სახის ნიღბების მნიშვნელობა და სახეობები
როგორ შევარჩიოთ სახის ნიღაბი სწორად?
სახის ნიღბების არჩევანი თანამედროვე კანის მოვლის ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა საინტერესოა, რომელი ტიპის საშუალებას საჭიროებს თქვენი კანი?
დაგვეთანხმებით, რომ სახის მოვლის ყოველდღიური რუტინის ჩატარება ერთგვარ აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა კვირაში რამდენჯერმე საკუთარი თავის განებივრება და დამატებითი პროცედურების ჩატარება გვინდება. რა თქმა უნდა, მსგავსი მანიპულაციებისთვის კოსმეტოლოგის კაბინეტი საუკეთესო ადგილს წარმოადგენს, მაგრამ თავისუფლად შეიძლება იგივე შედეგი თუ სიამოვნება სახლის პირობებში მივიღოთ.
ნაჭრის ნიღაბი
კორეელების განსაკუთრებული სიყვარული კანის მოვლისადმი იმდენად ცნობილია, რომ დამატებით ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს. სწორედ მათი გამოგონილია ბოჭკოვანი სტრუქტურის ნაჭერი, გაჟღენთილი სერუმით/შრატით/ამპულით, რომელიც ანაცვლებს დატენიანების ამ საფეხურს და საჭირო ნივთიერებებით ამარაგებს დერმას.
ნაჭრის ნიღაბი სხვადასხვა სასარგებლო ინგრედიენტის შემცველობით - სხვადასხვა ტიპის პრობლემის მოგვარებისადმია ორიენტირებული, თუმცა მისი ძირითადი დანიშნულება კანის დატენიანებაა. შესაბამისად, უნდა მოირგოთ საშუალება სახეზე, დაელოდოთ 15-20 წუთის მანძილზე მის შეშრობას, ამის შემდგომ მოიხსნათ ნაჭერი სახლიდან და დარჩენილი სითხე მასაჟის მოძრაობებით შეიზილოთ სახის კანზე. პროდუქტი არ საჭიროებს ჩამობანას, მისი შემდგომი საფეხური დამატენიანებელი კრემია.
მისი ეფექტურობა არა მხოლოდ შრატისა თუ ამპულის მაღალი შემცველობითაა განპირობებული, არამედ იმ ფაქტორით, რომ ნაჭერი მჭიდროდ ეკვრის სახის კანს და მინიმალურია სასარგებლო ნივთიერებების აორთქლების ალბათობა.
ჩამოსაბანი ნიღბები
დეტოქს ნიღბებს შორის ყველაზე პოპულარული ინგრედიენტი თიხაა, რომელსაც ფერების მიხედვით განარჩევენ.
კაოლინი/თეთრი - აბაზანის ბომბების, კოსმეტიკური საშუალებებისა და საპნების ერთ-ერთი ყველაზე მიღებული ინგრედიენტია. უმეტესად თეთრი შეფერილობის პროდუქტი მშრალი და სენსიტიური კანის დეტოქსისთვისაა კარგი, რადგან ნაკლებად აშრობს კანს.
ვარდისფერი - რკინის ოქსიდის, იგივე რკინის ჟანგის შემცველობის გამო კაოლინის თიხის ნაწილი მუქი ან საშუალოდ ვარდისფერია, ის დიდი რაოდენობით შეიცავს სილიციუმს, რკინას, კალციუმს და იმ ელემენტებს, რომელიც ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ტონუსში მოჰყავს მისი სტრუქტურა.
მწვანე - ფოსფორტი, კობალტი, სპილენძი - მწვანე თიხა მთელი მიქსია კომპონენტების, რომლებსაც მატონიზირებელი მოქმედების გარდა, ძლიერი დეტოქს თვისებები აქვთ. შესაბამისად, მისგან დამზადებული ნიღბები ცხიმიანი ან კომბინირებული (ცხიმიანობისკენ მიდრეკილი) კანისთვისაა განკუთვნილი.
ამას გარდა გავრცელებულია ნაცრისფერი, ცისფერი, ყვითელი თიხები, რომელსაც აერთიანებს რეგენერაციული, გომაჟისა და მკვდარი უჯრედების მოშორების ეფექტი. თითოეული მათგანი საჭიროებს ინსტრუქციის მიხედვით 5-10 წუთით გაჩერებასა და ჩამობანას. უსიამოვნო დაჭიმულობის შეგრძნების დასაძლევად კი ნამიან კანზევე უნდა ჩატარდეს დატენიანების პროცედურები.
ჩამოსაბანი ნიღბების გამოყენება სასურველია კვირაში 2-ჯერ, თუმცა დამატენიანებელი ნაჭრის ნიღბების გამოყენება ყოველ მეორე დღესაც შეგიძლიათ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ კომბინირებული კანის შემთხვევაში სხვადასხვა ზონაზე - სხვადასხვა ტიპის ნიღბის გამოყენებაა სასურველი.
ნიღბები ერთგვარ რიტუალს წარმოადგენს, რომელსაც საკუთარი თავის გასანებივრებლად ვიტარებთ, ამიტომ მათზე უარი არ უნდა ვთქვათ. შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი „დაპირების“ მიხედვით, მოვიდუღოთ ჭიქა ყავა, შევიქმნათ საუკეთესო განწყობა და მშვიდად დაველოდოთ პროდუქტის შედეგს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account