბრადიკინინს. აქედან გამომდინარე მოსალოდნელი არ არის, რომ პრეპარატი გააძლიერებს ბრადიკინინით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს. ადამიანში 80მგ ტელმისარტანის დოზა სრულად თრგუნავს არტერიული წნევის მომატებას, რაც გამოწვეულია ანგიოტენზინ II-ით. მაინჰიბირებელი მოქმედება ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში და ვლინდება 48 საათის შემდეგაც კი.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება:
ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა
ტელმისარტანის პირველი დოზის მიღების შემდეგ, ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შესამჩნევი ხდება სამი საათის განამვლობაში. ანტერიული წნევა, ჩვეულებრივ, ყველაზე მეტად მცირდება მკურნალობის დაწყებიდან 4-8 კვირის შემდეგ და ნარჩუნდება ხანგრძლივი მკურნალობის დროს.
ჰიპოტენზიური მოქმედება მუდმივად ნარჩუნდება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, მომდევნო დოზის მიღებამდე 4 საათის ჩათვლით, როგორც ეს იყო ნაჩვენები არტერიული წნევის ამბულატორიულ პირობებში გაზომვისას. ეს დადასტურებულია პრეპარატის მაქსიმალურ და მინიმალურ დონესთან მიმართებაში, რომელიც პალაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში აჭარბებდა 80%-ს 40 და 80 მგ-იანი ტელმისარტანის მიღების შემდეგ. ადგილი ჰქონდა აშკარა, დამოკიდებულების ტენდენციას - სისტოლური არტერიული წნევის თავდპირველ დონეზე დაბრუნების დრო დამოკიდებული იყო მიღებულ დოზაზე. დიასტოლური არტერიული წნევის მონაცემები ან აჩვენებდა ასეთ აშკარა დამოკიდებულებას.
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ტელმისარტანი ამცირებს სისტოლურ და დიასტოლურ წნევას, ისე რომ, არ მოქმედებს პულსის სიხშირეზე. დიურეზული და ნატრიურეზული ეფექტის წვლილი პრეპარატის ჰიპოტენზიურ მოქმედებაში, ჯერ კიდევ არ არის სრულად განსაზღვრული. ტელმისარტანის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ედრება მსგავს სხვა კლასების ანტიჰიპეტრენზიულ სამკურნალო საშუალებებს (ნაჩვენებია კლინიკურ კვლევებში, სადაც ტელმისარტანი არის შედარებული ამლოდიპინთან, ატენოლოლთან, ენალაპრილთან, ჰიდროქლორთიაზიდთან და ლიზინოპრილთან). ტელინსარტანით მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტის შემდეგ, არტერიული წნევა ნელნელა (რამდენიმე დღის განამვლობაში) უბრუნდება იმ მაჩვენებელს, რომელიც იყო მკურნალობამდე, უკან დაბრუნების ეფექტის გარეშე.
მშრალი ხველის სიხშირე მნიშნველოვნად მცირე იყო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ტელმისარტანით, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებს - კლინიკური კვლევების მონაცემების თანახმად, რომელიც უშუალოდ ადარებდა ერთმანეთს ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ამ ორ რეჟიმს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
კვლევაში ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) შეადარეს ტელმისარტანის, რამიპრილის და ტელმისარტან-რამიპრილის კომბინაციის მოქმედება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს 25620 პაციენტში, რომელთა ასაკიც იყო 55 წელი და მეტი. პანციეტები წარმოადგენდნენ გულ-სისსხლძარღვთა დაავადების რისკის პოპულაციას: მათ ანამნეზში ჰქონდათ გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, ტიშ (ტრანზიტორული იშემიური შეტევა), პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზი ან შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, სამიზნე ორგანიების დაზიანების ნიშნებით (მაგ. რეტინოპათია, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, მაკრო- ან მიკროალბუმინურია).
პაციენტები რანდომიზირდნენ შემდეგ სამ სამკურნალო ჯგუფში: ტელმისარტანი 80მგ (n=8542), რამიპრილი 10მგ (n=8576) ან კომბინაცია ტელმისარტანი 80მგ + რამიპრილი 10 მგ (n=8502). დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 4,5 წელს.
ტელმისარტანი ავლენდა რამიპრილის მსგავს მოქმედებას ძირითად (შემადგენლობით) მოსალოდნელ შედეგთან მიმართებაში: გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი ლეტალური შედეგის გარეშე, ინსულტი ლეტალური შედეგის გარეშე ან ჰოსპიტალიზაცია შეგუბებითი გულის უკმარისობის გამო. ძირითადი მოსალოდნელი შედეგების სიხშირე იყო ერთნაირი ტელმისარტანის (16,7%) და რამიპრილის (16,5%) ჯგუფებში. ტელმისარტან-რამიპრილის რისკების შეფარდებამ შეადგინა 1,01 (97,5%-იანი ნდობის ინტერვალი: 0,93-1,10 p (არა ყველაზე უარესი ეფექტურობის ანალიზი) = 0,0019 ზღვრული რისკების შეფარდებისას =1,13). სიკვდილიანობამ ყველა მიზეზით შეადგნია 11,6% ტელმისარტანის ჯგუფში და 11,8% - რამიპრილის ჯგუფში.
გამოვლინდა, რომ ტელმისარტანი არ ჩამორჩებოდა რამიპრილს წინასწარ განსაზღვრული მეორადი მოსალოდნელი შედეგების თვალსაზრისით - გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილის, ლეტალური შედეგის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის, ლეტალური შედეგის გარეშე ინსულტის საერთო რაოდენობით [0,99 (97,5% ნდობის ინტერვალი: 0,90-1,08), p (არა ყველაზე უარესი ეფექტურობის ანალიზი) = 0,0004]. ეს მეორადი მოსალოდნელი შედეგი ემთხვეოდა HOPE (The Heart Outcomes Prevention Evaluation Study) კვლევის პირველად მოსალოდნელ შედეგებს, სადაც რამიპრილი შედარებული იყო პლაცებოსთან.
კვლევაში TRANSCEND პაციენტები რანდომიზირდნენ აგფ ინჰიბიტორების აუტანლობის მიხედვით, მონაწილეობის სხვა კრიტერიუმები იყო იგივე, როგორიც ONTARGET კვლევაში. მონაწილეები სტანდარტულ მკურნალობასთან დამატებით იღებდნენ 80 მგ ტელმისარტანს (n=2954) ან პალცებოს (n=2972). თანმდევი დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობამ შეადგინა 4 წელი და 8 თვე. არ გამოვლენილა ძირითადი (შემადგენლობითი) მოსალოდნელი შედეგის სიხშირის სტატისტიკურად დადასტურებული სხვაობა (გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი ლეტალური შედეგის გარეშე, ინსულტი ლეტალური შედეგის გარეშე ან ჰოსპიტალიზაცია შეგუბებითი გულის უკმარისობის გამო): 15,7% ტელმისარტანის ჯგუფში და 17,0% პლაცებოს ჯგუფში. რისკების შეფარდებამ შეადგინა 0,92 (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 0,81-1,05, p=0,22). მიღებულია მონაცემები ტელმისარტანის მიღების უპირატესობის შესახებ მეორად (შემადგენლობით) მოსალოდნელ შედეგთან მიმართებაში (გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი ლეტალური შედეგის გარეშე, ინსულტი ლეტალური შედეგის გარეშე): რისკების შეფარდება=0,87 (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 0,76-1,00, p=0,048). არ იყო მიღებული მონაცემები მკურნალობის უპირატესობის შესახებ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილთან მიმართებაში: რისკების შეფარდება=1,03, 95%-იანი ნდობის ინტერვალი: 0,85-1,24, p=1,24.
პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ტელმისარტანს, რამიპრილის მიმღებ პაციენტებთან შედარებით, ნაკლებად ჰქონდათ გამოვლენილი ხველა ან ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება).
ტელმისარტანის და რამიპრილის ერთად მიღება არ იძლეობა დამატებით სარგებელს პრეპარატების მონოთერაპიასთან შედარებით. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული და საერთო ლეტალური შედეგი უფრო მაღალი იყო კომბინირებული მკურნალობისას. გარდა ამისა, კომბინირებული მკურნალობის ჯგუფში საგრძნობლად მაღალი იყო ჰიპერკალემიის, თირკმლის უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზიის და გულის წასვლის სიხშირე. ამიტომ ტელმისარტანის და რამიპრილის კომბინაციის გამოყენება მოცემულ პოპულაციაში არ არის რეკომენდებული.
PRoFESS (Prevention Regimen For Effectively avoiding Second Strokes) კვლევაში მონაწილე 50 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში, რომელთაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს ინსულტი, აღინიშნებოდა სეფსისის სიხშირის მომატება ტელისარტანის ჯგუფში, პაცებოსთან შედარებით: შესაბამისად - 0,70% და 0,49% (რისკების შეფარდება=1,43, 95%-იანი ნდობის ინტერვალი: 1,00-2,06). სეფსისის სიხშირე ლეტალური შედეგით, ასევე უფრო ხშირი იყო ტელმისარტანის მიმღებ პაციენტებში (0,33%), პლაცებოს მიმღებ ჯგუფთან შედარებით (0,16%): რისკების შეფარდება=2,07 (95%-იანი ნდობის ინტერვალი: 1,14-3,76). სეფსისის აღნიშნული მომატებული სიხშირე ტელმისარტანის მიღებასთან მიმართებაში შეიძლება იყოს შემთხვევითი გამოვლენა ან მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია ამჟამად უცნობ მექანიზმთან.
ორ მსხვილ კლინიკურ კვლევაში ONTARGET (Ongoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropaty in Diabetes) ხდებოდა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ რეცეპტორების ბლოკატორების (არბ) კომბინაციის სარგებლის შესწავლა.
ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულარული დაავადებების მქონე პაციენტები ან ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტები, ორგანოების გამოხატული დაზიანებით.
VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ ტიპი 2 დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტები.
ამ კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე სახის დასაბუთებული უპირატესობა კლინიკურ შედეგებზე თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა სისტემების ან ლეტარული შედეგის თვალსაზრისით. ამავდორულად, აგფ ინჰიბიტორების და არბ-ის კომბინაცია მონოთერაპიასთან შედარებით, ასოცირებული იყო ჰიპერკალემიის, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის და/ან ჰიპოტენზიის მომატებულ რისკთან.
ვინაიდან, აგფ ინჰიბიტორების და არბ პრეპარატების ფარმაკოდინამიური პროფილი მსგავსია, ამიტომ ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და არბ-ებზეც.
ამგვარად, აგფ ინჰიბიტორების და არბ პრეპარატების მიღება არ შეიძლება კომბინაციაში იმ პაციეტებისთვის, რომელთაც აქვთ დიაბეტური ნეფროპათია.
კლინიკურ კვლევაში ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) შეისწავლებოდა აგფ ინჰიბიტორების ან არბ-ის სტანდარტულ თერაპიასთან ალისკირინის დამატების სარგებელი, იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ტიპი 2 დიაბეტი თირკმელების ქრონიკული დაავადებებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ან დაავადებების ორივე ტიპით. გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა. გულ-სისხლძარღვთა ან ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ანალოგიურად, გვერდითი მოვლენები და და შედარებით სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირი იყო ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
ტელმისარტანის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში არ არის დადგენილი.
ტელმისარტანის ორი დოზის ჰიპოტენზიური ეფექტი შეისწავლებოდა 6-დან <18 წლამდე ასაკის 76 ბავშვში, რომელთაც ჰქონდათ ჰიპერტენზია და მნიშნვნელოვანი სიმსუქნე (სხეულის მასა ≥20კგ და ≤120კგ, საშუალო მნიშვნელობა 74,6კგ). პაციენტები იღებდნენ ტელმისარტანს 1მგ/კგ (n=29) და 2მგ/კგ (n=31) დოზით 4 კვირის განმავლობაში. კვლევაში ჩართვისას მეორადი ჰიპერტენზიის არსებობა არ ფიქსირდებოდა. ზოგიერთ პაციენტში ტელმისარტანის მისაღები დოზა აჭარბებდა დოზას, რომელიც რეკომენდებული იყო მოზრდილებისთვის ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, რომლის დღეღამური დოზა აღწევდა მოზრდილებში შესაბამისად ტესტირებულ დოზას - 160მგ/დღეღამეში. ასაკის მიხედვით მოქმედების კორექციის შემდეგ, სისტოლური წნევის საშუალო ცვლილება თავდაპირველ მდგომარეობასთან შედარებით, ჯგუფში რომლებიც იღებდნენ 2მგ/კგ და 1მგ/კგ ტელმისარტანს და ასევე, პაცებოს (პირველადი საბოლოო წერტილი), შესაბამისად შეადგენდა - 14.5 (1.7) მმ ვწყ. სვ., -9.7 (1.7) მმ ვწყ. სვ. და -6.0 (2.4) მმ ვწყ. სვ. ასაკის მიხედვით კორექტირებული დიასტოლური წნევის საშუალო ცვლილება ამ ჯგუფებში საწყის მდგომარეობასთან შედარებით, შესაბამისად შეადგენდა -8.4 (1.5) მმ ვწყ. სვ., -4.5 (1.6) მმ ვწყ. სვ. და -3.5 (2.1) მმ ვწყ. სვ. ცვლილება დამოკიდებული იყო დოზაზე. მონაცემები, პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, 6-დან ≤18 წლამდე ბავშვებში ემთხვეოდა მოზრდილებში მიღებულ შედეგებს. ტელმისარტანით ხანგრძლივი მკურნალობის უსაფრთხოება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის შესწავლილი.
ეოზინოფილების რაოდენობის მომატება, რომელიც გამოვლინდა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში, არ დაფიქსირებულა მოზრდილ პაციენტებში. აღნიშნულის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
აღნიშნული კლინიკური მონაცემები არ იძლება საშუალებას, რომ გაკეთდეს დასკვნები ტელმისარტანის ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჰიპერტენზიის მქონე პედიატრიულ პაციენტებში.
5.2 ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა:
ტელმისარტანი სწრაფად შეიწოვება, თუმცა შეწოვის ხარისხი მერყევია. ტელმისარტანის საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა, დაახლოებით შეადგენს 50%-ს. ტელმისარტანის საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში, ფართობის შემცირება მრუდის ქვეშ „ტელმისარტანის კონცენტრაცია პლაზმაში-დრო“ (AUC0-∞) მერყეობს დაახლოებით 6%-დან (დოზა 40მგ) 19%-მდე (დოზა 160მგ). მიღებიდან 3 საათში კონცენტრაცია პლაზმაში ხდება მსგავსი, მიუხედავად იმისა, პრეპარატი უზმოზეა მიღებული თუ საკვებთან ერთად.
ხაზოვნება/არახაზოვნება:
არ არის მოსალოდნელი, რომ AUC-ის ძლიერი შემცირება დააქვეითებს თერაპიულ ეფექტურობას. მიღებულ დოზასა და პლაზმაში პრეპარატის დონეს შორის არ არის ხაზობრივი კავშირი. 40მგ-ზე მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში, ხდება Cmax-ის არაპროპორციული მომატება, ხოლო AUC-ის ნაკლებად.
განაწილება:
ტელმისარტანი უპირატესად უკავშირდება პლაზმურ ცილებს (>99,5%), ძირითადად ალბუმინს და α-1-მჟავა გლიკოპროტეინს. საშუალო სავარაუდო განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში (Vdss) შეადგენს დაახლოები 500ლ-ს.
რამიპრილი სისხლის შრატის ცილებს უერთდება დაახლოებით 73%-ით, ხოლო რამიპრილატისთვის ეს მაჩვენებელი შეადგენს 56%-ს.
ბიოგარდაქმნა:
ტელმისარტანი მეტაბოლიზირდება კონიუგაციის გზით, გლუკურონიდთან საწყისი შეერთებით. მოცემული კონიუგატისთვის არ იყო ნაჩვენები ფარმაკოლოგიური აქტივობის არსებობა.
გამოყოფა:
ტელმისარტანი ხასიათდება ბიოექსპონენციალური ფარმაკოკინეტიკური დაშლით. მისი ტერმინალური ნახევარსიცოცხლის პერიოდი არის >20 საათი. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) და ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ „კონცენტრაცია პლაზმაში-დრო“ (AUC) იზრდებიან არაპროპორციულად დოზის მომატებისას. რეკომენდებული დოზებით ტელმისარტანის მიღებისას, მისი კლინიკურად მნიშვნელოვანი აკუმულაციის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. პლაზმური კონცენტრაცია ქალებში უფრო მაღალი იყო ვიდრე მამაკაცებში, რასაც არ ჰქონდა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მკურნალობის ეფექტურობაზე.
პერორალურად მიღების ან ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, ტელმისარტანი თითქმის სრულად გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად, უპირატესად შეუცვლელი ნივთიერების სახით. შარდთან ერთად საერთო გამოყოფა შეადგენს მიღებული დოზის <1%. პრეპარატის საერთო კლირენსი პლაზმაში (Cltot, დაახლოებით 1000 მლ/წთ) არის მაღალი ღვიძლის სისხლის ნაკადთან შედარებით (დაახლოებით 1500 მლ/წთ).
პაციენტების განსაკუთრებული პოპულაცია
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები
ტელმისარტანის ორი დოზის ფარმაკოკინეტიკა (1მგ/კგ და 2 მგ/კგ) შეისწავლებოდა, როგორც მეორადი საბოლოო წერტილი კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 6-დან <18 წლამდე ასაკის 57 ჰიპერტენზიის მქონე პაციენტი. აღნიშნული პაციენტები ღებულობდნენ ტელმისარტანს 4 კვირის განამავლობაში. ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები მოიცავდა ასაკობრივი განსხვავებების და ტელმისარტანის წონასწორული მდგომარეობის შესწავლას ბავშვებსა და მოზარდებში. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა არ იყო საკმარისად მასშტაბური ბავშვებსა და 12 წლამდე მოზარდებში ფარმაკოკინეტიკის დეტალურად შესაფასებლად, შედეგები ემთხვეოდა მონაცემებს, რომლებიც მიღებული იყო მოზრდილებში და ადასტურებდა არახაზოვნებას, განსაკუთრებით Cmax-თვის.
სქესის გავლენა:
აღინიშნებოდა პრეპარატის პლაზური კონცენტრაციის სხვაობა: ქალებში Cmax და AUC იყო დაახლოებით 3-ჯერ და 2-ჯერ მეტი შესაბამისად, ვიდრე მამაკაცებში.
ხანდაზმული პაციენტები:
ტელმისარტანის ფარმაკოკინეტიკა არ განსხვავდება 65-წელზე ნაკლები და მეტი ასაკის პაციენტებში.
პაციენტები, თირკმლის ფუნქციის დარღვევით:
თირკმლის ფუნქციის სუსტი-ზომიერი და მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში გამოვლინდა ტელმისარტანის პლაზმური კონცენტრაციის მომატება ორჯერ. თუმცა, თირკმელების უკამრისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ დიალიზზე, პრეპარატის პლაზმური კონცენტრაცია იყო გაცილებით დაბალი. ტელმისარტანი მაღალი ხარიხით უკავშირდება პაზმურ ცილებს თირკმლის უკამრისობის მქონე პაციენტებში და არ ქრება დიალიზის დროს. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება თირკმელების ფუნქციის დარღვევისას.
პაციენტები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:
ფარმაკოკინეტიკის შესწავლამ, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, აჩვენა აბსოლუტური ბიოშეღწევადობის ზრდა თითქმის 100%-ით, ხოლო ნახევარგამოყოფის დრო რჩებოდა უცვლელი.
5.3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
უსაფრთხოების პრეკლინიკურ კვლევებში (ნორმალური არტერიული წნევის მქონე ცხოველებზე), დოზები, რომლებიც შედარდა პრეპარატის კლინიკური გამოყენების დოზებს, იწვევდა ერითროციტების, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის დონეების შემცირებას, თირკმელების ჰემოდინამიკის ცვლილებას (კრეატინინის და დარჩენილი აზოტის მომატება), ასევე კალიუმის მომატებას შრატში. ძაღლებში გამოვლინდა თირკმლის მილაკების გაფართოება და ატროფია. ვირთხებში და ძაღლებში, ასევე, გამოვლინდა კუჭის ლორწოვანი გარსი დაზიანება (ეროზია, წყლული ან ანთება). ფიზიოლოგიური ხსნარის პერორალური შეყვანა ხელს უშლიდა აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარებას, რომელიც გამოწვეული იყო სამკურნალო პრეპარატით და ცნობილი იყო ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების პრეკლინიკური კვლევებიდან.
ცხოველების ორივე სახეობაში გამოვლინდა რენინის აქტივობის მომატება პლაზმაში, იუკსტაგლომერულარული უჯრედის ჰიპერტროფია და ჰიპერპლაზია. ეს ცვლილებები საერთოა ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების სხვა ანტაგონისტებისთვის, და სავარაუდოდ კლინიკურად უმნიშვნელოა.
ტერატოგენობის აშკარა ნიშნები არ გამოვლენილა, თუმცა ტელმისარტანის ტოქსიკური დონეების მოქმედებისას გამოვლინდა ზემოქმედება შთამომავლობის პოსტნატალურ განვითარებაზე (სხეულის გაცილებით მცირე მასა და თვალების გახელის შეფერხება).
In vitro კვლევებში არ ყოფილა მონაცემები მუტაგენობასა და კლასტოგენურ მოქმედებასთან დაკავშირებით, ასევე კანცეროგენობასთან დაკავშირებით თაგვებსა და ვირთხებში.
ფარმაცევტული მახასიათებლები
6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოვიდონი (K-25), მეგლუმინი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, რკინის (III) ყვითელი ოქსიდი (E172), მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემცველობა: ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400, ტალკი, რკინის (III) ყვითელი ოქსიდი (E172).
6.2 ფარმაცევტული შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
6.3 შენახვის ვადა.
3 წელი
6.4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
6.5 გამოშვების ფორმა
7 ან 14 გარსით დაფარული ტაბლეტი დაფასოებულია კომბინირებული ალუმინის ფოლგის (ცივად – ფორმირებული ალუმინის ფოლგა და შედუღებული ალუმინის ფოლგა) ბლისტერულ შეფუთვაში. 2 (14 ტაბლეტი) ან 4 (7 ტაბლეტი) ბლისტერი, პაციენტისთვის განკუთვნილ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
6.6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას და გამოყენებისას
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
6.7 აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
Units | 28 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account