დაემშვიდობეთ პიგმენტურ ლაქებს

შეაჩერეთ ფოტოდაბერება და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ამ მარტივი რჩევების მიხედვით.

 კანი, ჩვენი ყველაზე დიდი და შეიძლება ითქვას - თავისებური ორგანო. ფარავს მთელ სხეულს და არეგულირებს მის სასიცოცხლო ფუნქციებს, მაგალითად, იცავს მას მექანიკური დაზიანებებისგან, ეხმარება სითბოს შენარჩუნებში და რაც მთავარია, ეხმარება მას - შეიგრძნოს. სწორედ კანში განლაგებული ნერვული დაბოლოებების, რეცეპტორების  წყალობით აღვიქვამთ სიცივეს, სითბოს, დამწვრობას, მოყინვას, წვას და იმ ფაქტორებს, რომლებიც გარკვეულ რეფლექსებად კონვერტირდება. და მაინც, როგორია ორგანო, რომელზეც ამდენს ვსაუბრობთ, მაგრამ სიღრმისეულად ფაქტობრივად არ ვიცნობთ?

 

ანატომიურად კანის სამ შრეს განვასხვავებთ: ეპიდერმისი (გარე შრე)დერმა (საკუთრივ კანი) კანქვეშა შემაერთებელი ქსოვილები.

ეპიდერმისი ანუ ზედა შრე- მკვდარი უჯრედებით არის დაფარული და განახლების მთელ ციკლს გადის, რათა ცოცხალი უჯრედები ქვედა შრეებიდან ამოიყაროს. ამ პროცესისთვის დაახლოებით 3-4 კვირა მოიაზრება. სწორედ ამიტომ, მოვლის საშუალებების უმრავლესობის ეფექტურობა, მითუმეტეს ექსფოლიანტების - 28 დღით არის განსაზღვრული. ეს პერიოდი გჭირდებათ იმისთვის, რომ თვალსაჩინო გახდეს თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის მოქმედება. ეპიდერმისში გახლავთ კანის დამცავი ბარიერი, ფორები. აქვეა მელანოციტები, სპეციალური უჯრედები, რომლებიც კანის ფერს წარმოქმნიან და რომელთა დაზიანებითაც ფოტოდაბერება პროვოცირდება.


დერმა ანუ საკუთრივ კანი აგებულია შემაერთებელი ქსოვილისგან. აქ მოთავსებულია ლიმფური სადინრები, თმის ბოლქვები, ჩანთები, თმის კუნთები, საოფლე ჯირკვლები და სადინარები, ცხიმოვანი ჯირკვლები, სისხლძარღვები, დერმაშია რქოვანი წარმონაქმნები: თმები და ფრჩხილები.

კანქვეშა ცხიმოვანი შრეს კანქვეშა უჯრედისსაც უწოდებენ. იგი საკვები ნივთიერებებისა და ენერგიის საცავია.

 

 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეპიდერმისში უმნიშვნელოვანესი უჯრედები - მელანოციტებია განთავსებული. სწორედ აქ ხდება პიგმენტ მელანინის გამომუშავება, რაც ნათლად ჩანს გარუჯვის ან მის წინმსწრებ, კანის დაწვის ფაზაში. ის, რომ ჩვენი კანი ყავისფრად იფერება, დამცავი მექანიზმის ამუშავებად უნდა აღვიქვათ, რადგან მელანინი შთანთქავს ჭარბ ულტრაიისფერ სხივებს და იცავს კანს პირდაპირი დამწვრობისგან. არსებობს აღნიშნული პროცესის დისფუნქციის შემთხვევები.  

 

შეგიმჩნევიათ, რომ ჩვენი ოჯახის შედარებით ასაკოვანი წევრები ვერ იხსენებენ როდის გაუჩნდათ სხეულზე ესა თუ ის თეთრი ან ყავისფერი ლაქა? ვერ იხსენებენ ვერც ფაქტორს, რომელმაც აღნიშნული განაპირობა. ყველაფერი მარტივადაა. მელანინი სხეულის თითოეულ ნაწილზე თანაბრად გამომუშავდება, თუმცა ულტრაიისფერი ცსხივების ჭარბი აბაზანების, მზისგან დამცავის უგელებელყოფის, სხვადასხვა ფოტოსენსიტიური მედიკამენტის გამოყენებისა თუ ჰორმონალური დისბალანსისგან შესაძლოა დაირღვეს აღნიშნული ფუნქცია სხეულის სხვადასხვა ზონებზე და მელანინის ჰიპერ ან ჰიპოსეკრეცია მოხდეს. ამის მიხედვით ვხვდებით ყავისფერ ან თეთრ პიგმენტურ ლაქებს.

 

ფოტოდაბერების საპრევენციოდ რამდენიმე რჩევა არსებობს:

 

-         გაირუჯეთ დღის უსაფრთხო პერიოდში 07:00-10:00 17:00-19:00

-         მიიღეთ მზის აბაზანები მხოლოდ მზისგან დამცავის გამოყენებით

-         გამოიყენეთ SPF 30 ყოველ დღე, წელიწადის ნებისმიერ დროს, შენობასა თუ გარე ტერიტორიაზე

-         ნუ ეწვევით სოლარიუმს

-         შეისწავლეთ დანიშნული მედიკამენტების ანოტაცია და მათი ფოტოსენსიტიურობის შემთხვევაში კატეგორიულად მოერიდეთ მზის სხივებს

 

იმ შემთხვევაში, თუ პიგმენტური ლაქები უკვე გაგიჩნდათ და პრინციპში შედარებით გვიანია პრევენციაზე საუბარი, შეგიძლიათ მათი გაქრობა კოსმეტოლოგის კაბინეტში ჩატარებული ქიმიური პილინგით ან შინ ექსფოლიაციით სცადოთ. ასეთ დროს დაზიანებული უჯრედების მოშორება, შესაბამისად ახლით ჩანაცვლება ხდება.

 

პილინგებისთვის საუკეთესო სეზონი შედარებით უმზეო - გვიანი შემოდგონა ან/და ზამთარია. თქვენი კანის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ აჰა ან ბჰა ტიპის მჟავით გაჯერებული პროდუქტი. განსაკუთრებული წარმატებით გლიკოლი გამოირჩევა, რომელიც დაბალი დოზირების საშუალებით უნდა დაიწყოთ, კვირაში მაქსიმუმ ორჯერ, საღამოს რუტინაში. კანი მიეჩვევა პილინგს და შესაბამისად შეძლებთ როგორც დოზის, ასევე მოხმარების სიხშირის გაზრდასაც. ასეთი ტიპის ექსფოლიაცია საღამოს, ლოკალურად, კონკრეტულად პიგმენტურ ლაქაზე მოქმედებით უნდა მოხდეს. პროცედურის მეორე დილას არ დაგავიწყდეთ მზის დამცავის უხვი რაოდენობის დატანა და მისი პერიოდული განახლება.

 

და ბოლოს, მიუხედავად იმისა რომ მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტების გამოყენების ცდუნება საკმაოდ მაღალია, ნუ შეეცდებით პიგმენტური ლაქების გაქრობას შინ დამზადებული მჟავებით: ლიმონით, კურკუმათი ან თავისუფალი სახით ამპულირებული აქტივებით. ჯანმრთელობას გისურვებთ!