ყველაფერი, რაც ჩვილის კვებაზე უნდა იცოდეთ

"ჩვილი ბავშვის კვება (ძუძუთი და დამატებითი კვება / კვების რუტინა /ბავშვის სწორად დაჭერა)"

იცოდით, რომ 1989 წელს ხელი მოეწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას ბავშვთა უფლებების შესახებ, რომელსაც დღეს 140 ქვეყანა უერთდება?

დოკუმენტით გასაზღვრულია ფუნდამენტური საკითხები, მათ შორის ისიც, რომ ყველა ჩვილს აქვს უფლება ჰქონდეს წვდომა სრულფასოვან კვებაზე. და მაინც, რას მოიცავს აღნიშნული თემა?

 

WHO- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და UNICEF-ის გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციებია:

დაბადებიდან 1 საათში დაიწყოს ძუძუთი კვება
გაგრძელდეს ექსკლუზიურად 6 თვის მანძილზე
6 თვის ასაკის შემდგომ, დაემატოს რაციონს უსაფრთხო, საკვები ღირებულებით ადეკვატური დამატებითი საკვები. აღნიშნული რეჟიმი უნდა იყოს დაცული მინიმუმ 2 წლამდე
ძუძუთი კვება

6 თვის განმავლობაში ექსკლუზიურ ძუძუთი კვებას ბევრი სარგებელი მოაქვს ჩვილისა და დედისთვის. მათ შორის მთავარია დაცვა კუჭ-ნაწლავისა და სასუნთი გზების ინფექციებისგან. სწორედ ამიტომ უნდა დაიწყოს ძუძუთი კვება დაბადებიდან არაუგვიანეს ერთ საათში.

დედის რძე ასევე წარმოადგენს ენერგიისა და საკვები ნივთიერებების მნიშვნელოვან წყაროს 6-23 თვის ასაკის ბავშვებისთვისაც.  მას შეუძლია უზრუნველყოს ბავშვის ენერგეტიკული მოთხოვნილების ნახევარი ან მეტი 6-დან 12 თვემდე, ხოლო ენერგიის მოთხოვნილების მესამედი 12-დან 24 თვემდე. დედის რძე ასევე არის ენერგიისა და საკვები ნივთიერებების მნიშვნელოვანი წყარო ავადმყოფობის დროს და ამცირებს სიკვდილიანობას არასრულფასოვანი კვების მქონე ბავშვებში.

ის შეიცავს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, წყალს, მინერალებს, ვიტამინებსა და ფერმენტებს.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ საკმარისი კალორაჟის, არამედ სითხის მიწოდება ხდება დედის რძით და ჩვილის საჭიროებას არ წამოადგენს დამატებით წყლის მიღება.

 

დამატებითი კვება

დაახლოებით 6 თვის ასაკში ჩვილის მოთხოვნილება ენერგიითა და საკვები ნივთიერებებით აღემატება დედის რძით მოწოდებულს და ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭიროა დამატებითი საკვები. აღნიშნული რეკომენდაციის უგულებელყოფით შესაძლოა შეფერხდეს მისი ზრდა-განვითარების პროცესი.

დამატებითი კვების სახელმძღვანელო პრინციპებია:

-         ნუ შეწყვეტთ ძუძუთი კვებას, განაგრძეთ ის არაექსკლუზიურად 2 წლამდე (მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა მეტიც იყოს საჭირო);

-         შეასრულეთ ერთგვარი კვებითი ვარჯიშები (მიაწოდეთ ჩვილს საკვები  ნელა, აუჩქარებლად, დაძალების გარეშე, ესაუბრეთ მას და აუცილებლად დაამყარეთ კონტაქტი მზერით);

-         დაიცავით სათანადო ჰიგიენა;

-         დაიწყეთ 6 თვიდან მცირე რაოდენობის საკვებით და  ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად თანდათან გაზარდეთ ულუფაც;

-         პერიოდულად გაამრავალფეროვნეთ, როგორც საკვები, ასევე მისი კონსისტენციაც;

-         მოუხშირეთ ბავშვის კვებასაც, ის უნდა ადაპტირდეს ასაკთან:

-         იდეალურია შემდეგი სქემა: 2-3 კვება დღეში 6-8 თვის ჩვილებისთვის და 3-4 კვება 9-23 თვის ჩვილებისთვის, საჭიროებისამებრ 1-2 დამატებითი საჭმლით;

-         ავადმყოფობის დროს გაზარდეთ სითხის მიღება, მათ შორის ძუძუთი კვებაც. შესთავაზეთ ბავშვს რბილი, მისთვის საყვარელი პროდუქტები.

ჩვილის სწორად დაჭერა

ძუძუთი კვებისას ბავშვი გრძნობს დედასთან სიახლოვეს და განსაკუთრებულ სითბოს, რაც ეხმარება ემოციურ თუ ფიზიკურ განვითარებაში. ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებს კანი-კანთან, ანუ ძალიან ახლო კონტაქტი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კვებისას ახალშობილის სწორი დაჭერა და შესაბამისად, ძუძუზე მოჭიდება. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდებული პოზების მთელი სია არსებობს, რეალურად, მთავარია რა არის დედისა და ახალშობილისთვის კომფორტული, ამიტომ აჯობებს იმ ნიშნებზე ვისაუბროთ, რომელიც მდგომარეობის სისწორეს განსაზღვრავს.

-         კვებისას უნდა იგრძნობოდეს კანი-კანთან კონტაქტი მთელ სხეულზე, ანუ ბავშვი მოახლოებული უნდა იყოს დედასთან

-         არ უნდა შფოთავდეს

-         მთელი სხეულით შემოტრიალებული იყოს თქვენსკენ და არა პირიქით

-         პროცესის მიმდინარეობისას არ უნდა განიცდიდეთ ტკივილს

-         ბავშვი არ უნდა წყვეტდეს პროცესს დისკომფორტის გამო და პირი ფართოდ უნდა ჰქონდეს ღია

რა თქმა უნდა, ზემოთ აღნიშნული პროცესი შეგრძნების დონეზეა და დედა ყველაზე უკეთ ხვდება, თუ როდის არის მისი ჩვილი კმაყოფილი.

ძუძუთი კვება ის საჩუქარია ბუნებისგან, რომლის გამოყენებაზეც არც თავად უნდა თქვათ უარი და არც თქვენს პატარებს უნდა მოაკლდეთ ეს სიამოვნება. რაც მთავარია, დედის რძე უნიკალური სითხეა, რომელიც მთელი ცხოვრება დაიცავს შვილს.