Montelukast-5 - მონტელუკასტი-5 5მგ 28 საღეჭი ტაბლეტი
ჩვენებები: ასთმის მკურნალობისათვის კომპლექსური თერაპიის სახით. ასევე, ასთმის პროფილაქტიკისათვის
გამოყენების ინსტრუქცია
მონტელუკასტი
მონტელუკასტი-5
შემადგენლობა: ყოველი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის მონტელუკასტი USP 5.20 მგ-ს, რაც 5.00 მგ მონტელუკასტის ეკვივალენტურია.
მონტელუკასტი-10
შემადგენლობა: ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის მონტელუკასტს 10.40 მგ-ს, რაც 10.00 მგ მონტელუკასტის ეკვივალენტურია.
ფარმაკოთეტაპიული ჯგუფი: ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტები.
ათქ კოდი: R03DC03
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ცისტეინილური ლეიკოტრიენები (LTC₄, LTD₄, LTE₄) ანთების საწინააღმდეგო მძლავრი ეიკოზანოიდებია, რომელთა გამოთავისუფლება სხვადასხვა უჯრედიდან, მათ შორის პოხიერი უჯრედებიდან და ეოზინოფილებიდან ხდება. ეს მნიშვნელოვანი პროასთმური მედიატორები უკავშირდება ცისტეინურ ლეიკოტრიენულ რეცეპტორებს (CysLT). CysLT ტიპი-1 (CysLT₁) რეცეპტორები ნანახია ადამიანის სასუნთქ გზებში (მათ შორის, სასუნთქი გზების გლუვკუნთოვან უჯრედებსა და მაკროფაგებში) და სხვა პროანთებით უჯრედებში (მათ შორის, ეოზინოფილებსა და განსაზღვრულ მიელოიდურ ღეროვან უჯრედებში). CysLTs ასთმისა და ალერგიული რინიტის პათოფიზიოლოგიას უკავშირდება. ასთმის დროს ლეიკოტრიენ-განპირობებული ეფექტები მოიცავს ბრონქოსპაზმს, ლორწოვანი გარსის მიერ სეკრეტის გამოყოფას, სისხლძარღვების განვლადობას, ეოზინოფილების მოზიდვას. ალერგიული რინიტის დროს, CysLTs ალერგენის ზემოქმედების შემდეგ ცხვირის ლორწოვანი გარსიდან თავისუფლდება რეაქციის ადრეული და მოგვიანებითი ფაზების მიმდინარეობისას, იგი ასოცირებულია ალერგიული რინიტის სიმპტომებთანაც. CysLTs-ის ინტრანაზალური სინჯით გამოვლინდა ცხვირის სასუნთქი გზების რეზისტენტობის მომატება და ცხვირით სუნთქვის გაძნელების სიმპტომები.
მონტელუკასტი აქტიური ნივთიერებაა, რომელიც პერორალური მიღებისას მაღალი აფინობითა და სელექტიურობით უკავშირდება CysLT1-რეცეპტორებს. კლინიკურ კვლევებში მონტელუკასტი 5 მგ დოზით განაპირობებდა LTD₄-ის ინჰალაციით განპირობებული ბრონქოსპაზმის ინჰიბირებას. ბრონქოდილატაცია ვლინდებოდა პერორალური მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. β-აგონისტებით გამოწვეული ბრონქების გამაფართოებელი ეფექტის შევსება ხდებოდა მონტელუკასტის ეფექტით. მონტელუკასტით მკურნალობა, ანტიგენური სტიმულაციის გზით, ახდენს ბრონქოკონსტრიქციის როგორც ადრეული, ასევე მოგვიანებითი ფაზის ინჰიბირებას. მონტელუკასტი, პლაცებოსთან შედარებით, მოზრდილი ადამიანებისა და ბავშვების პერიფერიულ სისხლში აქვეითებს ეოზინოფილების დონეს. ცალკეულ კვლევაში მონტელუკასტით მკურნალობა არსებითად აქვეითებდა ეოზინოფილების რაოდენობას სასუნთქ გზებში (განისაზღვრა ნახველის ანალიზის მიხედვით) და პერიფერიულ სისხლში, რითაც აუმჯობესებდა ასთმის კონტროლს.
მოზრდილებში ჩატარებულ კვლევებში მონტელუკასტი დღეში 10 მგ დოზით, პლაცებოსთან შედარებით, დილით ავლენდა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას FEV1 (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 10,4%, 2,7%-თან შედარებით), დილის ამოსუნთქვის მაქსიმალური მოცულობითი სიჩქარის (ამმს) (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 24,5 ლ/წთ, 3,3 ლ/წთ-სთან შედარებით) და β-აგონისტების გამოყენების საერთო მაჩვენებლის მნიშვნელოვან შემცირებას (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება: -26,1%, -4,6%-თან შედარებით). ასთმის დღისა და ღამის სიმპტომების შემსუბუქება, პაციენტების შეფასებით, პლაცებოსთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო.
ზრდასრული პაციენტების მონაწილეობით მიმდინარე კვლევებმა გამოავლინა მონტელუკასტის უნარი, შეავსოს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების კლინიკური ეფექტი (საინჰალაციო ბეკლომეტაზონი + მონტელუკასტის საწყისი მაჩვენებელის %-ული ცვლილება მხოლოდ ბეკლომეტაზონთან შედარებით FEV1-ისათვის: 5,43% 1,04%-თან შედარებით; β-აგონისტების მიღება: -8,70% 2,64%-თან შედარებით). საინჰალაციო ბეკლომეტაზონთან შედარებით (200 მკგ ორჯერ დღეში, სპეისერის მოწყობილობა), მონტელუკასტმა გამოავლინა უფრო სწრაფი საწყისი პასუხი, თუმცა 12-კვირიანი კვლევის მიმდინარეობისას ბეკლომეტაზონი უფრო გამოხატულ საშუალო თერაპიულ ეფექტს ავლენდა (მონტელუკასტისათვის საწყისი მაჩვენებლის %-ული ცვლილება ბეკლომეტაზონთან შედარებით FEV1-ისათვის, შესაბამისად: 7,49% 13,3%-თან შედარებით; β-აგონისტთან შედარებით: -28,28% -43,89%-თან შედარებით). მაგრამ ბეკლომეტაზონთან შედარებით პაციენტთა დიდი ნაწილისათვის, რომელთაც მკურნალობა მონტელუკასტით უტარდებოდა, მიღწეულ იქნა მსგავსი კლინიკური ეფექტი (ე.ი. პაციენტთა 50%-ში, რომლებსაც ბეკლომეტაზონით მკურნალობდნენ, მიაღწიეს FEV1-ს გაუმჯობესებას დაახლოებით 11%-ით და მეტით საწყის მაჩვენებელთან შედარებით, მაშინ, როდესაც პაციენტთა 42%-ში, რომელთაც მკურნალობა მონტელუკასტით უტარდებოდა, იგივე პასუხი იქნა მიღწეული).
ჩატარდა კლინიკური კვლევა, რომლის მიზანი იყო მონტელუკასტის გამოყენების შეფასება სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობისას 15 წლის და უფროსი ასაკის, ასთმისა და თანმხლები სეზონური რინიტის მქონე პაციენტებში. ამ კვლევაში მონტელუკასტმა (10 მგ-იანი ტაბლეტები, დღეში 1 ტაბლეტის მიღებისას), პლაცებოსთან შედარებით, გამოავლინა რინიტის სადღეღამისო სიმპტომების მაჩვენებლის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. რინიტის სადღეღამისო სიმპტომების მაჩვენებელი, რინიტის დღის სიმპტომების (ცხვირით სუნთქვის გაძნელების, რინორეის, ცემინების, ცხვირის ქავილის საშუალო მაჩვენებლები) და ღამის სიმპტომების (ცხვირით სუნთქვის გაძნელების, დაძინების სირთულის, ღამით გამოღვიძებების საშუალო მაჩვენებლები) საშუალო მაჩვენებელია. პაციენტთა და ექიმთა ზოგადი შეფასებები, რომლებიც ალერგიულ რინიტს შეეხება, პლაცებოსთან შედარებით, სტატისტიკურად უკეთესი იყო. ასთმის დროს ეფექტურობის შეფასება ამ კვლევის პირველადი მიზანი არ ყოფილა.
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების მონაწილეობით მიმდინარე 8-კვირიან კვლევაში მონტელუკასტი 5 მგ დღეში ერთხელ დოზით, პლაცებოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა რესპირაციულ ფუნქციას (ფამ1 8,71% _ საწყისი მაჩვენებლის ცვლილების 4.16%-თან შედარებით; დილის ამოსუნთქვის მაქსიმალური მოცულობითი სიხშირის საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 27.9 ლ/წთ _ 17.8 ლ/წთ-სთან შედარებით) და აქვეითებდა β-აგონისტების “აუცილებლობით” გამოწვეული გამოყენების სიხშირეს (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება - 11.7% +8.2%-თან შედარებით).
ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული ბრონქოსპაზმის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი დაქვეითება აღინიშნებოდა ზრდასრულ პაციენტთა მონაწილეობით მიმდინარე 12-კვირიან კვლევაში (ფამ1 მაქსიმალური დაქვეითება მონტელუკასტისათვის 22.33%, პლაცებოსთან შედარებით 32.40%; აღდგენამდე საჭირო დრო საწყისი ფამ1-ის 5% საზღვრებში 44.22 წუთი, 60.64 წუთთან შედარებით). ეს ეფექტი თანმიმდევრული იყო კვლევის 12-კვირიანი პერიოდის მანძილზე. ფდბ-ის (ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოსპაზმი) დაქვეითება გამოვლინდა, ასევე, 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მონაწილეობით ჩატარებულ ხანმოკლე კვლევაში (ფამ1 მაქსიმალური დაქვეითება 18.27% 26.11%-თან შედარებით; აღდგენამდე საჭირო დრო საწყისი ფამ1-ის 5%-ის საზღვრებში 17.76 წუთი, 27.98 წუთთან შედარებით). ორივე კვლევაში ეფექტი გამოვლინდა პრეპარატის დოზირების ინტერვალის ბოლოს (დღეში ერთხელ).
ასპირინისადმი მგრძნობიარე ასთმური პაციენტებისათვის, რომლებიც იმავდროულად საინჰალაციო და/ან პერორალურ კორტიკოსტეროიდებს იღებდნენ, მონტელუკასტით მკურნალობა, პლაცებოსთან შედარებით, ასთმის კონტროლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევდა (ფამ1 საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 8.55% -1.74%-თან შედარებით და β-აგონისტების გამოყენების საწყისი მაჩვენებლის ცვლილება -27.78% 2.09%-თან შედარებით).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
მონტელუკასტი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება. აპკით შემოგარსული 10 მგ-იანი ტაბლეტებისათვის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში აღინიშნება 3 საათის შემდეგ (Tmax) ზრდასრულებში პრეპარატის უზმოდ მიღებისას. პერორალური მიღების დროს ბიოშეღწევადობა საშუალოდ შეადგენს 64%-ს. ჩვეულებრივი საკვების მიღება პრეპარატის პერორალური გამოყენების დროს ბიოშეღწევადობას და Cmax -ზე არ მოქმედებს. უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებული იყო კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც 10 მგ-იან, აპკით შემოგარსულ ტაბლეტებს საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად იღებდნენ.
5 მგ საღეჭი ტაბლეტებისათვის Cmax მიღწევა ზრდასრულებში აღინიშნებოდა უზმოდ პრეპარატის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების დროს, საშუალოდ, შეადგენდა 73%-ს და სტანდარტულ საკვებთან ერთდროული მიღებისას 63%-მდე ქვეითდებოდა.
განაწილება
მონტელუკასტის 99%-ზე მეტი სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება. მონტელუკასტის განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში საშუალოდ 8-11 ლიტრს შეადგენს. ვირთხებზე ჩატარებული კვლევები, რომლებშიც რადიოაქტიურად ნიშანდებული მონტელუკასტი გამოიყენებოდა, ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის შემდეგ მინიმალურ განაწილებას აჩვენებს. ამას გარდა, რადიოაქტიურად ნიშანდებული ნივთიერების კონცენტრაციები დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ ყველა სხვა ქსოვილში მინიმალური იყო.
ბიოტრანსფორმაცია
მონტელუკასტი აქტიურად მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზების გამოყენებით მიმდინარე კვლევებში მონტელუკასტის მეტაბოლიტების კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში ზრდასრულებსა და ბავშვებში წონასწორული მდგომარეობისას აღმოჩენის საზღვრის ქვემოთაა.
ციტოქრომი P450 2C8 წარმოადგენს ძირითად ფერმენტს მონტელუკასტის მეტაბოლიზმში. გარდა ამისა, CYP 3A4 და 2C9-ს შეიძლება ჰქონდეს უმნიშვნელო წვლილი, თუმცა იტრაკონაზოლმა, CYP 3A4 ინჰიბიტორმა, არ აჩვენა მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკური ცვლილება ჯანმრთელ სუბიექტებში, რომლებმაც მიიღეს დღეში 10 მგ მონტელუკასტი. ადამიანის ღვიძლის მიკროსომების ინ ვიტრო კვლევების შედეგებეზე დაყრდნობით, მონტელუკასტის თერაპიული პლაზმური კონცენტრაციები არ აინჰიბირებს ციტოქრომებს P450 3A4, 2C9, 1A2, 2A6, 2C19, ან 2D6-ს. მონტელუკასტის თერაპიულ ეფექტში მეტაბოლიტების როლი მინიმალურია.
გამოყოფა
ჯანმრთელ ზრდასრულებში მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი, საშუალოდ, 45 მლ/წთ-ს შეადგენს. რადიოაქტიურად ნიშანდებული მონტელუკასტის პერორალურად მიღების შემდეგ, რადიოაქტიურობის 86% განავალთან ერთად 5 დღის განმავლობაში გამოიყოფა, <0,2%-ზე ნაკლები კი - შარდთან ერთად. პერორალური მიღების შემდეგ მონტელუკასტის ბიოშეღწევადობის გათვალისწინებით, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები, პრაქტიკულად სრულად, ნაღველთან ერთად გამოიყოფა.
თავისებურებები პაციენტებში
ხანდაზმულ ან მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექციის აუცილებლობა არ არსებობს. თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტთა მონაწილეობით კვლევები არ ჩატარებულა. რადგან მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები ნაღველთან ერთად გამოიყოფა, სავარაუდოდ, თირკმლების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მონტელუკასტის დოზის კორექცია აუცილებელი არ უნდა იყოს. არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მძიმე ფორმის (>9 ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით) მქონე პაციენტებში მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკის შესახებ.
მონტელუკასტის მაღალი დოზების (ზრდასრულებისათვის რეკომენდებულ დოზასთან შედარებით 20-ჯერ და 60-ჯერ უფრო მაღალი დოზები) მიღებისას სისხლის პლაზმაში აღინიშნებოდა თეოფილინის კონცენტრაციის დაქვეითება. ეს ეფექტი არ აღინიშნებოდა პრეპარატის რეკომენდებული დოზის 10 მგ დღეში ერთხელ მიღებისას.
სამკურნალო ჩვენებები:
მონტელუკასტი ნაჩვენებია ასთმის მკურნალობისათვის კომპლექსური თერაპიის სახით იმ პაციენტებში, რომელთაც მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის პერსისტიული ასთმა აღენიშნება და ამ პათოლოგიის კონტროლი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მიღებით არასაკმარისად ხორციელდება, ასევე ამ პაციენტებში ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტების „აუცილებლობით“ გამოწვეული გამოყენება ასთმის საკმარის კლინიკურ კონტროლს ვერ უზრუნველყოფს. ასთმის მქონე ასეთ პაციენტებში, რომელთათვისაც ნაჩვენებია მონტელუკასტი, პრეპარატი სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომების შემსუბუქებასაც განაპირობებს.
მონტელუკასტი ნაჩვენებია, ასევე, ასთმის პროფილაქტიკისათვის, რომლის დროსაც დომინანტური კომპონენტია ფიზიკური დატვირთვით ინდუცირებული ბრონქოსპაზმი.
დოზა და მიღების წესი
რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
მოზრდილებისთვის და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებისთვის: დღე-ღამეში 10 მგ ტაბლეტი მიიღება საღამოს.
6-დან 14 წლამდე ასაკის პედიატრიული პაციენტებისთვის: დღე-ღამეში ერთი 5 მგ საღეჭი ტაბლეტი მიიღება საღამოს.
2-დან 5 წლამდე ასაკის პედიატრიული პაციენტებისთვის: დღე-ღამეში ერთი 4 მგ საღეჭი ტაბლეტი მიიღება საღამოს.
12 თვეზე ნაკლები ასაკის ასთმის მქონე პედიატრიულ პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. ან მიიღება ლიცენზირებული ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
განსაკუთრებული გაფრთხილება და გამოყენების სიფრთხილის ზომები:
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ პერორალური გამოყენების მონტელუკასტი ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ არასოდეს გამოიყენება, მათ თან აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სასწრაფო დახმარების შესაბამისი პრეპარატი. მწვავე შეტევის დროს უნდა გამოიყენონ ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო β-აგონისტები. პაციენტებმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა მიაკითხონ ექიმს საკონსულტაციოდ, თუ მათ ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტი ჩვეულებრივზე დიდი რაოდენობით სჭირდებათ.
მონტელუკასტით საინჰალაციო ან პერორალური კორტიკოსტერიოდების მკვეთრი შეცვლა არ ხდება.
არ არსებობს დამამტკიცებელი მონაცემები, რომ პერორალური კორტიკოსტერიოდების დოზა შეიძლება შემცირდეს მონტელუკასტთან ერთდროული მიღებისას.
ანტიასთმური პრეპარატებით, მათ შორის მონტელუკასტით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს სისტემური ეოზინოფილია, ზოგჯერ ვასკულიტის კლინიკური გამოვლინებებით, რომელიც ჩერჯ-სტროსის სინდრომისთვისაა (მდგომარეობა, რომლის დროსაც მკურნალობა ხშირად ტარდება სისტემური კორტიკოსტერიოდებით) დამახასიათებელი. ეს შემთხვევები ზოგჯერ დაკავშირებული იყო პერორალური კორტიკოსტერიოდების დოზის შემცირებასთან ან მოხსნასთან. თუმცა იმის ალბათობა, რომ ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტები უკავშირდებოდეს ჩერჯ-სტროსის სინდრომის გაჩენას, არც გამორიცხულია და არც დადგენილია. ექიმებს უნდა ახსოვდეთ პაციენტებში ეოზინოფილიის, ვასკულური გამონაყრის, ფილტვისმიერი სიმპტომების გაუარესების, კარდიოლოგიური გართულებების და/ან ნეიროპათიის განვითარების შესაძლებლობის შესახებ. ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პაციენტების განმეორებითი გამოკვლევა და მათი მკურნალობის სქემის გადახედვა.
ასპირინმგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებისათვის მონტელუკასტით მკურნალობა ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების გამოყენების აუცილებლობაზე გავლენას არ ახდენს.
ისეთი იშვიათი თანდაყოლილი დაავადების მქონე პაციენტებმა, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპას ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
მონტელუკასტის მიღება შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან, რომლებიც, ჩვეულებრივ, ასთმის პროფილაქტიკის ან ხანგრძლივი მკურნალობისათვის გამოიყენება. წამალთშორისი ურთიერთქმედების კვლევებში, მონტელუკასტის რეკომენდებული კლინიკური დოზა კლინიკურად არსებით გავლენას არ ახდენდა შემდეგ სამკურნალო საშუალებებზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ეთინილესტრადიოლი/ნორეთინდრონი 35/1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.
სისხლის პლაზმაში მონტელუკასტის კონცენტაციის მრუდის (AUC) ქვეშ არსებული ფართობი დაახლოებით 40%-ით ქვეითდებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად ფენობარბიტალს იღებდნენ. რადგან მონტელუკასტი მეტაბოლიზდება CYP 3A4, 2C8 და 2C9 საშუალებით, მისი დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს, განსაკუთრებით ბავშვებში, როდესაც მონტელუკასტი მიიღება CYP 3A4, 2C8 და 2C9 ინდუქტორებთან, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი.
ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი წარმოედგენს CYP 2C8 ძლიერ ინჰიბიტორს. თუმცა, პრეპარატებთან ურთიერთქმედების იმ კლინიკური კვლევების მონაცემებით, რომლებშიც მონტელუკასტისა და როსიგლიტაზონის (სამკურნალო პროდუქტის სუბსტრატის წარმომადგენელი რომელიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP 2C8- ით) გამოყენება შეისწავლებოდა, გამოვლინდა, რომ მონტელუკასტი არ აინჰიბირებს ინ ვივო CYP 2C8. აქედან გამომდინარე, ნაკლებად მოსალოდნელია რომ მონტელუკასტმა მნიშვნელოვნად შეცვალოს იმ სამკურნალო პროდუტების მეტაბოლიზმი რომლებიც ამ ფერმეტებით მეტაბოლიზდებიან (მაგ: პაკლიტაქსელი, როზიგლიტაზონი და რეპაგლინიდი).
ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის CYP 2C8 სუბსტრატი და 2C9 და 3A4-ის ნაკლებად მნიშვნელოვანი რაოდენობა. თუმცა პრეპარატებთან ურთიერთქმედების იმ კლინიკური კვლევების მონაცემებით, რომლებშიც მონტელუკასტისა და გემფიბროზილის (CYP 2C8 და 2C9 ინჰიბიტორი) გამოყენება შეისწავლებოდა, გამოვლინდა, რომ გემფიბროზილი მონტელუკასტის სისტემურ ექსპოზიციას 4.4-ჯერ აძლიერებს. მონტელუკასტის რუტინული დოზის კორექტირება არ არის საჭირო გემფიბროზილთან ან CYP 2C8 სხვა ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას, მაგრამ ექიმმა უნდა იცოდეს არასასურველი რეაქციების გაზრდის პოტენციალის შესახებ.
ინ ვიტრო მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელი არ არის ნაკლებად ძლიერ CYP 2C8 ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ტრიმეტოპრიმთან) კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთშორისი ურთიერთქმედბის განვითარება. მონტელუკასტის იტრაკონაზოლთან (CYP 3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი) ერთდროული გამოყენებისას მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიციის გაძლიერება არ აღინიშნება.
ორსულობა და ლაქტაცია
გამოყენება ორსულობისას
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ ადასტურებს ორსულობაზე ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე მავნე ზემოქმედებას.
ორსულობასთან დაკავშირებული არსებული შეზღუდული მონაცემების მიხედვით ინფორმაცია არ მიუთითებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს პრეპარატ მონტელუკასტის მიღებასა და მალფორმაციის (როგორიცაა კიდურების დეფექტები) განვითარებას შორის, რომლის შესახებაც იშვიათად ქვეყნდებოდა ცნობები გამოყენების საერთაშორისო პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს.
მონტელუკასტის მიღება შეიძლება ორსულობის პერიოდში მხოლოდ უკიდურესად დიდი აუცილებლობის დროს.
გამოყენება ლაქტაციის დროს
ვირთხებზე ჩატარებულ კვლევებში გამოვლინდა, რომ მონტელუკასტი გამოიყოფა რძეში. უცნობია, გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი ადამიანის რძეში.
მონტელუკასტის მიღება შესაძლებელია ძუძუთი კვების პერიოდში მხოლოდ მაშინ, თუ მისი გამოყენება უპირობოდ აუცილებელია.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
მოსალოდნელი არ არის, რომ მონტელუკასტი იმოქმედებს პაციენტის უნარზე, მართოს ავტოტრანსპორტი ან სხვა მექანიზმები. თუმცა, იშვიათ შემთხვევაში ქვეყნდებოდა ინფორმაცია ძილიანობის ან თავბრუსხვევის შესახებ.
არასასურველი ეფექტები
მონტელუკასტთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, ყელის ტკივილი და რინიტი (ცხვირის შიდა წიაღის ანთება). ასევე შეიძლება აღინიშნოს ხიხინი, ხველა, გამონაყარი, მოუსვენრობა, ტრემორი და გულისრევა. ასევე აღინიშნა ღვიძლის ფერმენტების ზრდა, სუიციდური ქცევა, სითხის შეკავება, დეპრესია და ჰალუცინაციები.
ჭარბი დოზირება:
არ არსებობს სპეციალური ინფორმაცია მონტელუკასტით ჭარბი დოზირების შესახებ. ქრონიკული ასთმის კვლევებში მონტელუკასტს პაციენტებში ნიშნავდნენ 200 მგ/დღეში დოზით 22 კვირის განმავლობაში, ხანმოკლე კვლევებში კი - 900 მგ/დღეში დოზით 1 კვირის განმავლობაში, რასაც კლინიკურად გამოხატული გვერდითი რეაქციები არ ახლდა.
არსებობდა ცნობები მონტელუკასტის დოზის მწვავე გადაჭარბების შესახებ პოსტმარკეტინგული გამოყენებისა და კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას. ისინი მოიცავს ცნობებს ზრდასრულებსა და ბავშვებში 1000 მგ დოზის გამოყენების შესახებ (42 თვის ასაკის ბავშვში დაახლოებით 61 მგ/კგ). აღნიშნული კლინიკური და ლაბორატორიული ცვლილებები ზრდასრულებსა და ბავშვებში უსაფრთხოების პროფილის შესაბამისი იყო. ჭარბი დოზირების უმეტეს შემთხვევებში გვერდითი რეაქციები არ ვითარდებოდა. ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი რეაქციები მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილის შესაბამისი იყო და მოიცავდა მიუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებასა და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ორგანიზმიდან მონტელუკასტი პერიტონეული დიალიზის ან ჰემოდიალიზის ჩატარებისას.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს. ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
14 ტაბლეტი ალუ-ალუ ბლისტერზე, 2 ბლისტერი ერთ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
DRUG INTERNATIONAL LIMITED.
252, TONGI INDUSTRIAL AREA,
ტონგი, გაზიპური, ბანგლადეში
Units | 28 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account