აზიმაკი 200 მგ /5მლ. ფხვნილი 15 მლ.. დასალევი-სუსპენზია.

10,99 ლ
მარაგშია
SKU
30634_2381

ჩვენება:აზითრომიცინი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:ბრონქიტი,არაჰოსპიტალური პნევმონია,სინუსიტი,ფარინგიტი / ტონზილიტი,შუა ოტიტი.

აზიმაკი

Azimac

200 მგ/5 მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

შემადგენლობა

მომზადებული სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს: 200 მგ აზითრომიცინს დიჰიდრატის სახით.

მომზადებული სუსპენზიის 1 მლ შეიცავს 40 მგ აზითრომიცინს დიჰიდრატის სახით.

დამხმარე ნივთიერებები:

მომზადებული სუსპენზიის 5 მლ შეიცავს: საქაროზა 3.87 გ, ასპარტამი (E951) 0.0125 გ; ასევე: ქსანტანის ფისი (E415), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, უწყლო ნატრიუმის ფოსფატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი (E551), ლიმონის არომატიზატორი, ვანილის არომატიზატორი, ტიტანის დიოქსიდი (E171).

გამოშვების ფორმა

ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად.

თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილი.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოდინამიკა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბიოტიკი; მაკროლიდები.

ათქ კოდი: J01FA10

მოქმედების მექანიზმი:

აზიმაკი წარმოადგენს მაკროლიდურ ანტიბიოტიკს აზალიდების ჯგუფიდან. იგი მიიღება ერითრომიცინ A-ს ლაქტონურ რგოლთან აზოტის ატომის მიერთების შედეგად. აზითრომიცინის ქიმიური ფორმულაა: 9-დეოქსი-9a-აზა-9a-მეთილ-9a-ჰომოერითრომიცინ A. მოლეკულური წონა - 749,0. მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ბაქტერიული ცილის სინთეზის დარღვევას, რაც ხორციელდება რიბოსომული 50s სუბ-ერთეულის შებოჭვითა და პეპტიდური ტრანსლოკალიზაციის ინჰიბირებით.

რეზისტენტობის მექანიზმი:

აზითრომიცინისადმი რეზისტენტობა შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. განასხვავებენ ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარების სამ ძირითად მექანიზმს: სამიზნე ბოლოს ცვლილება, ანტიბიოტიკის ტრანსპორტირების ცვლილება და ანტიბიოტიკის მოდიფიკაცია.

აზითრომიცინი ავლენს ჯვარედინ რეზისტენტობას ერითრომიცინის მიმართ რეზისტენტული გრამ-დადებითი შტამების მიმართ. დროთა განმავლობაში მაკროლიდებისადმი მგრძნობელობის დაქვეითება შეინიშნება მიკროორგანიზმებში, კერძოდ: Streptococcus pneumoniae და Staphylococcus aureus. ასევე დაქვეითებული მგრძნობელობა აღინიშნება სხვა მაკროლიდებისა და ლინკოზამიდების მიმართ რეზისტენტულ სტრეპტოკოკებში: Streptococcus Viridans და Streptococcus agalactiae (B ჯგუფი).

საკონტროლო მაჩვენებლები

აზითრომიცინის მიმართ მგრძნობელობის საკონტროლო მაჩვენებლები ძირითადი ბაქტერიული შტამებისთვის, მოწოდებული EUCAST-ის მიერ:

მიკროორგანიზმი

მმკ (მგ/ლ)

მგრძნობელობა (S£)

რეზისტენტობა (R>)
Staphylococcus spp. 1 2
Streptococcus Groups A, B, C, G 0.25 0.5
Streptococcus pneumoniae 0.25 0.5
Haemophilus influenzae 0.12 4
Morazella catarrhalis 0.25 0.5
Neisseria gonorrhoeae 0.25 0.5


მგრძნობელობა

შეძენილი რეზისტენტობა შერჩეული შტამებისთვის მერყეობს გეოგრაფიული სარტყლებისა და დროის მიხედვით. ამდენად სასურველია რეზისტენტობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ინფექციის მკურნალობის პერიოდში, ლოკალურად. აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ექსპერტებისგან კონსულტაციის მიღება, განსაკუთრებით, თუ რეზისტენტობის ლოკალური გავრცელება საეჭვოს ხდის შერჩეული მედიკამენტის ეფექტურობას, თუნდაც გარკვეული შტამების მიმართ.

აზითრომიცინის ანტიბაქტერიული სპექტრი

მგრძნობიარე შტამები

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus, მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები, Streptococcus pneumoniae, პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები, Streptococcus pyogenes (A ჯგუფი);

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები: Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Legionella pneumophila, Moraxella catarrhalis, Neisseria gonorrhoeae, Posteurella multocida;

ანაერობული მიკროორგანიზმები: Clostridium perfringens, Fusobacterium spp., Prevotella spp., Porphyromonas spp.

სხვა მიკროორგანიზმები: Chlamydia trachomatis.

შტამები, რომელთა მიმართ ვითარდება შეძენილი რეზისტენტობა:

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები: Streptococcus pneumoniae, პენიცილინის მიმართ თანდაყოლილი რეზისტენტული ფორმები;

თანდაყოლილი რეზისტენტობა

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები: Enterococcus faecalis, Staphylococci MRSA, MRSE*

ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides fragilis ჯგუფი.

*მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკები მაკროლიდებისადმი შეძენილი რეზისტენტობის ხარისხი მაღალია და ამ ნაწილში განიხილება აზითრომიცინისადმი იშვიათად გამოხატული მგრძნობელობის გამო.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია – ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 37%-ს. პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის პიკი მიიღწევა მიღებიდან 2-3 საათში.

გადანაწილება – პერორალური მიღების შემდეგ აზითრომიცინი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში. ფარმაკოკინეტიკური კვლევებით დადგენილ იქნა, რომ აზითრომიცინის კონცენტრაცია ქსოვილებში მნიშვნელოვნად აღემატება (50-ჯერ) პლაზმაში მის კონცენტრაციას, რაც მიუთითებს პრეპარატის მაღალ ტროპულობაზე ქსოვილებისადმი.

შრატის ცილებთან შეკავშირების ხარისხი დამოკიდებულია პრეპარატის კონცენტრაციაზე პლაზმაში და შესაბამისად მერყეობს 12% 0,5 მკგ/მლ-დან 52% 0,05 მკგ/მლ-მდე შრატში. განაწილების მოცულობის საშუალო მნიშვნელობა სტაციონარული კონცენტრაციის პირობებში შეადგენს 31,1 ლ/კგ-ზე.

ელიმინაცია – პლაზმიდან ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი უახლოვდება ქსოვილებიდან ნახევარგამოყოფის პერიოდს და შეადგენს 2-4 დღეს.

ინტრავენურად შეყვანილი აზითრომიცინის დაახლოებით 12% უცვლელი სახით გამოიყოფა მომდევნო 3 დღის განმავლობაში. შეუცვლელი აზითრომიცინის მაღალი კონცენტრაციები აღმოჩენილ იქნა ნაღველში.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა აზითრომიცინის მაღალი კონცენტრაცია ფაგოციტებში. ასევე დადგინდა, რომ აქტიური ფაგოციტოზის პერიოდში, აზითრომიცინი მაღალი კონცენტრაციით გამოთავისუფლდება არააქტიური ფაგოციტებიდან. ცხოველურ მოდელებზე მიღებული შედეგების მიხედვით, აზითრომიცინის მაღალი კონცენტრაციების მიტანა ხდება ინფექციის კერაში.

კლინიკური მონაცემები

ჩვენება:

აზითრომიცინი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:

ბრონქიტი;
არაჰოსპიტალური პნევმონია;
სინუსიტი;
ფარინგიტი / ტონზილიტი;
შუა ოტიტი;
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
Chlamydia trachomatis და Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციები, გართულებულ სტადიამდე.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სწორი გამოყენების შესახებ.

დოზირება და მიღების წესი:

45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები: აზითრომიცინით მკურნალობის საერთო დოზა შეადგენს 1500 მგ, რისი მიღებაც ხდება 3 დღის განმავლობაში (500 მგ ერთხელ დღეში).

Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციების დროს (გართულებამდე) დოზა შეადგენს 1000 მგ-ს პერორალურად, ერთჯერადად. Neisseria gonorrhoeae –ით გამოწვეული ინფექციის დროს ინიშნება 1000 ან 2000 მგ აზითრომიცინი, 250 ან 500 მგ ცეფტრიაქსონთან კომბინაციაში, მკურნალობის ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად.

პენიცილინების ან ცეფალოსპორინების მიმართ ალერგიის შემთხვევაში, მკურნალობა მიმდინარეობს ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად.

45 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები: აზითრომიცინის სუსპენზიის დანიშვნა შესაძლებელია 45 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში. არ არსებობს მონაცემები 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვების მკურნალობის შედეგების შესახებ. ერთჯერადი დოზა ბავშვებში შეადგენს 10 მგ/კგ-ზე. მიიღება 3 დღის განმავლობაში:

15 კგ-მდე წონის ბავშვები (<3 წელზე): დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით, თანდართული 5 მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. შპრიცი დაყოფილია 0,1 მლ დანაყოფებად, რომელიც შეესაბამება 4 მგ აზითრომიცინს.

15 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით, თანდართული 5 მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. აზიმაკი ინიშნება შემდეგი სქემით:

15-25 კგ (3-7 წელი): 5 მლ (200 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში

26-35 კგ (8-11 წელი): 7,5 მლ (300 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში

36-45 კგ (12-14 წელი): 10 მლ (400 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში

45 კგ-ზე ზემოთ ბავშვებში: დოზირება ხდება მოზრდილთა დოზის შესაბამისად.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს, დოზის კორექცია არ არის საჭირო (GFR 10-80 მლ/წთ). მწვავე უკმარისობის (GFR < 10 მლ/წთ) შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (იხ 4.4 ნაწილი - განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები).

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

აზითრომიცინი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველთან ერთად, ამიტომ მისი მიღება დაუშვებელია ღვიძლის მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. ასეთ პაციენტებზე კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა (იხ 4.4 ნაწილი – განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები).

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

აზითრომიცინი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველთან ერთად, ამიტომ მისი მიღება დაუშვებელია ღვიძლის მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. ასეთ პაციენტებზე კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა (იხ 4.4 ნაწილი – განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები).

მიღების წესი

აზიმაკი ინიშნება დღეში ერთხელ.

დასაშვებია აზიმაკის მიღება საკვებთან ერთად.

აზიმაკი მიიღება მხოლოდ პერორალურად.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდების ან კეტოლიდური ანტიბიოტიკების, ერითრომიცინის ან მის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

მომატებული მგრძნობელობა

ისევე, როგორც ერითრომიცინის და სხვა მაკროლიდების შემთხვევაში, აღინიშნება იშვიათი ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპებისა და ანაფილაქსიური შოკის (იშვიათად ფატალური) ჩათვლით. ზოგი სიმპტომი მორეციდივე ხასიათს ატარებს და მოითხოვს მკურნალობისა და დაკვირვების უფრო ხანგრძლივ პერიოდს.

ჰეპატოტოქსიკურობა

ღვიძლი წარმოადგენს აზითრომიცინის გამომყოფ ძირითად ორგანოს, ამიტომ მედიკამენტის გამოყენება ღვიძლის სერიოზული დაავადებების დროს განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. აზითრომიცინის ფონზე დაფიქსირებულ იქნა ელვისებური ჰეპატიტის შემთხვევები ლეტალური გამოსავლით. ზოგ პაციენტში აღნიშნულს წინ უძღოდა ღვიძლის რაიმე დაავადება ან პაციენტი სავარაუდოდ იღებდა სხვა ჰეპატოტოქსიკურ მედიკამენტს.

ღვიძლის დისფუნქციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა სწრაფად მოპროგრესირე ასთენია, სიყვითლე, შარდის გამუქება, სისხლდენისადმი მიდრეკილება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, საჭიროა დაუყოვნებლივ ღვიძლის ფუნქციების შესწავლა. ასეთ შემთხვევაში აზითრომიცინის მიღება უნდა შეწყდეს.

ერგოტული (ჭვავის რქის) წარმოებულები

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მაკროლიდებს ჭვავის რქის წარმოებულებთან ერთად, დაფიქსირდა ერგოტიზმის შემთხვევები. არ არსებობს მაკროლიდებისა და ჭვავის რქის წარმოებულების ურთიერთქმედების შესწავლის შესახებ მონაცემები. თუმცა, ერგოტიზმის განვითარების თეორიული შესაძლებლობის არსებობის გამო, არ არის მიზანშეწონილი აზითრომიცინისა და ჭვავის რქის წარმოებულების კომბინირება.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

გულის რეპოლარიზაციის და QT ინტერვალის გახანგრძლივება ზრდის არითმიისა და თრთოლვის განვითარების რისკს სხვა მაკროლიდების ფონზე. შეუძლებელია მსგავსი შედეგების განვითარების სრულად გამორიცხვა აზითრომიცინის მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებში, რომელთაც გახანგრძლივებული რეპოლარიზაცია აღენიშნებათ. ამიტომ აზითრომიცინის საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ პაციენტები, რომელთაც:

აქვთ QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივება
იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას: Ia და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ციზაპრიდი და ტერფენადინი
აღენიშნებათ ელექტროლიტური დისბალანსი, კერძოდ - ჰიპოკალემია და ჰიპომაგნემია
აქვთ გამოხატული კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდია, არითმია ან გულის მწვავე უკმარისობა
სუპერინფექცია

სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, საჭიროა რეზისტენტული შტამებით, მათ შორის სოკოებით, სუპერინფექციის გამორიცხვა.

Clostridium difficile-თან ასოცირებული დიარეა (CDAD)

Clostridium difficile -თან ასოცირებული დიარეა ვითარდება თითქმის ყველა ანტიბიოტიკის, მათ შორის აზითრომიცინის ფონზეც. სიმპტომები შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი დიარეიდან ფატალურ კოლიტამდე. Clostridium difficile-ს შტამები გამოიმუშავებს ჰიპერტოქსინებს A და B, რომლებიც იწვევენ CDAD -ის განვითარებას. Clostridium difficile-ს ჰიპერტოქსინის მაპროდუცირებელი შტამები ზრდიან ავადობის და სიკვდილიანობის რისკს, ვინაიდან დაავადება რეფრაქტერულია ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ და ხშირად კოლექტომიას საჭიროებს. ამიტომ, საჭიროა CDAD -ის გამორიცხვა პაციენტებში, რომელთაც მკურნალობის პროცესში ან მის შემდეგ თან ერთვით დიარეა. აუცილებელია დაავადების ისტორიის ზედმიწევნით შეგროვება პაციენტებში, რომელთაც CDAD სინდრომი ანტიბიოტიკოთერაპიიდან 2 თვეზე მეტი პერიოდის გავლის შემდეგ უვითარდება. Clostridium difficile-თან ასოცირებული დიარეის გამოვლენის შემთხვევაში აზითრომიცინით მკურნალობა წყდება და ინიშნება შესაბამისი თერაპია.

სტრეპტოკოკული ინფექციები

პენიცილინი წარმოადგენს პირველი რიგის არჩევის პრეპარატს Streptococcus pyogenes -ით გამოწვეული ინფექციების, ფარინგიტის / ტონზილიტის დროს და რევმატიზმის პროფილაქტიკისთვის. აზითრომიცინი ასევე ეფექტურია სტრეპტოკოკული ინფექციების სამკურნალოდ, თუმცა არ არსებობს მონაცემები, მწვავე რევმატიზმის პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის შესახებ.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაცინეტებში (GFR < 10 მლ/წთ) აღინიშნა სისტემური აზითრომიცინის დონის 33%-ით მატება.

მიასთენია

აზითრომიცინის ფონზე აღინიშნა მიასთენიის სიმპტომების გამწვავება ან მიასთენიის სინდრომის განვითარება.

დიაბეტი

სიფრთხილე დიაბეტიან პაციენტებში: გახსნილი სუსპენზიის 5 მლ შეიცავს 3,87 გ საქაროზას. საქაროზას შემცველობის გამო, მედიკამენტი არ გამოიყენება ფრუქტოზას აუტანლობის (ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა), გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციისა და საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში.

აზიმაკი მიიღება მხოლოდ პერორალურად.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ანტაციდები: ანტაციდებისა და აზითრომიცინის ერთდროული გამოყენების შემსწავლელ ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, ბიოშეღწევადობის ცვლილებას ადგილი

არ ჰქონია, თუმცა შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია შემცირდა 24%-ით. ამდენად არ არის რეკომენდებული აზითრომიცინისა და ანტაციდების ერთდროული მიღება.

ცეტირიზინი: ჯანმრთელ მოხალისეებში აზითრომიცინისა და 20 მგ ცეტირიზინის 5 დღიანი კურსით დანიშვნის ფონზე მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება და QT ინტერვალის ცვლილება არ გამოვლენილა.

დიდანოზინი (დიდეოქსიინოზინი): 1200 მგ/დღეში აზითრომიცინისა და 400 მგ/ დღეში დიდანოზინის კომბინირების დროს 6 აივ ინფიცირებულ პაციენტში დიდანოზინის ფარმაკოკინეტიკურ მახასიათებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აღნიშნულა.

დიგოქსინი: ზოგი მაკროლიდი არღვევს ნაწლავში დიგოქსინის მიკრობულ მეტაბოლიზმს. აზითრომიცინის, აზალიდური ანტიბიოტიკების და დიგოქსინის ერთდროუ¬ლი დანიშვნის დროს მოსალოდნელია დიგოქსინის დონის ზრდა ორგანიზმში, შესაბამისად პაციენტი მუდმივი ზედამხეველობის ქვეშ უნდა იყოს.

ზიდოვუდინი: აზითრომიცინის ერთჯერადი 1000 მგ და მრავალჯერადი 1200 მგ ან 600 მგ დოზები უმნიშვნელო გავლენას ახდენენ ზიდოვუდინის ან მისი გლუკურონიდული მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე პლაზმაში ან მათ ექსკრეციაზე შარდში. აზითრომიცინის დანიშვნა იწვევს კლინიკურად აქტიური მეტაბოლიტის, ფოსფორილირებული ზიდოვუდინის, კონცენტრაციის ზრდას პერიფერიული სისხლის მონონუკლეურ უჯრედებში. ამ დაკვირვების კლინიკური ღირებულება უცნობია, თუმცა შესაძლოა პაციენტებისთვის სასარგებლოც კი იყოს.

აზითრომიცინი მნიშვნელოვნად არ ურთიერთქმედებს ღვიძლის ციტოქრომ P450 სისტემასთან. არ განიცდის მედიკამენტების ფარმაკოკინეტიკურ ზემოქმედებას ერითრომიცინისა და სხვა მაკროლიდების მსგავსად. აზითრომიცინის გავლენით არ აღინიშნება ღვიძლის ციტოქრომ P450 სისტემის ინდუქცია ან ინაქტივაცია.

ჭვავის რქის წარმოებულები: ერგოტიზმის განვითარების თეორიული შესაძლებლობის არსებობის გამო, არ არის მიზანშეწონილი აზითრომიცინისა და ჭვავის რქის წარმოებულების კომბინირება.

ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარდა აზითრომიცინისა და ციტოქრომ P450 სისტემის მიერ მეტაბოლიზებად შემდეგ მედიკამენტებს შორის:

ატორვასტატინი: ატორვასტატინისა (10 მგ/დღეში) და აზითრომიცინის (500 მგ/დღეში) ერთდროული დანიშვნისას ატორვასტატინის პლაზმურ კონცენტრაციაზე გავლენა არ დაფიქსირებულა (HMG CoA-რედუქტაზას ინჰიბირების ანალიზის მონაცემებით).

კარბამაზეპინი: ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულ ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების კვლევაში აზითრომიცინის მნიშვნელოვანი გავლენა კარბამაზეპინის ან მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმურ კონცენტრაციაზე არ გამოვლენილა.

ციმეტიდინი: ციმეტიდინის ერთჯერადი დოზის აზითრომიცინზე გავლენის შემსწავლელ კვლევაში, რომელიც ინიშნებოდა აზითრომიცინის მიღებამდე 2 საათით ადრე, აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების ცვლილება არ აღინიშნა.

კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტები: ჯანმრთელ მოხალისეებში აზითრომიცინი გავლენას არ ახდენდა ერთჯერადად მიღებულ 15 მგ ვარფარინზე. პოსტმარკეტინგული კვლევებით დაფიქსირდა ანტიკოაგულაციური ეფექტის პოტენცირება მედიკამენტების ერთდროული დანიშვნის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვერ დადგინდა, სასურველია პროთრომბინის დროის კონტროლი აზითრომიცინისა და კუმარინული ანტიკოაგულანტების ერთდროული დანიშვნის დროს.

 

ციკლოსპორინი: ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებში, რომლებიც იღებდნენ 500 მგ აზითრომიცინს 3 დღის განმავლობაში და შემდეგ ერთჯერადად 10 მგ/კგ ციკლოსპორინს ორალურად, დაფიქსირდა ციკლოსპორინის Cmax და AUC0-5-ის მახასიათებლების მნიშვნელოვანი ზრდა (24% და 21%-ით შესაბამისად), თუმცა უმნიშვნელო იყო AUC 0-∞-ის ცვლილება. შესაბამისად, მედიკამენტების ერთდროული დანიშვნა სიფრთხილეს საჭიროებს. თუ მათი კომბინირება აუცილებლობას წარმოადგენს, საჭიროა ციკლოსპორინის დონის კონტროლი და დოზის კორექცია.

ეფავირენზი: 600 მგ აზითრომიცინის ერთჯერადი დოზისა და 7 დღის განმავლობაში 400 მგ ეფავირენზის ერთდროული მიღება არ იწვევს მნიშვნელოვან ფარმაკოლოგიურ ურთიერთქმედებას.

ფლუკონაზოლი: 1200 მგ აზითრომიცინისა და 800 მგ ფლუკონაზოლის ერთჯერადი დოზები გავლენას არ ახდენენ ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების ცვლილებაზე. აზითრომიცინის მოქმედების საერთო დრო და ნახევარგამოყოფის პერიოდი არ შეცვლილა, თუმცა აღინიშნა მისი Cmax კლინიკურად უმნიშვნელო (18%) დაქვეითება.

ინდინავირი: 1200 მგ აზითრომიცინის ერთჯერადი დოზა სტატისტიკურად უმნიშვნელო გავლენას ახდენს ინდინავირის (800 მგ 3-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში), ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე.

მეთილპრედნიზოლონი: ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, აზითრომიცინი გავლენას არ ახდენს მეთილპრედნიზოლონის ფარმაკოკინეტიკაზე.

მიდაზოლამი: აზითრომიცინი დოზით 500 მგ/დღეში 3 დღის განმავლობაში კლინიკურად უმნიშვნელო გავლენას ახდენს მიდაზოლამის ფარმაკოკინეტიკურ და ფარმაკოდინამიკურ მაჩვენებლებზე, მიდაზოლამის ერთჯერადი 15 მგ დოზით მიღების დროს.

ნელფინავირი: აზითრომიცინისა (1200 მგ) და ნელფინავირის (750 მგ 3-ჯერ დღეში) ერთდროული დანიშვნის დროს აზითრომიცინის კონცენტრაცია იზრდება, თუმცა ამასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტი არ ვლინდება და შესაბამისად არ საჭიროებდა დოზის კორექციას.

რიფაბუტინი: რიფაბუტინისა და აზითრომიცინის კომბინაცია გავლენას არ ახდენს მათ კონცენტრაციებზე პლაზმაში.

მათი კომბინირების შემთხვევაში აღინიშნა ნეიტროპენია.

თუმცა ნეიტროპენია ასოცირებულია რიფაბუტინის გამოყენებასთან, და არ არის განპირობებული აზითრომიცინთან კომბინაციით.

სილდენაფილი: ჯანმრთელ მამრ მოხალისეებში აზითრომიცინის (500 მგ დღეში 3 დღის განმავლობაში) გავლენა სილდენაფილის ან მისი ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტის AUC და Cmax მახასიათებლებზე არ დაფიქსირებულა.

ტერფენადინი: ფარმაკოკინეტიკური კვლევებით აზითრომიცინისა და ტერფენადინის ურთიერთქმედება არ აღინიშნება. არსებობს იშვიათი ცნობები მსგავსი ურთიერთქმედების შესაძლებლობის შესახებ, თუმცა პრაქტიკულად არაფერი გამოვლენილა.

თეოფილინი: ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებში, აზითრომიცინისა და თეოფილინის ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

ტრიაზოლამი: 14 ჯანმრთელ მოხალისეზე ჩატარებულ კვლევებში, რომლის დროსაც იღებდნენ 500 მგ აზითრომიცინს პირველ და 250 მგ აზითრომიცინს მეორე დღეს, 0,125 მგ ტრიაზოლამთან ერთად კომბინაციაში მეორე დღეს, არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები, ისევე, როგორც ტრიაზოლამისა და პლაცებოს კომბინაციის შემთხვევაში.

ტრიმეტოპრიმი / სულფამეტოქსაზოლი: ტრიმეტოპრიმ / სულფამეტოქსაზოლის (160 მგ /800 მგ) 7 დღის განმავლობაში და 1200 მგ აზითრომიცინის მე-7 დღეს მიღების დროს მნიშვნელოვანი გავლენა ტრიმეტოპრიმის და სულფამეტოქსაზოლის მაქსიმალურ კონცენტრაციაზე, საერთო მოქმედებასა და ექსკრეციაზე შარდში არ აღინიშნა. აზითრომიცინის კონცენტრაცია შრატში სხვა კვლევების მსგავსი იყო.

განაყოფიერება, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობა

ჩატარებულ იქნა კვლევები ცხოველებზე, რომელთაც ეძლეოდათ პრეპარატი ზომიერიდან ტოქსიკურამდე დოზით. აზითრომიცინის მავნე გავლენა ნაყოფზე არ აღინიშნა. არ არსებობს ადეკვატური და კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებზე. იმის გამო, რომ ცხოველებზე ჩატარებული კვლევების ადამიანებზე პირდაპირ გადმოტანა შეუძლებელია, აზითრომიცინი ორსულებში გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში.

ლაქტაციის პერიოდი

არ არსებობს აზითრომიცინის დედის რძეში გამოყოფის დამადასტურებელი მონაცემები. ვინაიდან ბევრი მედიკამენტი ექსკრეტირდება დედის რძეში, აზითრომიცინის დანიშვნის დროს ექიმმა უნდა შეაფასოს პოტენციური სარგებელი დედისათვის და რისკი ნაყოფისთვის.

ფერტილობა

ფერტილობის კვლევებით ვირთხებზე დადგენილ იქნა დაორსულების სიხშირის დაქვეითება აზითრომიცინის ფონზე. აღნიშნული ფაქტის შესაბამისობა ადამიანის ორგანიზმთან უცნობია.

გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

არ არსებობს მონაცემები აზითრომიცინის გავლენის შესახებ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი ეფექტები

ქვემოთ მოცემულია გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი ორგანოთა სისტემებისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით, კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული დაკვირვების საფუძველზე. პოსტმარკეტინგული კვლევების საფუძველზე გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მოცემულია დახრილი შრიფტით. გამოვლენის სიხშირის მიხედვით გვერდითი მოვლენები იყოფა: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი ((>1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (>1/1000, <1/100), იშვიათი (>1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობი (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სერიოზულობის კლების მიხედვით.

აზითრომიცინის ფონზე განვითარებული გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული დაკვირვების საფუძველზე:

ინფექციები

ნაკლებად ხშირი – კანდიდოზი, ორალური კანდიდოზი, ვაგინალური ინფექცია; უცნობი – ფსევდომონური კოლიტი

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირი – ლეიკოპენია, ნეიტროპენია; უცნობი – თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია

იმუნური სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირი – ანგიოშეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა; უცნობი – ანაფილაქსიური რეაქცია

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევა

ხშირი – ანორექსია

ფსიქიატრიული დარღვევები

ნაკლებად ხშირი – ნევროზულობა; იშვიათი – აჟიტირებული მდგომარეობა; უცნობი – აგრესია, შფოთვა

ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, გემოვნების გაუკუღმართება; ნაკლებად ხშირი – ჰიპესთეზია, სომნოლენცია, ინსომნია; უცნობი – სინკოპე, კრუნჩხვა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, ანოსმია, გემოვნების გაქრობა, პაროსმია, მიასთენია

მხედველობის ორგანოს მხრივ

ხშირი – მხედველობის დარღვევა

ყურისა და ლაბირინთის სისტემის მხრივ

ხშირი – სიყრუე, ნაკლებად ხშირი – სმენის დაქვეითება, ტინიტუსი; იშვიათი – ვერტიგო

გულის მხრივ

ნაკლებად ხშირი – პალპიტაცია; უცნობი – თრთოლვა, არითმია, ვენტრიკულური ტაქიკარდიის ჩათვლით

სისხლძარღვების მხრივ

უცნობი – ჰიპოტენზია

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი – დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, მეტეორიზმი; ხშირი – ღებინება, დისპეფსია; ნაკლებად ხშირი – გასტრიტი, ყაბზობა; უცნობი - პენკრეატიტი, ენის გაუფერულება

ჰეპატო-ბილიარული სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირი – ჰეპატიტი; იშვიათი – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; უცნობი – ღვიძლის უკმარისობა იშვიათად ლეტალური გამოსავლით, ელვისებური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ქოლესტაზური სიყვითლე

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ხშირი – გამონაყარი და ქავილი; ნაკლებად ხშირი – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ფოტოსენსიბილიზაცია, ჭინჭრის ციება; უცნობი – ტოქსიკური ნეკროზული ეპიდერმოლიზი, მულტიფორმული ერითემა

ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

ხშირი – ართრალგია

შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ

უცნობი – თირკმლის მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციული ნეფრიტი

ზოგადი დარღვევები

ხშირი – დაღლილობა; ნაკლებად ხშირი – მკერდის ტკივილი, შეშუპება, უგუნებობა, ასთენია

კვლევები და ლაბორატორიული მაჩვენებლები

ხშირი – ლიმფოციტოპენია, ეოზინოფილია, სისხლში ბიკარბონატების დაქვეითება; ნაკლებად ხშირი – ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას მატება, ალანინ-ამინოტრანსფერაზას მატება, სისხლში ბილირუბინის, შარდოვანას, კრეატინინის დონის მატება, კალიუმის დონის პათოლოგიური მაჩვენებლები; უცნობი – ეეგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივება.

ჭარბი დოზირება

აზითრომიცინის რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები ნორმალური დოზის ფონზე განვითარებულის მსგავსია. მაკროლიდების ჭარბი დოზირების ყველაზე მეტად დამახასიათებელი სიმპტომია სმენის შექცევადი დაკარგვა, მწვავე გულისრევა, ღებინება და დიარეა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში ინიშნება სამედიცინო ნახშირი, სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

ვარგისობის ვადა

გაუხსნელი ბოთლი: 3 წელი.

სუსპენზიის მომზადების შემდეგ: 5 დღე ოთახის ტემპერატურაზე.

შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალური შეფუთვით.

გამოშვების ფორმა

აზიმაკი გამოდის 1500 მგ (37,5 მლ) დოზით.

1500 მგ აზითრომიცინის ეკვივალენტი ფხვნილი მოთავსებულია მინის ბოთლში თეთრი მიხრახნილი თავსახურით, დალუქული უსაფრთხოების რგოლით. 37,5 მლ სუსპენზიის მისაღებად ფხვნილი იხსნება 16,5 მლ წყალში.

ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასა და დოზირებულ შპრიცთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მომზადების წესი

სუსპენზიის მომზადება:

შეანჯღრიეთ მშრალი ფხვნილი.

37,5 მლ (1500 მგ) სუსპენზიის მისაღებად ბოთლის შიგთავსს დაამატეთ 16,5 მლ წყალი.

კარგად შეანჯღრიეთ თეთრი, ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

 

 

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy