გავრცელებული მითები ორსულობისა და მშობიარობის შესახებ

საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები ნაყოფისა და დედის ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში.

 

 ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში განსაკუთრებული პერიოდი ორსულობა, მოვლენა კი მისი დაგვირგვინება - მშობიარობაა. საუბრის გარეშეც ადვილად მიხვდებით, რომ ამ ფიზიოლოგიური პროცესების ნორმალურად წარმართვისთვის ოქროს ფორმულა არ არსებობს, საჭიროა კომპლექსური მიდგომა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, რაც თავიდან აგარიდებთ მთელ რიგ პრობლემებს.

 პირველი ორსულობისას მღელვარება ერთი ათად იმატებს და შესაძლოა საკუთარი მეან-გინეკოლოგის კომპეტენციაში სრულიად დარწმუნებული პაციენტიც კი, გახდეს საზოგადოებაში გავრცელებული არასწორი წარმოდგენების მსხვერპლი. მითები უკავშირდება როგორც მომავალი დედის ფიზიკურ აქტივობას, ასევე კვებისა თუ ნორმალური ცხოვრების რეჟიმს. მაგალითად, რამდენად ხშირად მოგისმენიათ ფრაზები „ორის ნაცვლად უნდა მიირთვა“, „შენ არა - ბავშვს სჭირდება“?! და რამდენად ხშირად მიგიღიათ გადაწყვეტილება თქვენი ნაყოფის სასარგებლოდ? რეალურად კი ეს ყველაფერი არათუ სასიკეთო, არამედ საზიანოც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

კვების რეჟიმი და ორსულობა

ჯანმრთელი ადამიანის სრულფასოვანი რაციონი დღის მანძილზე მიღებულ 1800-2000 კალორიას გულისხმობს. მისი მთავარი წყარო კი მაღალი კვებითი ღირებულებების მქონე ჯანსაღი პროდუქტებია. ხილით, თერმულად დაუმუშავებელი ბოსტნეულით, ცილითა და სასარგებლო ცხიმებით შედგენილი რაციონი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოდიფიკაციას მაშინაც კი, თუ თქვენს ორგანიზმში ახალი სიცოცხლე იწყება. ნაყოფის განვითარებისთვის სრულიად საკმარისია 300-400 კალორია დღიურად, რომლის მიწოდებაც ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების გამდიდრებით შეგიძლიათ. არა, თქვენ არ ჭამთ ორის ნაცვლად! პირიქით, გადამეტებული კვებისას შესაძლოა ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ, რაც არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, არამედ რადიკალურად ცვლის მშობიარობის გეგმებს, რადგან ნორმაზე ზედმეტად დიდი ნაყოფის განვითარების შემთხვევაში საკეისრო კვეთის აუცილებლობა დადგება.

 

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წარმოდგენაა საზოგადოებაში, თუმცა პსპს რუბრიკაში „იზრუნე ჯანმრთელობაზე“, ცნობილი მეან-გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე „მითების“ ყველა კატეგორიას მიმოიხილავს და გაგიზიარებთ რეკომენდაციებს ჯანმრთელი ორსულობისა და მარტივი მშობიარობისთვის.