თუ თქვენი ჩვილი ხშირად ტირის, შესაძლოა მიზეზი ტიპური კოლიკა იყოს

თუ თქვენი ჩვილი ხშირად ტირის, შესაძლოა მიზეზი ტიპური კოლიკა იყოს

თუ თქვენი რამდენიმე კვირის, ან თუნდაც თვის ჩვილი განუწყვეტლივ ტირის, დისკომფორტს განიცდის, თუმცა ერთი შეხედვით უმიზეზოდ, შესაძლოა საქმე კოლიკასთან გვქონდეს, რომელზეც ვრცლად ექიმი-პედიატრი ცოტნე ბესელია მოგვიყვება

ამოვიცნოთ მდგომარეობა

კოლიკა ეს არის ხშირი, გახანგრძლივებული და ინტენსიური ტირილი ან მოუსვენრობა, რომელიც აწუხებს პრაქტიკულად ჯანმრთელ ჩვილს. ბავშვს ვერ ამშვიდებს რწევა, თეთრი ხმაური ან საყვარელი მელოდია. ეს სტრესი კიდევ უფრო ამძიმებს მშობლის მდგომარეობას, რომელიც ერთის მხრივ ზრუნავს თავისი პატარის კომფორტზე, მეორეს მხრივ კი, განერვიულებულია მუდმივი აურზაურით, რომელიც კოლიკას ახლავს თან.

მიზეზები

კოლიკის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

შესწავლილი შესაძლო ხელშემწყობი ფაქტორები:

•           საჭმლის მომნელებელი სისტემა, რომელიც ბოლომდე არ არის განვითარებული

•           საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ჯანსაღი ბაქტერიების დისბალანსი

•           კვებითი ალერგია ან შეუთავსებლობა

•           ზედმეტი ან რასაკმარისი კვება

•           შაკიკის ადრეული ფორმა

•           ოჯახური სტრესი ან შფოთვა

•           დედის მიერ თამბაქოს მოხმარება ორსულობისას

სიმპტომატიკა

აღნიშნული მდგომარეობა მეწილად 2 კვირის ასაკში ვლინდება და შესაძლოა 4-5 თვემდე გასტანოს.

მასზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია თუ შემდეგი სიმპტომებიდან ერთმა ან რამდენიმე ჩივილმა იჩინა თავი:

·         ინტენსიური ტირილი, რომელიც შესაძლოა ყვირილს ან ტკივილის გამოხატვას ჰგავს

·         ტირილი აშკარა მიზეზის გარეშე, განსხვავებით ტირილისგან შიმშილის გამოხატვის ან საფენის გამოცვლის აუცილებლობისგან

·         აუტანელი მოუსვენრობა ტირილის შემდგომაც კი

·         განმეორებადი ტირილი პროგნოზირებადი პერიოდებით, განსაკუთრებით საღამოს საათებში.

·         სახის ფერის მკვეთრი ცვლილება - გაწითლება, წამოწითლება

·         სხეულის დაძაბულობა, რაც გამოიხატება აწეული ან გამაგრებული ფეხებით, გამაგრებული ხელებით, შეკრული მუშტებით, თაღოვანი ზურგით ან დაძაბული მუცლით

 

ზოგჯერ სიმპტომების შემსუბუქება იგრძნობა მას შემდეგ, რაც ჩვილი გაზს გამოყოფს ან ექნება ნაწლავის მოქმედება. აღნიშნული გაზები იმ ჰაერის შედეგია, რომელსაც ხანგრძლივი ტირილის დროს ყლაპავს.

როდის უნდა ვეწვიოთ ექიმს?

სასურველია, თუ ზემოთ აღნიშნული სიმპტომების განგრძობითი ხასიათის შემთხვევაში ეწვევით პედიატრის კაბინეტს თქვენს პატარასთან ერთად და გამორიცხავთ კოლიკის გარდა სხვა მიზეზებს, როგორიცაა ინფექცია, ყურის ანთება და ასე შემდეგ. დიაგნოზის დასმიდან მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ და დაეხმაროთ ჩვილს მიიღოს დროებითი სიმსუბუქე მაინც მაშინ, როცა კოლიკა აქტიურ ფაზაშია. გარკვეული დროის გასვლის შემდგომ პროცესი ალაგდება და თქვენი პატარა დაიბრუნებს სილაღეს, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ყველა პატარასთვის.