პირველადი დახმარება - საჭირო რჩევები!
როგორც ამბობენ, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა შეძლოს გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა სხვა ადამიანებისთვის, რადგან ასე მრავალი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.
პირველადი დახმარების ცოდნა სხვა ადამიანების გადარჩენისკენ გადადმული ნაბიჯია, რომელიც მრავალ ქვეყანაში სასკოლო საგნად ისწავლება და პერიოდული, სავალდებულო გადამზადებით იხვეწება. რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის გარეშე სხვა პირები უძლურები არიან, თუმცა სტატისტიკა ამტკიცებს, რომ ყოველწლიურად ათასობით ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი დროულად აღმოჩენილი პირველადი დახმარების საშუალებით, უფრო ზუსტად კი ბრიტანელებმა დათვალეს და აღმოაჩინეს, რომ ეს რიცხვი 140, 000 ადამიანს შეადგენს.
მაგალითად, გიფიქრიათ, რომ დახრჩობისას, სასუნთქი გზების გადაკეტვის შედეგად სიკვდილი 4-5 წუთში დგება, მაშინ, როდესაც სასწრაფო დახმარების ადგილზე მოსვლას მინიმუმ 8-10 წუთი სჭირდება? ლოგიკურად, ასეთ დროს გადამწყვეტი გარშემომყოფთა დროული მოქმედებაა.
დღეს რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გაგიზიარებთ, თუმცა შესაბამისი გადამზადების გავლას ვუწევთ რეკომენდაციას:
ა) თუ თქვენს თვალწინ ადამიანმა გონება დაკარგა და ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია მოთავსებული ძირს, პირველ რიგში, გადაუწიეთ უკან თავი და გაუთავისუფლეთ ქვედა ყბა. ზურგზე მწოლიარე ადამიანს სასუნთქი გზები ეკეტება, ამიტომ მათ გახსნაზე რაც შეიძლება სწრაფად უნდა იზრუნოთ.
1. რა თქმა უნდა, უნდა დააკვირდეთ დაზარალებულის სუნთქვას, დაუგდოთ მას ყური დაახლოებით 10 წამის განმავლობაში. პარალელურად, სასწრაფო დახმარებას თავად დაურეკოთ ან სხვა ადამიანს სთხოვოთ ამის გაკეთება.
2. მოათავსეთ ადამიანი მყარ ზედაპირზე, გაუთავისუფლეთ გულ-მკერდის არე და დაიწყეთ გულის მასაჟი.
3. შეარჩიეთ მასაჟის სწორი რიტმი, დაწოლის სიღრმე 5-6 სანტიმეტრი უნდა იყოს, სიხშირე კი წუთში 100-120.
4. 30 დაწოლის შემდგომ 2 ხელოვნური სუნთქვის გაკეთებაა საჭირო.
ბ) თუ ცხვირიდან სისხლმდინარე ადამიანმა მოგმართათ, პირველ რიგში, დასვით და თავი წინ დაუხარეთ. დაადეთ ცივი კომპრესი კეფასა და ცხვირზე. აქტიურად ამოწმეთ მდგომარეობა 10 წუთის მანძილზე;
გ) მოტეხილობის შემთხვევაში მთავარი რჩევა - კიდურის იმობილიზაციაა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ეჭვი ასეთ სერიოზულ ტრავმაზე გაქვთ, უნდა მოიძიოთ არტაშანი ან თავად დაამზადეთ ის მყარი საგნისგან.
მნიშვნელოვანია, რომ დაზიანებულლი უბნის ორი მეზობელი სახსარი უძრავად დააფიქსიროთ და ასე დაელოდოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას.
დ) ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში პირველ რიგში ჭრილობის ადგილი უნდა გასუფთავდეს. რა თქმა უნდა, არ უნდა შეეხოთ ამ უბანს ხელით, თუმცა აუცილებლად უნდა მოაშროთ მას ზედმეტი ელემენტები, მათ შორის ტანსაცმელი. სასურველია თუ ამ პროცედურისთვის რეზინის ხელთათმანს გამოიყენებთ. აუცილებელია საფენითა თუ ბინტით სისხლდენის შეჩერება, ხოლო თუ კიდურზეა საუბარი, ლახტის გამოყენება ჭრილობის ზედა ნაწილში ფიქსაციით. აუცილებლად უნდა დააფიქსიროთ ამ მანიპულაციის ჩატარების დრო და ზუსტად გადასცეთ სასწრაფოს. ისევე როგორც მოტეხილობისას, ძლიერი სისხლდენის შემთხვევაშიც აუცილებელია უძრაობის უზრუნველყოფა.
ე) როგორიც არ უნდა იყოს შემთხვევა, ყოველთვის საჭიროა სწრაფი მოქმედება, პაციენტის მყარ ზედაპირზე მოთავსება, მის გარშემო სასუნთქი სივრცის გამოთავისუფლება, სასწრაფოში დარეკვა და ადეკვატური ინფორმაციის გადაცემა.
ეს და სხვა პრაქტიკული ცოდნის ელემენტები დაგეხმარებათ გაუწიოთ პირველადი დახმარება მათ, ვისაც ეს სჭირდება. შესაძლოა სწორედ თქვენ გადაარჩინოთ მათი სიცოცხლე მაშინ, როცა სულაც არ ელით ამას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account