კანის ტიპები და შესაბამისი მოვლა

 

ყველაფერი, რაც კანის ტიპების შესახებ უნდა იცოდეთ

 ცხიმიანი, მშრალი, კომბინირებული თუ მგრძნობიარე?! განსაზღვრეთ საკუთარი კანის ტიპი და შეადგინეთ შესაბამისი რუტინა.

 ათეული წლის წინ კორეელი ქალების მარმარილოსებრი კანის საიდუმლოდ მხოლოდ მათი ცხოვრების წესი და იდეალური კვების რეჟიმი მოიაზრებოდა. ძალიან მალე ყველაფერს ფარდა აეხადა, თავის ადგილას დალაგდა ან იქნებ კიდევ უფრო აირია, რადგან მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა კორეელების კანის მოვლის მრავალსაფეხუროვანი რუტინა. ის იცვლება კანის ტიპების, სეზონების და პირადი პრეფერენციების მიხედვით.

პსპ-ს ბლოგში „იზრუნე სილამაზეზე“ თქვენი კანის ტიპისთვის შესაბამის მოვლის რეჟიმს აღმოაჩენთ და მიიღებთ რჩევებს დერმატო-კოსმეტოლოგ ქეთევან ხიშტოვანისგან.

პირველ რიგში, როგორ განვსაზღვროთ ჩვენი კანის ტიპი?

 რა თქმა უნდა, ყველაფერი მარტივადაა თუ დიაგნოსტიკურ აპარატთან, შესაბამისად კოსმეტოლოგის კაბინეტთან წვდომა შეზღუდული არ გაქვთ, მაგრამ იმ შემთხვევათი თუ სახლის პირობებში გსურთ დაადგინოთ საკუთარი კანის ტიპი და შეირჩიოთ სწორი პროდუქტები, ჩვენ შემდეგ დავალებას გისახავთ:

გაღვიძებისთანავე დაიბანეთ სახე ნელ-თბილი წყლით, ნუ დაიტანთ სპეციალურ საშუალებებს, შემშრალდით მსუბუქად და განაგრძეთ დილა ჩვეულ რეჟიმში:  ისაუზმეთ, მიირთვით გემრიელი ყავა და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ დაუბრუნდით სააბაზანოს.

ექსპერიმენტის სრულყოფისთვის დაგჭირდებათ ჩვეულებრივი ქაღალდის ხელსახოცი, რომელსაც მსუბუქად დაიდებთ სახის სხვადასხვა მონაკვეთზე.

·         თუ ხელსახოცი მხოლოდ შუბლის, ცხვირისა და ნიკაპის ზონაზე დასველდა ცხიმით - თქვენ კომბინირებული კანი გაქვთ.

·         თუ ხელსახოცი სრულიად მშრალია - ლოგიკურია, რომ თქვენ მშრალი კანის პატრონი ბრძანდებით.

·         თუ ხელსახოცი სხვადასხვა ზონაზე დაინამა - მეტად სავარაუდოა, რომ  ცხიმიანი კანი გქონდეთ.

გამაღიზიანებელი ფაქტორების მომრავლებასთან ერთად, გაჩნდა კანის კიდევ ერთი ტიპი - სენსიტიური, რომლის მოვლის საშუალებებიც ცალკე გამად არის წარმოდგენილი და ხშირად იწვევს მომხმარებელში მცდარ წარმოდგენებს.  რეალურად, სენსიტიურობა, ანუ მომატებული მგრძობელობა და დისკომფორტი შეიძლება ნებისმიერი ტიპის კანის მდგომარეობად იქცეს. შესაბამისად, ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენს მეგობარს ცხიმიანი, თქვენ კი მშრალი კანი გაქვთ, თუმცა ერთი და იგივე პრობლემა გაწუხებთ.  

ცხიმიანი კანი:

 ხშირად ხუმრობენ, რომ ცხიმიანი კანი არის რთულად მოსარჯულებელი „საჩუქარი“ ბუნებისგან. ეს ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი დებულებები იდეალურად აღწერს რუტინას და თავისებურებებს, რომელიც მუდმივად მბზინვარე კანის პატრონებს ხვდათ წილად.

ნორმალურ პირობებში თქვენი ცხიმოვანი ჯირკვლები აქტიურად მუშაობას და გამოყოფს სებუმს, რომელიც ბრწყინავს სახის სხვადასხვა ზონაზე. ეს რომანტიკა შესაძლოა სულ მარტივად დაირღვეს, თუ წარმოიდგენთ რა გზას გადის ცხიმის მოლეკულა გამოთავისუფლებამდე. მან უნდა გაიაროს სადინრები, შემდეგ ფორები, რომელთა დიამეტრიც გაცილებით ნაკლებია ცხიმის მოლეკულებთან შედარებით, ამიტომ იოლია ე.წ გაჭედვა და ანთებითი პროცესის ფორმირება. თქვენ გრძნობთ დისკომფორტს, სიწითლეს, შესიებას, სიმაგრეს, რომელიც მალე გამონაყარად იჩენს თავს.

თავისებურება:

 ყველაფერს აქვს დადებითი მხარე, მათ შორის იმ ფაქტსაც, რომ ცხიმიანი კანი გაქვთ და რუტინის ჯეროვნად შესრულების გარეშე, შესაძლოა დისკომფორტის გრძნობას განიცდიდეთ, ამავდროულად, მიდრეკილი ხართ აკნესკენ, რაც რა თქმა უნდა ზედმეტ თავსატეხად შეიძლება იქცეს. რეალურად, ცხიმიანი კანი რთულად ნაოჭდება, არ არის მიდრეკილი მიმიკური და ასაკობრივი ხაზებისკენ, შესაბამისად, გვიან ბერდება.

რა უნდა გავითვალისწინოთ რუტინის აწყობისას?

ცხიმიანი კანის მოვლის რუტინაში განსაკუთრებული ადგილი გაწმენდის ფაზას ენიჭება, შესაბამისად, დასაბანი საშუალებების გამოყენება როგორც საღამოს, ასევე დილის რუტინაშია აუცილებელი.

პროდუქტების შერჩევისას ყურადღება მჟავების დიფერენცირებაზე უნდა გავაკეთოთ და აქტივი სწორად შევარჩიოთ.

ბიოლოგიისა და ქიმიის სახელმძღვანელოსკენ თუ წაგიცდათ ხელი, საქმეს ჩვენ გაგიმარტივებთ. ბეტა ჰიდროქსი მჟავას უპირატესობას ანიჭებენ ცხიმიანი, აკნესა და ე.წ შავი წერტილების ფორმირებისკენ მიდრეკილი კანის მქონე ადამიანები.

რატომ?

 მჟავების ამ ტიპს შეუძლია ღრმად შეაღწიოს ფორებში და გაათავისუფლოს თუნდაც დახშული სადინრები. ამასთანავე, ბეტა ჰიდროქსი მჟავას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება, შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს რა იწვევს თქვენს კანზე გამონაყარს - სწორად შერჩეული ამქერცლავი საშუალება აღნიშნულ პრობლემას სამუდამოდ დაგავიწყებთ.

ძირითადი BHA ექსფოლიანტები, რომლებსაც კანის მოვლის საშუალებებში შეხვდებით:

Salicylic acid/ სალიცილის მჟავა: ყველაზე გავრცელებული და ასევე ყველაზე ძლიერი მოქმედებისაა, თუმცა ითვლება ფაქტობრივად უალტერნატივო საშუალებად ვიზუალურად შესამჩნევი ფორებისა და შავი წერტილების საწინააღმდეგოდ.

Betaine salicylate /ბეტაინის სალიცილატი: BHA, რომელიც შედგება სალიცილის მჟავისა და ბეტაინისგან (შაქრის ჭარხლისგან მიღებული დამატენიანებელი ამინომჟავა). ის სალიცილის მჟავის უფრო ნაზი ალტერნატივაა და მწარმოებლის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თანაბრად ეფექტურია. (ბეტაინის სალიცილატის 4% კონცენტრაცია, როგორც ამბობენ, უდრის 2% სალიცილის მჟავას.)

Salix alba ან ტირიფის ქერქის ექსტრაქტი: ბუნებრივი BHA, მიღებული ტირიფის ქერქისგან. სალიცინის შემცველობა გარდაიქმნება სალიცილის მჟავად, მაგრამ ის გაცილებით სუსტია და შედეგის მისაღებად საკმაოდ დიდი დროა საჭირო.

პროდუქტები, რომელსაც უნდა მიანიჭოთ უპირატესობა:

 მეტწილად აღვნიშნავთ, რომ მსგავსი აქტივებით მდიდარი უნდა იყოს დასაბანი საშუალება ან ტონერი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მჟავებით დაკომპლექტებული ფორმულა შედარებით აშრობს სახის კანს, ამიტომ სასურველია T ან რეალურად ჭარბი ცხიმიანობის ზონებზე გამოიყენოთ დილის ან/და საღამოს რუტინაში. უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს!

 რაც შეეხება დამატენიანებელს, აქ ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა, არაკომოდოგენურობაზე კეთდება. კომოდოგენურია პროდუქტი, რომელიც ახშობს ფორებს და აპროვოცირებს გამონაყარს, ამიტომ ცხიმიანი კანის მქონე ადამიანები განსაკუთრებით უნდა ერიდონ მსგავს ინგრედიენტებს როგორც კანის მოვლის, ასევე დეკორატიული კოსმეტიკის საშუალებებში. იმ შემთხვევაში, თუ ფორმულის წაკითხვისას თავად ვერ ამოიცნობთ „მავნებლებს“, ეძებეთ შეფუთვაზე წარწერები: Non-comodogenic, doesn’t clog pores.

და მითები?!

აღნიშნული თემის დასრულება შეუძლებელი იქნება რამდენიმე გავრცელებული მითის დამსხვრევის გარეშე.

1.    ცხიმიან კანს არ ესაჭიროება დამატენიანებელი საშუალება

სამწუხაროდ, ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მავნებლობაა. ბუნებრივი ცხიმი, რომელსაც თქვენი კანი გამოყოფს შესაძლოა ანთების მაპროვოცირებელი გახდეს, ამიტომ ის სათანადოდ უნდა მოიშოროთ და გამოიყენოთ არაშემაწუხებელი, მსუბუქი დამატენიანებელი საცხი აბსოლუტურად სუფთა კანზე.

2.    შეგვიძლია გავხსნათ ან დავხუროთ ფორები

კარგი იქნებოდა ფორებს ჰქონოდათ  სარკმელი, რომელსაც გამოვხსნიდით, თუმცა ორგანიზმი გაცილებით რთულადაა მოწყობილი. ის, რომ დაბინძურებული ფორები, შავი წერტილებით შედარებით უფრო მეტად არის შესამჩნევი, ხოლო სუფთა მდგომარეობაში - ნაკლებად, არ ნიშნავს, რომ გახსნა-დახურვის შედეგია.

3.      და (მ)ჭადის ფქვილი?

მსხვილგრანულოვანი, მექანიკური მოქმედების სკრაბები კაწრავს და აზიანებს კანის დამცავ ბარიერს. შედეგი, რომელსაც ხედავთ მხოლოდ დროებითია და ხანგრძლივ პერსპექტივაში არასახარბიელო ვიზუალს გვპირდება.

რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი უნიკალურია, ამიტომ უნიკალურია ჩვენი კანის ტიპები, პასუხები გარემო გამაღიზიანებლებსა და მოვლის პროდუქტებზე, თუმცა რამდენიმე მარტივი წესის დაცვით და სწორი პროდუქტებით, სას

მშრალი კანი

 „ატაკამა, უდაბნო საჰარა და ჩემი სახის კანი - ყველაზე მშრალი ადგილები დედამიწაზე“- დაახლოებით მსგავს ფრაზებს გაიგებთ აფთიაქში შესული მომხარებლებისგან, რომლებიც ცხიმის ნაკლებ გამოყოფას უჩივიან, განსაკუთრებით კი - ზამთარში.

იცოდით, რომ ჰაერის 8 გრადუს ტემპერატურაზე ჩვენი კანი ფაქტობრივად წყვეტს ცხიმის გამოყოფას? ამიტომ სუსხინი პერიოდი კიდევ უფრო მეტ სტრესს ქმნის ისედაც მშრალი კანი მქონე ადამიანებისთვის.

რატომ?  კანის ზედაპირზე დერმის ღრმა შრეებიდან წყლის მიწოდება ნაკლებია, რის შედეგადაც ვითარდება კოლაგენისა და ელასტინის სტრუქტურის დეგენერაცია, უფრო მარტივად - დეფიციტი. მშრალი კანი ხასიათდება აქერცვლით, გამოშრობით, დაჭიმულობის შეგრძნებით, არაერთგვაროვანი ფერითა და სტრუქტურით, ამიტომ სხვა ტიპის კანთან შედარებით ადრე ნაოჭდება. რა თქმა უნდა, სწორად შერჩეული რუტინა გვერდით მოვლენებს აფერხებს და ახანგძლივებს კოლაგენის გამომუშავების პროცესს.

სანამ საფეხურებსა და შესაბამის პროდუქტებზე გესაუბრებით, რამდენიმე ცნება უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ჩვენი კანის ტიპი, შეიძლება ითქვას, რომ გენეტიკური ფაქტორებიდან გამომდინარეობს და თითქმის უცვლელია მთელი ცხოვრების მანძილზე, გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა, როცა კონკრეტული დაავადების, ჰორმონალური ცვლილებებისა თუ თერაპიების გავლენით კარგავს პირვანდელ სახეს. იმ შემთხვევაში, თუ სიმშრალე სეზონურად ან პერიოდულად გაწუხებთ, საქმე კანის გაუწყლოვებასთან უნდა გვქონდეს.

ასეთი ტიპის კანი დაფარულია მკვდარი უჯრედებით, ამიტომ რთულდება დამატენიანებელი საშუალებების ღრმა ფენებში შეწოვა და შესაბამისი რუტინის დაცვა. სასურველია პრობლემა ჯერ დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში ჩატარებული პილინგებით მოგვარდეს და მხოლოდ შემდეგ შეირჩეს შესაბამისი პროდუქტები.

მშრალი ტიპის კანი შედარებით თხელია, ამიტომ ადვილად ზიანდება. აუცილებელია კარგად იცნობდეთ აქტივებს, რომელსაც იყენებთ. თქვენთვის იდეალური არჩევანი ალფა ჰიდროქსი, ანუ წყალში ხსნადი მჟავებია. მას უპირატესობას ანიჭებენ ძირითადად ისინი, ვისი მთავარი პრობლემებიც გამოწვეულია მზისგან მიღებული დაზიანებით (დეპიგმენტაციით) ან მშრალი კანით, ვინაიდან ის უჯრედებს კანის ზედა ფენებიდან ქერცლავს.

ალფა ჰიდროქსი მჟავებს მიეკუთვნება ლიმონის მჟავა Citric acid  (ციტრუსოვან ხილში), გლიკოლის მჟავა Glycolic Acid (შეგვხვდება შაქრის ლერწმში), რძემჟავა Lactic Acid (შეგვხვდება მაწონში და პომიდვრის წვენში), ვაშლის მჟავა Malic Acid (შევხვილია ვაშლში), ღვინის მჟავა Tartaric Acid(ხვდება ყურძენში) ETC.

როგორ მოქმედებენ აღნიშნული აქტივები ?

ალფა ჰიდროქსი მჟავები მოქმედებენ კანის მკვდარი უჯრედების ზედა ფენების აქერცლის ხარჯზე, მათ ასევე შეუძლიათ გაზარდონ კანის ღრმა ფენების სისქე, რაც აუმჯობესებს დამცავი ბარიერის სიმტკიცეს. აქვე უნდა აღინიშნოთ, რომ აჰა მჟავები ზრდიან მგრძნობელობას ულტრაიისფერი სხივებისადმი, შესაბამისად აუცილებელია SPF საშუალების აქტიური გამოყენება წელიწადის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში.

აქვე, რამდენიმე მარტივი რჩევა მშრალი კანის მოვლისთვის

#1 მიიღეთ დღეში 2 ლიტრი წყალი

მოვლის საშუალებები ვერაფერს გახდება, თუ წყლის ბალანსს არ დაიცავთ ისედაც გამოშრობისკენ მიდრეკილი ორგანიზმის ფარგლებში.

#2 ნუ გამოიყენებთ დასაბან საშუალებებს დილით

მთელი ღამის განმავლობაში აქტიურია სხვადასხვა მეტაბოლური პროცესი. ცხიმიანი კანის მქონე ადამიანები იღვიძებენ მბზინავი სახით, თუმცა თქვენს შემთხვევაში აღნიშნული დისკომფორტი არ გემუქრებათ, შესაბამისად არ არსებობს დასაბანი საშუალების გამოყენების აუცილებლობა.

#3 არ დაგავიწყდეთ ტონირება

მშრალი კანი განსაკუთრებით სუსტია ხისტი წყლის მოქმედების დასათრგუნად, ის ადვილად კარგავს ელასტიურობას და ჩნდება არასასურველი დაჭიმულობის შეგრძნება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ისეთი ტონიკის შერჩევა, რომელიც აღადგენს ბუნებრივ მჟავა-ტუტოვან ბალანსს და მოამზადებს კანსს შემდეგი საფეხურებისთვის.

#4 რა თქმა უნდა - დატენიანება

საცხში უნდა ეძებოთ მსუყე დამატენიანებელი კომპონენტები, მაგალითად ცხიმოვანი მჟავები, კერამიდები, ჰიალურონი, გლიცერინი და თუ აქერცვლად კანზე ვსაუბრობთ - შარდოვანაც კი. არ დაგავიწყდეთ, იმისთვის, რომ თქვენი კანის ბუნებრივი ტენიანობა ნაკლებად დაკარგოთ, სახის დაბანიდან 10 წამიანი წესი უნდა შეინარჩუნოთ, ანუ დაიტანოთ დამატენიანებელი საცხი ჯერ კიდევ ნამიან კანზე. ასე მკვეთრად გაზრდით მისი მოქმედების ეფექტურობას.

#5 მოერიდეთ გამაღიზიანებელ კომპონენტებს

თხელი კანი კიდევ უფრო მძაფრად რეაგირებს არასასურველ ინგრედიენტებზე. სასურველია, მოერიდოთ პარფიუმსა და ალკოჰოლს, ასევე პარაბენებს, ფტალატებს, სულფატებს, პროცედურებიდან, დიდი შერჩევით კეთდება პილინგები

 არავინ იცის, რომელია კანის საუკეთესო ტიპი ან რუტინის ყველაზე ოპტიმალური წყობა. ფაქტია, რომ ყველაფრის გასაღები საკუთარ თავზე ზრუნვასა და ჩვენივე ორგანიზმის მოსმენაშია. შესაბამისად, ნუ დავიშურებთ დროსა და ენერგიას იმ ჰარმონიის მისაღებად, რომელიც განსაკუთრებით გვესაჭიროება.

1.    არ დაგავიწყდეთ ორფაზიანი წმენდა

ცხიმი - ცხიმს შლის. შესაბამისად, საღამოს რუტინა აუცილებლად უნდა იწყებოდეს ზეთოვან ბაზაზე დამზადებული საშუალებით, იქნება ეს ბალმი, ბიფაზური გამწმენდი თუ ზეთოვანი მიცელარული წყალი. ასე ადვილად დაშლით წყალგამძლე მზისგან დამცავს, მაკიაჟს და თქვენს ბუნებრივ ცხიმსაც კი.

შემდეგი საფეხური - წყლის ბაზაზე დამზადებული საშუალებით ჭუჭყის, მტვრის ნაწილაკების, მაკიაჟისა და ცხიმის ნარჩენის მოშორებაა. აქაც არჩევნის სრულ თავისუფლებას გთავაზობთ. პროდუქტი შეიძლება იყოს წარმოდგენილი გელის, ქაფის ან სხვა, თქვენთვის უფრო კომფორტული სახით.

2.    ტონირება

ნებისმიერი ტიპის კანის მოვლისას უნდა გვახსოვდეს, რომ წყალი, რომლის გარეშეც სახის წმენდა შეუძლებელია, საკმაოდ ხისტია. ჩვენი კანი ბუნებრივად „მჟავეა“, ამიტომ მისი Ph ბალანსის დარღვევა საკმაოდ მარტივია. არსებობს მარტივი გამოსავალი იმისთვის, რომ ამ პროცესის თანმდევი დისკომფორტები თავიდან აიცილოთ. აუცილებლად გამოიყენეთ ტონერი!

ტონერი ერთი შეხედვით წყლის მსგავსი, ბლანტი, გამჭვირვალე ან ნახევრად-გამჭვირვალე სითხეა, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების მიხედვითაა ფორმულირებული, თუმცა ერთ საჭიროებას აგვარებს: აღადგენს კანის დარღვეულ მჟავა-ტუტოვან ბალანსს, შესაბამისად, უბრუნებს მას ელასტიურობას.

ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი bha ანუ ბეტა-ჰიდროქსიდ მჟავებს შეიცავდეს. ეს მჟავები ცხიმში ხსნადია, შესაბამისად, იდეალურად აღწევს ფორებში, ასუფთავებს მათ და შლის „საცობების“, გამონაყარის წარმოშობის წინაპირობას. ასევე, ყველაზე ცნობილი ბეტა-ჰიდროქსიდ მჟავა - სალიცილი - ეფექტურია შავ წერტილებთან საბრძოლველად. მისი ყოველდღიური გამოყენება მკვეთრად ამცირებს ზომაში ფორებს და ვიზუალურად ფაქტობრივად შეუმჩნეველს ხდის.

3.    შრატი

შრატი, სერუმი, ამპულა - დასახელებების მრავალფეროვნება უმეტესად ერთი და იგივე პროდუქტზე სასაუბროდ გვჭირდება. შრატები ძლიერ კონცენტრირებული პროდუქტებია, რომლებიც ჭარბად შეიცავენ აქტიურ ინგრედიენტებს. დაბალი მოლეკულური წონის გამო ადვილად გადალახავენ კანის დამცავ ბარიერს და აზლიერებენ რუტინის მომდევნო ნაბიჯების ეფექტურობას.